ინკლუზიური ზრდა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომა - ალტერნატივები საქართველოს განვითარების პოლიტიკისთვის

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 16 ოქტომბერი 2015

ავტორი: გიორგი გოთუა

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

შესავალი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განვითარების თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს შორის პოპულარობა ეგრეთ წოდებულმა „ინკლუზიური ზრდის“ მოდელმა მოიპოვა. ამ მოდელმა განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ -ზეც მოახდინა გავლენა. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში „ინკლუზიური ზრდის“ ნეოლიბერალური ინტერპრეტაციაა წარმოდგენილია. დიალოგის გასაფართოებლად განვითარების ალტერნატიული ხედვების შეთავაზება და განხილვა არის საჭირო. ასეთ ხედვას ბრიტანელ-ინდოელი ეკონომისტის, ამარტია სენის, შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომა (Capability Approach; შემდგომში ასევე შომ) გვთავაზობს (Sen, 1999). ამ მიდგომის თანახმად, განვითარების პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ფართო დიალოგს, რომელშიც ექსპერტების და პოლიტიკოსების გარდა, ღარიბები და სხვა გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. წინამდებარე ესსეში ასეთი დიალოგის შესაძლო მახასიათებლებია აღწერილი. ასევე, მოკლედ არის გაანალიზებული ის საკითხები, რომლებიც, შომ-ის მომხრეთა თვალსაზრისით, საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

 

ინკლუზიური ზრდის კონცეფცია

მსოფლიო ბანკის ექსპერტების თანახმად, ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს : 1) ზრდის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას 2) ზრდის შედეგების რაც შეიძლება უფრო ფართო განაწილებას (PREM-Network). პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების, პირველ რიგში კი - ადამიანური რესურსების - მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს. ინკლუზიური განვითარების მოდელი განსხვავდება ე.წ. ღარიბებზე ორიენტირებული ზრდის მოდელისგან. მთავარი განსხვავება ეკონომიკური ზრდისთვის პრიორიტეტის მინიჭებაში მდგომარეობს (Saad-Filho, 2010), მაშინ, როდესაც ღარიბებზე ორიენტირებული ზრდის მოდელი რედისტრიბუციის და ზრდის იმპერატივების შეთანხმებას ცდილობს.

 

შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომა

ინკლუზიური ზრდის მომხრეებისგან განსხვავებით, შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომის მომხრეები ყურადღებას ადამიანების შესაძლებლობების ზრდაზე ამახვილებენ. საუბარია ორი ტიპის შესაძლებლობაზე - ა) შესაძლებლობაზე მიაღწიო და შეინარჩუნო შენთვის სასურველი ფიზიკური ან სულიერი მდგომარეობა ბ) შესაძლებლობაზე ჩაერთო სასურველ საქმიანობაში (Sen, 1988).

 

შესაძლებლობების განსახორციელებლად, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს სხვადასხვა რესურსები სჭირდებათ. საჭირო რესურსები განსხვავდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, განსხვავება სასტარტო პირობებში, განსხვავება ცხოვრებისეულ მიზნებსა და პრიორიტეტებში და განსხვავება ე.წ. „გამოყენების ფუნქციის“ თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი ცნება სხვადასხვა ადამიანებს შორის ერთი და იმავე რაოდენობის და სახის რესურსების ათვისების განსხვავებულ უნარზე მიუთითებს.

 

განვითარების პროცესს სენი პირველ რიგში ხედავს, როგორც ღარიბების შესაძლებლობის ზრდას. დემოკრატიული პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება სხვადასხვა ჯგუფების პრიორიტეტებს შორის. სწორედ ეს კონსესუსი უნდა დაედოს საფუძვლად განვითარების პოლიტიკას.

 

„საქართველო 2020“ და ინკლუზიური ზრდა

„საქართველო 2020“ მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს ე.წ. ინკლუზიური ზრდის მოდელის საქართველოს შემთხვევისთვის მორგების მცდელობას. ეს ეხება დოკუმენტის როგორც შინაარსობრივ, ისე მეთოდოლოგიურ მხარეს. ინკლუზიური ზრდის მოდელის გამოყენება, სავარაუდოდ, დოკუმენტის შექმნაზე პასუხისმგებელი ჯგუფის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობით შეიძლება აიხსნას.

 

ასევე, შეიძლება ითქვას, რომ „საქართველო 2020“-ის შემქმნელებზე ნეოლიბერალურმა თეორიებმაც იქონია გავლენა. დოკუმენტის თანახმად, განვითარების პროცესში წამყვანი როლი ბაზარს ეკუთვნის. ინკლუზიური ზრდის მომხრე იმ ეკონომისტების შეთავაზებები, რომლებიც, დღევანდელთან შედარებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს მეტი ჩარევისკენ არის მიმართული, დოკუმენტში პრაქტიკულად იგნორირებულია. მათ შორისაა პროგრესული გადასახადის შემოღების შესაძლებლობა, მსხვილი ინდუსტრიის განვითარებაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, კრიზისების პერიოდში დეფიციტური ხარჯების გაწევის შესაძლებლობა და სხვა.

 

„საქართველო 2020“ და შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომა

კონცეფცია, რომელსაც „საქართველო 2020“ ეფუძნება, შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „საქართველო 2020“ ეფუძნება აზრს, რომ განვითარება შეგვიძლია გავაიგივოთ ეკონომიკურ ზრდასთან, ხოლო ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ტიპის პრობლემებს მიეკუთვნება, რომელთა გადაწყვეტა ეკონომიკური მეცნიერების სტანდარტული ინსტრუმენტების დახმარებით არის შესაძლებელი.

 

ამის საპირისპიროდ, შომ გვთავაზობს განვითარების არადეტერმინისტულ, დიალოგზე დაფუძნებულ ხედვას. ამ ხედვის თანახმად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიალოგში ღარიბების და სხვა გარიყული ჯგუფების მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველო 2020“-ის დამტკიცებას წინ საზოგადოებრივი განხილვის პროცესი უძღოდა, ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება ძირითადად ეკონომიკურმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეძლეს. მათ მიერ დასახული პრობლემები და დაძლევის გზები არ ასახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხედვებს. აღსანიშნავია, რომ არც მონიტორინგის და შეფასების მექანიზმი ითვალისწინებს საზოგადოების გარიყული ჯგუფების მონაწილეობას.

 

განვითარების სტრატეგია შომ-ის თვალთახედვიდან

შომ-ის მიხედვით, შეუძლებელია განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა ფართო საზოგადოებრივი დიალოგის გარეშე. ამიტომ, აქ მოკლედ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს დიალოგი. ასევე, მოკლედ შევეხები ორ საკითხს, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოში განვითარების პოლიტიკის შესახებ მიმდინარე დიალოგის მიღმაა დარჩენილი.

 

დიალოგი განვითარების პოლიტიკის შესახებ უნდა დაეფუძნოს კვლევას. გარკვეული როლი აქ ეკონომეტრიკულმა კვლევებმაც უნდა ითამაშონ. თუმცა, სხვა რაოდენობრივი კვლევების მსგავსად, ეკონომეტრიკულ კვლევებსაც აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. კერძოდ, ამ კვლევებში მოცემული ცვლადების არჩევანი ძირითადად ექსპერტთა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შეხედულებებს გამოხატავს. მონაცემთა ინტერპრეტაციის პროცესში, გადამწყვეტ ხმას იმავე ჯგუფების წარმომადგენლები ფლობენ.

 

შესაბამისად, დიალოგის ჩარჩოების გასაფართოებლად საჭიროა სხვადასხვა თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები წარსულში ჩატარებული და მიმდინარე მასობრივი გამოკითხვებისა და შინამეურნეობების კვლევების მონაცემები. რაც შეეხება თვისებრივი კვლევების შედეგებს, მიუხედავად არარეპრეზენტატულობისა, მათ საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და შეხედულებების შესახებ, გამოკითხვებთან შედარებით, უფრო სრული წარმოდგენის შექმნა შეუძლიათ, რაოდენობრივ გამოკითხვებთან შედარებით.

 

განვითარების პოლიტიკის შესახებ გამართულ დიალოგში სახელმწიფომ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშონ. განხილვებში სხვადასხვა შეხედულების მქონე ექსპერტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში უნდა მოხდეს დისკუსიების ორგანიზება. ასეთი დისკუსიები საჯარო განხილვების უკვე გამოცდილ მეთოდოლოგიებს უნდა დაეფუძნოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს გარიყული ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობას. ზოგიერთ შემთხვევაში, განხილვაში თავისუფალი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მათთვის ცალკე სადისკუსიო ჯგუფების ორგანიზება უნდა მოხდეს.

 

მნიშვნელოვანია დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხთა სპექტრის გაფართოება. საუბარი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს უნდა შეეხოს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი გარკვეული ცვილელებების მიუხედავად, ამ საკითხთან მიმართებაში კვლავაც „მინიმალური სახელმწიფოს“ მომხრეების შეხედულება დომინირებს. ეჭვქვეშ უნდა დადგეს შეხედულება ბაზრის, როგორც განვითარების მთავარი და ყველაზე ეფექტური ინსტიტუციური აგენტის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგისას გათვალისწინებულ იქნას საქართველოს ლოკალური კონტექსტი. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ეკონომიკური და პოლიტიკური წინაპირობები, და ასევე ამ ჩარევის შესაძლო შედეგები.

 

ზოგადად, შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომა პრინციპულად არ გამორიცხავს გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტის აღიარებას. თუმცა, ამ მიდგომის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც რედისტრიბუციულ პოლიტიკას აქცევენ, იზიარებენ რა შეხედულებას, რომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი დემოკრატიული დიალოგი უნდა იყოს. შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეში უნდა დამკვიდრდეს აზრი, რომ სოციალურ პოლიტიკას თავისთავადი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს და მისი გატარება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024