IDFI-ს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 24 სექტემბერი 2020

 

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება.


სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად, თუმცა პარლამენტს დადგენილ ვადაში საკანონმდებლო ცვლილება არ მიუღია.


მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ცვლილება დღემდე არ შესულა, 2020 წლის 1 მაისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ძალადაკარგულია. შესაბამისად, აღნიშნული თარიღის შემდეგ გადაწყვეტილებების გაცემისას სასამართლოებმა კონსტიტუციური სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, საერთო სასამართლოები კვლავ არ გასცემენ გადაწყვეტილებების სრულ ტექსტს.

 

IDFI-მ რამდენიმე სასამართლოდან მოითხოვა 2020 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებების სრული ტექსტი. ჩვენს მოთხოვნაზე სასამართლოებისგან მიღებული პასუხში, აღნიშნულია, რომ სასამართლოები ვალდებულნი არიან დაიცვან სასამართლო აქტებში არსებული პერსონალური მონაცემები გამჟღავნებისგან, შესაბამისად, ვერ გასცემენ სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ტექსტს (პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის გარეშე). ამის შემდეგ, IDFI-მ დამატებით მოითხოვა გადაწყვეტილებების სრული ტექსტი იმ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით[1]რომელთა მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სასამართლოებმა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, არ გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია.


აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაში 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული.


ამგვარი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის კუთხით სერიოზული გამოწვევები კვლავ არსებობს და მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროობის სასარგებლოდ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, სასამართლოები არ ითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს და ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გასცემენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაუშტრიხავი სახით.


სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, სასამართლოს საქმიანობაზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება სწორედ სასამართლოს გამჭვირვალობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და კონსტიტუციური სტანდარტის უგულებელყოფა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს.


IDFI მოუწოდებს საერთო სასამართლოებს უზრუნველყონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტის საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დროულად უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება.

 

_____

[1] გიორგი უგულავას, მიხეილ კალანდიას, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024