IDFI-ის განცხადებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტება მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 15 მაისი 2020

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდგომ 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ცალკეული კონსტიტუციური უფლებები შეზღუდულია.

 

2020 წლის 24 აპრილს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, ხოლო ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ ორი კვირაა. გეგმის თანახმად, ცალკეული ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები 22 მაისის შემდეგაც გრძელდება, თუმცა უცნობია, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რა სამართლებრივი საფუძვლით შეიზღუდება მეწარმეობის თავისუფლება. მაგალითად წარმოდგენილი გეგმის თანახმად, შიდა ტურიზმის გახსნა იგეგმება 15 ივნისიდან, დიდი სავაჭრო ობიექტების (ე.წ. მოლების) გახსნა იგეგმება მხოლოდ მეოთხე ეტაპზე და ა.შ.

 

კონსტიტუციის თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას აქვს უფლება თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. საგანგებო მდგომარეობის დროს, დეკრეტით ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია, რაც ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამგვარი საფუძველი არ იარსებებს.

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს მკაფიო სანქციას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის. ის მოიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას იმის თაობაზე, რომ მოთხოვნათა დარღვევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა კანონმდებლობა კონკრეტულ სანქციას არ განსაზღრავს. შესაბამისად, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვისა და სანქციების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს არ ითვალისწინებს.

 

აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რა სამართლებრივი გზით შეიზღუდება სამეწარმეო საქმიანობა და რას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრიზისის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მთავარი მიზანი არის კრიზისის განვითარების შეკავება და მდგომარეობის შეძლებისდაგვარად სწრაფად ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება. ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეზღუდვები გაგრძელდეს მხოლოდ იმდენ ხანს და ზუსტად იმ ფარგლებში, რასაც მდგომარეობის სიმწვავე განაპირობებს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ თუკი იმავე მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომებით არის შესაძლებელი, ხელისუფლებამ სწორედ ამგვარ ღონისძიებებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა.

 

ევროპის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, მაგრამ ამგვარი ღონისძიებები უნდა წარმოადგენდეს პარლამენტის კომპეტენციას, ჩვეულებრივი პროცედურების დაცვით.

 

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი გადაწყვეტს სანქციების დაწესებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების გზით, ამას შესაძლოა ხანგრძლივი არაპროპორციული გავლენა ჰქონდეს სამეწარმეო და ეკონომიკურ თავისუფლებაზე, რადგან ნორმის მოქმედება პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდგომაც გაგრძელდება და პრაქტიკაში მისი ბოროტად გამოყენების რისკებს წარმოშობს.

 

ნაკლებად შემზღუდველი ზომა შესაძლოა იყოს პარლამენტის მიერ ამ საკითხის დროებითი რეგულირება, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა უშვებს კანონის განსაზღვრული ვადით მიღების შესაძლებლობას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტში უნდა აღინიშნოს აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)). შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია კანონი განსაზღვრული ვადით მიიღოს, რაც შესაძლოა ნაკლებად შემზღუდველ ზომას წარმოადგენდეს.

 

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააკეთოს მკაფიო განმარტება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ არსებული შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024