IDFI-ის ონლაინ კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ: განხილული საკითხები და შედეგები

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 18 დეკემბერი 2020

18 დეკემბერს, IDFI-მ ჩაატარა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების გაძლიერება. კონფერენციის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობის, მმართველობის ხარისხის, მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევების, დაგეგმილი რეფორმების, საჭირო ინტერვენციებისა და ინოვაციური მიდგომების განხილვა. ამ მიზნით, ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ექსპერტების, დონორებისა და ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, გაიმართა დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვაზე, მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებასა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე. კონფერენცია IDFI-მ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით ჩაატარა.

 

კონფერენცია 4 ნაწილისგან შედგებოდა:

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა: არსებული საჭიროებები, მიმდინარე რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი

- გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვა ადგილობრივ დონეზე

- მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

- მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა

 

კონფერენცია გახსნა და მოდერაციას უწევდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. იგი თავის მისასალმებელ სიტყვაში შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, და ხაზი გაუსვა რეფორმის მიმდინარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ფართო განხილვის აუცილებლობას.

 

კონფერენციის პირველი პანელის თემა გახლდათ - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა: არსებული საჭიროებები, მიმდინარე რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი. პანელს მოდერაციას უწევდა დავით აფრასიძე, კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის მენეჯერი. პანელის მომხსენებლები იყვნენ:

 

- მზია გიორგობიანი - მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

- ნინო კაკუბავა - პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

- ლინა პანტელეევა - მმართველობის სპეციალისტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

- არჩილ ჟორჟოლიანი - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - პროგრამის მრჩეველი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)       

 

პანელის მიმდინარეობისას მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესი. ონლაინ კონფერენციის აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა, რომ ორწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 26 აქტივობიდან უმეტესობა უკვე განხორციელებულია და ანგარიში წლის ბოლოსთვის გასაჯაროვდება.

 

პანელის ყველა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას, რის შედეგადაც დოკუმენტში სათანადოდ აისახა კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის საკითხი. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ განხორციელების პროცესშიც უზრუნველყოფილი იქნება მსგავსი გამჭვირვალობა და ჩართულობა.

 

განხილვის დროს ასევე აქცენტი გაკეთდა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი კომპლექსურია და იგი მუნიციპალიტეტებისთვის მხოლოდ კომპეტენციების გადაცემას არ მოიაზრებს. საჭიროა მათი გაძლიერება ფინანსურად და ქონებრივად, ასევე, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების შექმნა, რაც მუნიციპალიტეტების გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

 

ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად დასახელდა მონაწილეობითი ბიუჯეტირება. როგორც აღინიშნა, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს კარგი მონაცემების მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს.

 

ბოლოს, ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა ნდობის საკითხზეც, რადგანაც მოქალაქეთა ნდობის აღდგენა და გაზრდა არის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი. მომხსენებლებმა განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, წარმოადგინეს საკუთარი ხედვები ამ გამოწვევის გადასაჭრელად და მოქალაქეთა ნიჰილიზმის შემცირების ცალკეული გზები.

 

კონფერენციის მეორე პანელი შეეხებოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვას ადგილობრივ დონეზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა მიხეილ დარჩიაშვილი - სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერი, USAID-ის პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI). პანელის სხვა მონაწილეები გახლდნენ:

 

- ნანა თავდუმაძე - აპარატის უფროსი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

- პელაგია მახაური - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იუსტიციის სამინისტრო

- გიორგი ნასრაშვილი - კარგი მმართველობის ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

- ნიკოლოზ როსებაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 

- სალომე საღარაძე - პროექტების კოორდინატორი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

- თეონა ტურაშვილი - მედია, ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

პანელის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ის თავი, რომელშიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვაა ასახული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით გათვალისწინებული აქტივობების კუთხით აღინიშნა ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამასთან, ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების სისტემის დანერგვის მნიშვნელობას.

 

პანელის მომხსენებლებმა ისაუბრეს ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ. ხაზი გაესვა დოკუმენტების მიღების პროცესში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და მიღებულ დოკუმენტებში გაწერილი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას.

 

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე, შესყიდვების გამჭვირვალობისა და კონკურენციის პრობლემები. მომხსენებლების მოსაზრებით, ცალკეული პრობლემები პანდემიის დროს კიდევ უფრო მწვავედ დადგა მუნიციპალიტეტების წინაშე. ხაზი გაესვა პოლიტიზირების მაღალ დონეს, სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების არარსებობას მუნიციპალიტეტების უმეტესობაში. ამავდროულად, აღინიშნა დონორი ორგანიზაციების დახმარების მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განსაკუთრებით, განხორციელების პროცესში. მომხსენებლებმა დადებითად შეაფასეს თვითმმართველი ერთეულების მონაწილეობა საერთაშორისო ინიციატივაში, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რადგან ამ პლატფორმის დახმარებით ხდება ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და კარგი, საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება.

 

მესამე პანელი ეხებოდა მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მას მოდერაციას უწევდა თინიკო ბოლქვაძე - მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF). პანელის მომხსენებლები იყვნენ:

 

- ნათია აფხაზავა - ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) 

- რევაზ ბარბაქაძე - თავმჯდომარე, რუსთავის ინოვაციების ჰაბი

- მარიკა გორგაძე - დირექტორის მოადგილე, USAID-ის პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID/GGI)

- ირაკლი მელაშვილი - დამოუკიდებელი ექსპერტი

- ზვიად ქორიძე - რეგიონული ოფისების მენეჯერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 

პანელის თითოეულმა მომხსენებელმა მათი გამოცდილების, განხორციელებული ინიციატივებისა და მაგალითების მეშვეობით კონფერენციის აუდიტორიას აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის ჩართულობის მექანიზმების არსებობა.

 

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კარგი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების სურვილი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად აღინიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეები პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან, რადგან ისინი ნაკლებად არიან მზად, ჩართონ მოქალაქეები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხელს არ უწყობენ სამოქალაქო ინიციატივებსა და წინადადებებს.  

 

პანელის მომხსენებლებმა მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებიდან გამოყვეს მონაწილეობითი ბიუჯეტირება, როგორც ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სავალდებულოა მოქალაქის მიერ იდენტიფიცირებული საკითხების ბიუჯეტში გათვალისწინება. ამავდროულად გამოითქვა მოსაზრებები, რომ ჩართულობის სხვა მექანიზმები, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სამწუხაროდ, არასაკმარისი ეფექტურობით მუშაობს, რადგან მათ ძირითადად საკონსულტაციო-საინფორმაციო ხასიათი აქვთ და საბოლოოდ, ნაკლებად ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ეს ზრდის მოქალაქეების სკეპტიციზმსა და უნდობლობას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

 

პანელური დისკუსიის დროს ხაზი ასევე გაესვა ქვეყნის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ეფექტურად დანერგვის მნიშვნელობას, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარების შედეგად, გაუმჯობესდება კომუნიკაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. რის შედეგადაც მოქალაქეების ჩართულობით მოხდება ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა და მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება.

 

ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული თუ როგორ და რა სახით არის შესაძლებელი მათი ჩართვა და რა  გამოწვევებს შეიძლება შეხვდნენ ამ პროცესში. მომხსენებლებმა დასძინეს, რომ საკმარისი არ არის მოქალაქეთა სურვილი და აქტიურობა, და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან ჩართულობის მექანიზმების ხელშეწყობასა და წახალისებას. გაესვა ხაზი ამ ყველაფერში ინოვაციური ონლაინ პლატფორმებისა და საუკეთესო საერთაშირისო, მათ შორის ესტონური მაგალითების გამოყენებას.

 

ბოლო პანელი ეხებოდა მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას, რომლის მოდერატორიც იყო მაგდა პოპიაშვილი - რედაქტორი, ვებპორტალი „თვითმმართველობის დროა”. პანელში მომხსენებლად მონაწილეობდნენ:

 

- ლაშა მაჭავარიანი - ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

- ზვიად მოდებაძე - პროგრამის კოორდინატორი, ASB საქართველო

- ლიზი სოფრომაძე - გამგეობის თავმჯდომარე, რეგიონის განვითარების ცენტრი

- გიორგი ტოკლიკიშვილი - თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების საკითხების სპეციალისტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

 

მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის კუთხით მომხსენებლებმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელეს სერვისების გაციფრულების ნაკლებობა, და ხაზი გაუსვეს ადგილობრივ დონეზე ინოვაციური მიდგომების დანერგვის აუცილებლობას.

 

ამის ფონზე, დადებითად შეფასდა მიმდინარე ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში საპილოტედ ინერგება ელექტრონული მომსახურების სერვისები, შეიქმნა 17 მოდული, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ მიიღონ საჭირო სერვისები.

 

პანელური დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტურობისთვის ცალკეული სერვისების მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  აუცილებელია, ასევე, სწორი საკომუნიკაციო მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ეფექტურ ურთიერთობას. 

 

გამოწვევებს შორის დასახელდა ის გარემოებაც, რომ საქართველოში სერვისების მიწოდება ძირითადად ცენტრალიზებულია. ამ პირობებში რთულია ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვროს ადგილობრივი მოსახლეობის პრეფერენციები და საჭიროებები. შესაბამისად, მომხსენებლების მოსაზრებით, მნიშვნელოვანია დეცენტრალიზებული მიდგომები/პოლიტიკა და სერვისების მიწოდებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლის გაზრდა. მუნიციპალური სერვისების დაგეგმვისა და შეფასების პროცესში საყურადღებოა ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრა, ასევე, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

იხილეთ კონფერენციის პანელების ჩანაწერები:

 

1. კონფერენციის გახსნა

2. პანელი I: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა: არსებული საჭიროებები, მიმდინარე რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი

3. პანელი II: გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვა ადგილობრივ დონეზე

4. პანელი III: მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

5. პანელი IV: მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა 

 

/public/upload/Article/GEO_FINAL_WEB_compressed.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024