IDFI-ის ონლაინ კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ: განხილული საკითხები და შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 23 თებერვალი 2021

18 თებერვალს, IDFI-მ ჩაატარა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით, ხელოვნური ინტელექტი: საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო. კონფერენციის მიზანი გახლდათხელოვნური ინტელექტის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების, ტენდენციების, გამჭვირვალობისა და ეთიკის პრინციპების, ასევე, საქართველოს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების ცალკეული მაგალითებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე მათი გავლენის განხილვა. ამ მიზნით, ღონისძიებაზე გაიმართა ექსპერტების, ადამიანის უფლებების დამცველების, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, აკადემიური წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

 

- ხელოვნური ინტელექტის განმარტება და მთავარი კონცეფციები;

- ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში: სარგებელი, გამოწვევები და პერსპექტივები;

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტები და ნორმები;

- ხელოვნური ინტელექტი და საქართველო: დაინტერესებული მხარეების პერსპექტივა.  

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო IDFI-ის მიერ მომზადებული ორი კვლევა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სტანდარტებზე, და საქართველოს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკაზე. 

 

ონლაინ კონფერენცია გაიმართა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით.

 

კონფერენცია ორი პანელისგან შედგებოდა. კონფერენცია გახსნა და მოდერაციას უწევდა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა.

 

კონფერენციის პირველი პანელის თემა გახლდათ - ხელოვნური ინტელექტი: მთავარი მახასიათებლები, საერთაშორისო ეთიკური სტანდარტები და გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და გამჭვირვალობის კუთხით.

 

პანელის მომხსენებლები იყვნენ:

 

- ნატა გოდერძიშვილი - ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების ექსპერტი

- ვანია შკორიჩი - პროგრამის დირექტორი, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL)

- კჟიშტოფ იზდებსკი - პოლიტიკის დირექტორი, ePanstwo Foundation

 

 

 

პანელის დასაწყისში ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ნატა გოდერძიშვილმა,  წარმოადგინა IDFI-ის ახალი კვლევა - ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები. ნატამ მიმოიხილა კვლევაში განხილული ძირითადი საკითხები და მთავარი მიგნებები, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ზოგადი ცნება, საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკა და მიმდინარე ტენდენციები.

 

პანელი განაგრძო ECNL-ის პროგრამების დირექტორმა, ვანია შკორიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის საკითხი აქტუალურია როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ დონეზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ბალანსის მნიშვნელობას ტექნოლოგიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ქალბატონმა ვანიამ ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეკოსისტემაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

 

და ბოლოს, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია, ePanstwo Foundation-ის პოლიტიკის დირექტორმა, კჟიშტოფ იზდებსკიმ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ფონზე სხვა ავტომატიზებული სისტემების და ალგორითმების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა გარე აუდიტების სიმწირეს, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია კომერციული საიდუმლოებების დაცვის მცდელობით, და ისაუბრა ამ გამოწვევის გადაჭრის გზებზე.

 

პანელის დროს მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი და გარდაუვალი ელემენტია. ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ტექნიკური ცოდნისა და ექსპერტიზის ნაკლებობის გამო ერიდება ხელოვნური ინტელექტის და სხვა მაღალ-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. ამიტომაც, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებამ გადალახოს ეს ბარიერი, რადგანაც ტექნიკური ელემენტების მიუხედავად, მაღალატექნოლოგიური ინოვაციები ეხება ადამიანის უფლებებს და სხვა ზოგად სიკეთეებს. მომხსენებლებმა დასძინეს, რომ შესაძლოა მათ ვერ შეძლონ ცალკეული პროგრამული უზრუნველყოფის კოდის წაკითხვა/გაშიფვრა, მაგრამ მნიშვნელოვანია გაეცნონ და შეაფასონ აღნიშნული სისტემის მუშაობა. პანელის დროს ასევე ხაზი გაესვა საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

 

პანელის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს მონაწილეების მიერ ონლაინ გამოგზავნილ შეკითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეხებოდა პოლონეთის სახელმწიფოს მიერ დანერგილი ალგორითმების გამჭვირვალობის საკითხებს, ხელოვნური ინტელექტის დეფინიციის მნიშვნელობას, და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით.

 

კონფერენციის მეორე პანელი შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საქართველოში: კანონმდებლობა, პრაქტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები. პანელის მონაწილეები გახლდნენ:

 

- გიორგი დავითური - პროექტის მენეჯერი,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- ოთარ გორგოძე  - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკი

- ბექა ქენქაძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

- ხათუნა ბურკაძე - პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

 

 

პანელის პირველმა მომხსენებელმა, გიორგი დავითურმა წარადგინა IDFI-ის მიერ მომზადებული მეორე კვლევის („ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა“)მოკლე პრეზენტაცია, მიმოიხილა ძირითადი მიგნებები და ისაუბრა საქართველოს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და სამართლებრივ ასპექტებზე.

 

დისკუსია გააგრძელა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ოთარ გორგოძემ, და ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაზე, რომელიც არის ერთ-ერთი იშვიათი სამართლებრივი აქტი ქართულ კანონმდებლობაში, სადაც ნახსენებია „ხელოვნური ინტელექტი“. ასევე განიხილა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი ფინანსურ სექტორში და მისი მნიშვნელობა ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით. მისი მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში ხელს უწყობს საბანკო ხარჯების და შესაბამისად, სერვისის ფასის შემცირებას.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა ქენქაძემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მიერ პირადი მონაცემების დამუშავებიდან გამომდინარე პოტენციურ რისკებზე და მათი შესწავლის მნიშვნელობაზე. ასევე მიმოიხილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშრებით, რომელიც ითვალისწინებს ახალ სტანდარტებს და შემოაქვს ახალი დეფინიციები ქართულ სამართლებრივ სფეროში.  ბექა ქენქაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მზად არის გაუწიოს კონსულტაციები კერძო სექტორს და დეველოპერებს სხვადასხვა პროგრამების შემუშავების პროცესში.

 

ბოლოს, ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა ავტომატიზირებული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ საერთო სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ასევე, ხაზი გაუსვა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

 

პანელის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს ონლაინ კონფერენციის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს, განიხილეს IDFI-ის კვლევის ძირითადი რეკომენდაციები, ხელოვნური ინტელექტის ადგილი მუნიციპალიტეტებში, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების რისკების მაგალითები. განხილვისას აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის ზედამხედველობისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს გამჭვირვალე თამაშის წესები და ერთიანი ხედვა. ხოლო ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, და მასში აქტიურად ჩართული უნდა იყოს როგორც საჯარო სექტორი, ასევე აკადემიური, კერძო და სამოქალაქო სექტორი.

 

იხილეთ კონფერენციის პანელების ჩანაწერები:

 

პანელი I: ხელოვნური ინტელექტი: მთავარი მახასიათებლები, საერთაშორისო ეთიკური სტანდარტები და გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და გამჭვირვალობის კუთხით

პანელი II:ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში: კანონმდებლობა, პრაქტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები 

 

/public/upload/Analysis/AI AGENDA GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024