IDFI-ის საერთაშორისო კონფერენცია ციფრულ ტრანსფორმაციაზე: მთავარი გზავნილები და შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა | სტატია 16 მაისი 2022

2022 წლის 28 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საერთაშორისო კონფერენციას - საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია: წინმსწრები ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე -  ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლა. კონფერენციის მიზანს, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა (განსაკუთრებით დასავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან) და საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის, ევროკავშირთან სტანდარტიზაციის, ციფრული ეკოსისტემის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორებისა და გამოწვევების შესახებ დებატების გამართვის გზით, საქართველოში კარგი მმართველობისა და ციფრული ტრანსფორმაციის რეფორმების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამ მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე სხვადასხვა სექტორიდან, შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად: საჯარო სერვისების გაციფრულება, საჯარო სექტორის მოდერნიზაცია, ეფექტური ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ეკოსისტემა, ევროკავშირთან სტანდარტიზაცია და, ამ მხრივ, ამბიციური რეფორმების განხორციელება. IDFI-მ კონფერენცია ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით გამართა.

 

კონფერენცია სამი ნაწილისგან შედგებოდა:

 

-       საჯარო სერვისების გაციფრულება: საჯარო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო ამბიციური რეფორმების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე;

 

-       ციფრული ეკოსისტემა ეფექტური ციფრული ტრანსფორმაციისთვის: ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები;

 

-       საქართველოს პერსპექტივები: საჯარო სექტორის მოდერნიზაციის დაჩქარებისკენ სწრაფვა.

 

კონფერენცია გახსნა და მოდერაციას უწევდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. იგი თავის მისასალმებელ სიტყვაში შეეხო ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადს და ხაზი გაუსვა ამავე კონტექსტში საჯარო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ ფართო დისკუსიების გამართვის საჭიროებას. ამასთან, გიორგი კლდიაშვილმა საჯარო სექტორის მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

 

კონფერენციის პირველი პანელი შეეხებოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე საჯარო სერვისების გაციფრულებისა და  საჯარო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო ამბიციური რეფორმების განხორციელებას. პანელს მოდერაცია გაუწია ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველმა და ექსპერტმა, გიგა პაიჭაძემ. პანელის მომხსენებლებს შორის იყვნენ:

 

- ვერონიკა კრეტუ - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წარმომადგენელი და ევროპის საბჭოს კომიტეტების წევრი: ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე წვდომის ჯგუფის კომიტეტები (ტრომსოს კონვენცია)

 

- ჯოელ კოციუბა – სერვისების დიზაინის მრჩეველი, ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტრო

 

- კატრინ ნიმან-მეტკალფი - უფროსი სამართლებრივი ექსპერტი, ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA)

 

- ნანა წიკლაური - პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ხელშეწყობა საქართველოში“ - მენეჯერი, UNDP საქართველო

 

 

პირველი პანელის მომხსენებლებმა საქართველოს უახლესი მიღწევები და ევროკავშირის პრინციპებთან ჰარმონიზაციის პროცესში ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს როლი მიმოიხილეს. კერძოდ, პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს. გარდა ამისა, მომხსენებლებმა იმ მნიშვნელოვან საჯარო სერვისებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და სერვისის მიწოდების შერეულ მოდელებს გვთავაზობს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჭიროებებზე, ამავდროულად, აამაღლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი. პანელის მონაწილეებმა საჯარო სექტორის გაციფრულობის აქტუალობაზეც ისაუბრეს, რაც ავტომატურად ასოცირდება სერვისების უკეთ მიწოდებასთან და საჯარო სექტორის მოდერნიზაციის კრიტიკულ კომპონენტს წარმოდგენს.

 

პანელის თითოეულმა მონაწილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა რელევანტური დაინტერესებული მხარეების უფრო ფართო მონაწილეობის მნიშვნელობას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

 

პირველი პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა აუდიტორიას გამჭვირვალობის ერთიანი ხედვა წარუდგინა -  „5D გამჭვირვალობა“ - რომელიც მოიცავს შემდეგს: მონაცემთა გამჭვირვალობა - დემოკრატიის კრიტიკული ელემენტი; პროცესის გამჭვირვალობა – კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები, მათ შორის საჯარო კონსულტაციები, ევროპარლამენტის პეტიციების სისტემა, ოფიციალური საჩივრები, გამჭვირვალობის რეესტრი და ა.შ.; სტრატეგიული გამჭვირვალობა - ხელისუფლების მიერ თანაშექმნის მექანიზმებისა და პლატფორმების წახალისება, რაც მოქალაქეების მხრიდან პროცესებში ჩართულობას სტრატეგიულ დონეზევე უზრუნველყოფს; ტრანსფორმაციული გამჭვირვალობა - ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც მთავრობას მოქალაქეების მხრიდან მონაწილეობის სხვადასხვა ფორმების განსაზღვრაში ეხმარება, და მათ ტრანსფორმაციული პროცესების ცენტრში ამყოფებს; რადიკალური გამჭვირვალობა – მოიცავს გამჭვირვალობის ზემოხსენებულ ყველა ეტაპს, რაც ინსტიტუციონალიზებულია როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად.

 

პანელის ბოლოს ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ხედვასა და კონცეფციაზე ტექნოლოგიებისა და გაციფრულების მიმართ, რაც არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც რეფორმის ცალკეული ელემენტი, არამედ როგორც “მოდუს ოპერანდის” ნაწილი. ეს არის ერთგვარი იდეოლოგია, რომელსაც, თან, გრძელვადიანი ხედვა უნდა ახლდეს.  პანელის მომხსენებლებმა მაგალითად ის ქვეყნები მოიხმეს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ მომდევნო 30-50 წლის განმსაზღვრელი მსგავსი ხედვა და გააზრება, რომ დღესდღეობით განხორციელებულ რეფორმებს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგის მოტანა შეუძლიათ. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ხელოვნური ინტელექტის კუთხით ეროვნული ხედვისა თუ სტრატეგიის საჭიროებას. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული კონვენციის რატიფიცირება, და მოუწოდა ქვეყანას ამ ნაბიჯის უახლოეს მომავალში გადადგმისკენ.

 

მეორე პანელს, სახელწოდებით - ციფრული ეკოსისტემა ეფექტური ციფრული ტრანსფორმაციისთვის: ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები -  მოდერაცია გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა. პანელის სხვა მონაწილეები გახლდნენ.

 

- ნატალია კარფი - აღმასრულებელი დირექტორი, ღია მონაცემთა ქარტია

 

- ნიკოლოზ გაგნიძე -  თავმჯდომარე, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია

 

- კიმბერლი ჯონსი - საჯარო სექტორის უფროსი სპეციალისტი, მსოფლიო ბანკი

 

- ემილი მიდლტონი – პარტნიორი საერთაშორისო განვითარების მიმართულებით, Public Digital

 

- პირეტ საარტე - ჭკვიანი მმართველობის უფროსი ექსპერტი, ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA)

 

 

მეორე პანელური დისკუსია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ერთიანი მმართველობის კონცეფციას, ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებს, საჭიროებებსა და ინსტიტუციური ჩარჩოს მიეძღვნა. გარდა ამისა, მომხსენებლებმა ისაუბრეს აღნიშნულ პროცესში შესაბამისი უფლებამოსილებების მქონე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კომპონენტებზე, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. პანელის მონაწილეებმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები, არსებული ტენდენციები და საქართველოს, ასევე სხვა განვითარებადი ქვეყნების მიერ ამ კონტექსტში მიღებული გაკვეთილები მიმოიხილეს. პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ხუთი მათგანი გამოყო: მულტიდისციპლინურ ციფრულგანყოფილებებში ინვესტირება, ღია ფორმატში მუშაობის წარმართვა, პრიორიტეტის მინიჭების უწყვეტობა,  საუკეთესო მაგალითების ძიება და ციფრული ფინანსირების განსაზღვრა.

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემთა პოლიტიკის დეფინიციასა და მნიშვნელობაზე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ღია მონაცემთა პოლიტიკა განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნიკური გადაჭრის გზებს/უნარებს, არამედ საზოგადოების ფორმირებას, რაც, ერთი მხრივ, კულტურულ ცვლილებასაც მოიაზრებს. მომხსენებელთა აზრით, ღია მონაცემთა პოლიტიკა არ მოიცავს მხოლოდ მონაცემებს, ის პირდაპირ ეხება ადამიანებს. ამასთან, მონაწილეებმა, მონაცემთა პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს - მონაცემთა მოპოვებასა და კონფიდენციალურობას შორის არსებული ბალანსის მიღწევას გაუსვეს ხაზი.

 

პანელის ბოლოს საჯარო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაციის სასარგებლო გარემოებები იქნა მიმოხილული. ასევე, მომხსენებლებმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ღია მონაცემთა მნიშვნელობასა და გაციფრულების გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.

 

ფინალურ პანელს, სახელწოდებით - საქართველოს პერსპექტივები: საჯარო სექტორის მოდერნიზაციის დაჩქარებისკენ სწრაფვა - მოდერაცია გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა. პანელის მომხსენებლები იყვნენ:

 

- ნატა გოდერძიშვილი - კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი

 

- ირაკლი გვენეტაძე - აღმასრულებელი დირექტორი, ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი

 

- რატი სხირტლაძე - დამფუძნებელი, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია

 

 

პანელის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის დაჩქარებას, განსაკუთრებით მოცემულ კონტექსტში, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარის მიღებას უკავშირდება. ხსენებულ კითხვარში, სხვა საკითხებს შორის, მნიშვნელოვანი ადგილი საჯარო სერვისების განვითარებას, მათი მიწოდების ხარისხის გაზრდასა და ციფრულ ტრანსფორმაციას უჭირავს. პანელისტებმა ასევე განიხილეს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების შემუშავების პროცესი და სტრატეგიები, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ რეფორმის დღის წესრიგი განსაზღვრავს, თუ როგორ ვითარდება ელექტრონული მმართველობა ქვეყანაში.  მომხსენებლებმა ასევე პოლიტიკის დღის წესრიგის სასიცოცხლო მნიშვნელობასა და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც მხარდამჭერი დარგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ერთ-ერთმა პანელისტმა პოლიტიკის დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები და გამოწვევები გამოყო, მათ შორის საკადრო პოლიტიკა და IT სპეციალისტების კომერციულ სექტორში გადინება, ასევე არსებული სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება.

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა მრავალი კანონი/ცვლილება კანონში, რომელთა სათანადო აღსრულება პრაქტიკაში არ ხორციელდება, ასევე, სუსტია მათი აღსრულების მონიტორინგიც. მომხსენებლების თქმით, ქვეყნის გაციფრულების გზაზე, საკანონმდებლო ჩარჩოს კონტექსტში, მნიშვნელოვანი ყურადღება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს უნდა დაეთმოს. როგორც ერთ-ერთმა პანელისტმა აღნიშნა, არსებულ საკითხზე მუშაობა წლების მანძილზე მიმდინარეობდა, რაც კოდექსში ისეთი კონცეფციების შემოტანას ეხებოდა, როგორებიცაა  digital by default, the once-only principle, a one-stop-shop და ა.შ. თუმცა, პროცესი ამ დრომდე შეფერხებით მიმდინარეობს. დისკუსიის ფარგლებში ასევე აღინიშნა ფართოდ გამოსაყენებელი ელექტრონული სერვისების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა, რადგანაც, მსგავსი სერვისების მოხმარების დაბალი მაჩვენებელი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობით აიხსნება. მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ყველა კრიტიკული ბარიერი მხოლოდ თემის აქტუალიზაციით შეიძლება გადაილახოს.  

 

და ბოლოს, პანელის მონაწილეებმა ყურადღება ევროკავშირის კითხვარის იმ ნაწილზეც გაამახვილეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ენობრივი ბარიერის მქონე პირების ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ეხება. მათ ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს როლს, პრიორიტეტი მიენიჭოს არსებულ საკითხს და მოხდეს უკვე არსებული სერვისების სახელმწიფო ვებგვერდებზე ინტეგრირება შშმ პირებისა და ენობრივი ბარიერის მქონე ადამიანებისთვის.

 

იხილეთ კონფერენციის პანელების ჩანაწერები:

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023