ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი | სტატია 3 ნოემბერი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდება დაფიქსირდა ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაშიც.  2022 წლის 16 ივნისს მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ხოლო 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ. შეწყალების ინსტრუმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში თავისი სპეციფიკური ადგილი უჭირავს. კონსტიტუციური ინსტიტუტების გამოყენებისა თუ მასზე უარის თქმის მართლზომიერება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის გადაწყვეტილებით ვერ შეფასდება. სხვაგვარად, ნებისმიერ კონსტიტუციურ ინსტრუმენტს თავისი გამოყენების წინაპირობები გააჩნია. ეს წინაპირობები რიგ შემთხვევებში კონსტიტუციაში ფორმალურადაა გადმოცემული, თუმცა ხშირად კი მოაზრებულია და მათ გამოსარკვევად მსოფლიოს კონსტიტუციურ გამოცდილებას უნდა მივმართოთ.  

 

“არსებობს თუ არა ნიკა გვარამიას შეწყალების კონსტიტუციური წინაპირობები?” ეს იქნება მთავარი კითხვა რომელსაც მიმდინარე ანალიზში ვუპასუხებთ.

 

1. შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზნები

 

შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფოს მეთაურთა ძალაუფლების ისტორიული კომპონენტია. აღნიშნულს აღიარებს საქართველოს ძირითადი კანონიც. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს. შეწყალების ინსტრუმენტს სხვადასხვა მიზნები/ეფექტები შეიძლება გააჩნდეს. მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო მმართველობის მოდელის მიხედვით იცვლება, თუმცა ამ ინსტიტუტის ისტორიული მიზნები უცვლელია. მეტიც, ისტორიული მიზნების გარეშე, ამ ინსტრუმენტის არსებობა კარგავს თავის ფუნქციას.

 

ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის სამი ტრადიციული მიზანი განიხილება:

 

1. დამნაშავის პატიება, როგორც ჰუმანური აქტის გამოვლინება;

 

2. მართლმსაჯულების ხარვეზის გასწორება (ეს არ გულისხმობს, სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებას);

 

3. სახელმწიფოს ინტერესების დაცვა.

 

2. ნიკა გვარამიას შეწყალება და სახელმწიფო ინტერესების დაცვა

 

ნიკა გვარამიას შეწყალების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ბოლო მიზანზე გვსურს გავამახვილოთ.  სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გამო პირთა შეწყალებას კონსტიტუციონალიზმში არაერთი  გამოვლინება ჰქონია. თუმცა პირის ან პირთა ჯგუფის ამ მიზნით შეწყალების საჭიროება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

 

საქართველოს მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, ევროკავშირში გაწევრიანება. ქართველი ერის ნება ასახულია ქვეყნის ძირითად კანონში, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს ავალებს თავისი “უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”

 

ევროპული პარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ პირდაპირ გმობს ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. 12 აგვისტოს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმე, პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს შორისაა დასახელებული.  2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მიუთითა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანა. მედიის თავისუფლების დაცვა და პოლარიზაციის შემცირება მათ შორისაა. ევროკომისია 17 ივნისის მოსაზრებაში ნათლად მიუთითებს, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ სამართალწარმოებებს მსუსხავი ეფექტი გააჩნია მედიის თავისუფლებაზე და სახელმწიფომ ამ საქმეებთან მიმართებით უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ეს პრიორიტეტული ამოცანები საქართველომ 2022 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.   

 

ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ისე სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით არაერთ კითხვის ნიშანს წარმოშობს. აღნიშნულზე მიუთითებს, როგორც სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები და განაჩენის შეფასებები, ასევე ის ფაქტი, რომ 2017-2021 წლებში, სავარაუდოდ, საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა იმ დანაშაულისთვის, რომელშიც ნიკა გვარამია იქნა დამნაშავედ ცნობილი. აღნიშნულზე, ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციასთან ერთად, მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებულობისა და კანონიერების საერთაშირისო პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს. 

 

შეწყალების ინსტრუმენტის მიზანი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონირების შემოწმება, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემის ზოგადი რეპუტაციისა და განაჩენის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი კითხვების გათვალისწინებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შეიძლება იქცეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ერთ-ერთ გარემოებად. კერძოდ, ამ განაჩენის მიმართ არსებობს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების რეალური ნიშნები. ბუნებრივია, განაჩენი არ არის საბოლოო, საჩივრდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ღირებულება აქვს დროულობას. როგორც ცნობილია, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობები უახლოეს მომავალშიუნდა შეასრულოს. ამ დრომდე, საქართველომ უნდა დაანახოს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ მას რეალურად სურს, ევროკავშირის წევრობა და მზად არის ეფექტურად აღმოფხვრას ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები. აღნიშნულზე მიუთითებს აშშ-ს საელჩოსა და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის 2022 წლის 2 ნოემბრის განცხადებები. 

 

წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, ნათელია შეწყალების ინსტრუმენტი, ფაქტობრივად ერთადერთი ეფექტური გზაა პრობლემის დროულად გადასაწყვეტად და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად.

 

შეჯამება

 

ერთერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთ, თუმცა არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უმთავრესი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების განმუხტვაა კონსტიტუციის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს ძირითადი კანონი პრეზიდენტს აკისრებს კონსტიტუციურ ვალდებულებას მიიღოს ყველა ზომა, ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის.

 

პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება არის აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური გზა, რომელიც თავსებადია როგორც შეწყალების ინსტრუმენტის კონსტიტუციურ მიზნებთან ისე საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციასთან.

 

ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებს. მეტიც, სახელმწიფოს ძირითადი კანონის 78-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს ”მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024