IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, UNCAC-ის კოალიციის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო რეგიონულ შეხვედრაში
28 ნოემბერს, გაიმართა ევროპული ქსელის მე-15 რეგიონული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის IDFI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, რეგიონების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების გამოვლენა და მათ საპასუხოდ შესაძლო ინიციატივების მიმოხილვა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნგრეთსა და საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ საუბარს. მოხსენების ფარგლებში, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამჟამინდელ ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა გამჭვირვალობისა და სამართლიანი გარემოს თვალსაზრისით არსებულ საკვანძო გამოწვევებზე.
დისკუსიის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ვლინდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ინსტიტუტები, ნაცვლად საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა, გამოყენებულნი არიან სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.
შეხვედრის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას და იმ საფრთხეებზე საუბარს, რომლის წინაშეც არიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღინიშნა, რომ მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, ისინი რჩებიან თავისი მისიის ერთგულნი და აგრძელებენ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.