ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტ CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმებიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალების გამოქვეყნებას. ინსტიტუტი CEVRO 1999 წელს დაარსდა პრაღაში როგორც საჯარო პოლიტიკის თინქ-თენქი და დღემდე მრავალ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს განათლების სფეროში. ბოლო რამდენიმე წელია უნივერსიტეტს გააჩნია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ორგანიზაცია ჩართულია დემოკრატიის გაძლიერებაში არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ გარდამავალი დემოკრატიის პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებშიც.
ჟურნალის გამოქვეყნების პროექტი, თავდაპირველად, პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ინსტიტუტმა თითოეულ მათგანზე გამოუშვა ჟურნალის ცალკე ნომერი, სადაც სფეროს ექსპერტებმა დაახლოებით 7-8 სტატიაში განიხილეს არქივების ღიაობის, უშიშროების სამსახურების რეორგანიზების, ლუსტრაციის, კანონშემოქმედების ასპექტებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიზაციისკენ მიმართული სხვა მსგავსი პროცესები.
პროექტის მეორე ეტაპზე საქართველოც ჩაერთო. სტატიების დასაწერად ინსტიტუტმა CEVRO სხვა ორგანიზაციებთან და კერძო ექსპერტებთან ერთად მიმართა IDFI-ისაც. საბოლოოდ, ორ ინსტიტუტს შორის შედგა შეთანხმება და IDFI-ს თანამშრომლებმა დაწერეს სამი სტატია: ანტონ ვაჭარაძე, “სარეჟიმო არქივები”, გიორგი კლდიაშვილი, “ლუსტრაცია” და ლევან ავალიშვილი, “პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაცია”. სტატიები დაარედაქტირა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა და CEVRO-ს შემდგომ გამოშვებაში, რომელიც საქართველოს მიეძღვნება სამივე მათგანი იქნება გამოქვეყნებული. ჟურნალი დაიბეჭდება და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულ ფორმატშიც.
პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, ა/წ 19 ოქტომბერს გიორგი კლდიაშვილი და ანტონ ვაჭარაძე გაემგზავრებიან პრაღაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ერთდღიან ვორქ-შოპში და სხვა ქვეყნების მკვლევრებთან ერთად განიხილავენ თითოეულ სტატიას, ასევე ინსტიტუტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.