„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს პარლამენტს 2019 წლის 22 მაისს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა. IDFI-ს მოსაზრებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა.
IDFI-ს შეფასებით, ტექნიკური პროგრესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არსებობა. თუმცა, ამავდროულად არსებითად მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის გონივრული, პროპორციული და თანაზომიერი ბალანსის უზრუნველყოფა.
პრობლემურია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო არ ასრულებდა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე აღებულ ვალდებულებას, გაეუმჯობესებინა საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხევაში კი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში ზოგიერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
IDFI მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ანუ ის უმთავრესი ღირებულება, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
საქართველოში ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, თუმცა არ არსებობს ორგანო, რომელიც დააბალანსებდა აღნიშნული აპარატის საქმიანობას. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დარღვეულია ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების აღსრულების პროცესში კი ეს ბალანსი შესაძლოა უფრო მეტად დაირღვეს.
IDFI-ს მოსაზრებებში განხილულია ის საკითხები, რაც უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. IDFI-ს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მყარ გარანტიებს გაითვალისწინებდა, პერსონალური მონაცემების დაცვის მკაცრი სამართლებრივი რეჟიმის აღსრულების პროცესში შესაძლოა წარმოიშვას იმგვარი გამოწვევებიც, რომელთა პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია.
IDFI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მოცემული კანონპროექტის განხილვის პროცესში გაითვალისწინოს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი ინტერესი და არ დაუშვას ინფორმაციის თავისუფლების არსებული სტანდარტების გაუარესება.