დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით, IDFI აგრძელებს მოქმედების სფეროსა და საერთაშორისო ქსელის გაფართოებას. ამ კუთხით, 2021 წლის 8 ივლისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და Transitions Online (TOL) შორის. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივ მუშაობას მედიისა და ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ ნდობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან კოლაბორაციული ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობაზე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ფაქტების შემოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის/განეიტრალების კუთხით.
Transitions Online არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია ჩეხეთში , რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების განვითარებისა და ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლების მიმართულებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში 1999 წლიდან.
IDFI და TOL შეთანხმდნენ ფუნდამენტურ პრინციპებზე დეზინფორმაციისა და მისი შედეგების განეიტრალების კუთხით. ამრიგად, დაგეგმილია თანამშრომლობით ჩატარდეს ტრენინგები ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისევე როგორც საზოგადოების სხვა სეგმენტებისთვის. ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან კოორდინირებულად იმუშაონ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის კვლევების მიმართულებით აკადემიური შესწავლის დახვეწისთვის.
IDFI და TOL, მემორანდუმის ფარგლებში, ასევე ითვალისწინებენ პარტნიორობას ანალიტიკური მუშაობისა და კვლევითი თანამშრომლობის მიმართულებებით, მათ შორის დეზინფორმაციის თემაზე ანალიტიკური ნაშრომების შექმნით. თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს როგორც დეზინფორმაციის, ისე მედია კვლევებისა და ადვოკატირების საკითხებს.
TOL–ის ჟურნალისტთა ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკასა და თემებს, მათ შორის ონლაინ და სემინარებზე დაფუძნებულ მიდგომებს, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ომის დანაშაულების გაშუქება, ჯანმრთელობის პოლიტიკის რეპორტაჟი, უმცირესობათა საკითხების გაშუქება და ტრენინგების სერია დეზინფორმაციის შესახებ. 2017 წლიდან ორგანიზაციამ წარმატებით შეიმუშავა და განახორციელა რამდენიმე სპეციალიზებული პროგრამა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის, ისევე როგორც უფროსი თაობისთვის ჩეხეთსა და ვიშეგრადის სხვა ქვეყნებში. მედიის მიმართ ნდობის ამაღლების მიმართულება ჟურნალისტიკის ხარისხის გაუმჯობესების გზით TOL-ის მნიშვნელოვან სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს 2015 წლიდან. აღნიშნული მიმართულებებით, ორგანიზაცია წამყვანია ონლაინ სასწავლო და სატრენინგო პროგრამების შემუშავების კუთხითაც. ვირტუალური, როგორც სატრენინგო ისე დამოუკიდებელი ინტერაქციული კურსები არა მხოლოდ ინკლუზიური, არამედ განსაკუთრებით რელევანტურია თანამედროვე პერიოდში.