IDFI-მ გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 20 დეკემბერი 2017

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI-მ) სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.


IDFI-ის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარმოდგენა განაპირობა საქმის აქტუალურობამ და ადამიანის უფლებების სფეროში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების ინტენსივობამ. საქართველოს მოქალაქე გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების საქმემ გამოავლინა სისხლისსამართლებრივ საქმეებთან მიმართებით არსებული მასშტაბური ხასიათის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც სადავო ნორმების მოქმედებით ადამიანის უფლებების მაღალი ინტენსივობის, უპირობო შეზღუდვის შედეგია.


ერთ-ერთი სადავო ნორმის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოქმედებით, პროკურორსა და გამომძიებელს აქვთ განუზომელი უფლებამოსილება, შეზღუდონ დაცვის მხარის (ბრალდებულისა და მისი ადვოკატების) გამოხატვის თავისუფლება, აუკრძალონ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რაც, სხვა დანარჩენთან ერთად, იწვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას.


IDFI-ის აზრით, ეს შეზღუდვა ემყარება არაგანჭვრეტად რეგულირებას. კერძოდ, ნორმაში ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა იგულისხმება ტერმინში „გამოძიების შესახებ“ ინფორმაცია, რაც პროკურორსა და გამომძიებელს აძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას, შეზღუდონ დაცვის მხარის მიერ კონკრეტულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების ან მისი გასაჯაროების შესაძლებლობა, მაშინ, როცა თავად პროკურორს ან გამომძიებელს ამ ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობა თავად შეზღუდული არ აქვთ.


ასევე ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება სიტყვებში „არ გახდეს საჯარო“. ნათელი არ არის საჯაროობაში იგულისხმება თუ არა კონკრეტული ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობა, თუ ნებისმიერი პირისათვის, მათ შორის პროცესის სხვა მონაწილისათვის მიწოდებაც. მაგალითისათვის, სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ დაცვის მხარეს აუკრძალონ გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება მოწმეთა გამოკითხვისა და მომზადების პროცესში. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი არ არის ბრალდების მხარის თანაბარ პირობებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები.


ამგვარი რეგულირების არსებობის პირობებში, საზოგადოებასაც კონკრეტული საქმის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე უყალიბდება. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის რეალური რისკიც, ვინაიდან დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უპასუხოს ბრალდების მხარის საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციას.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომები დაიხურა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას. შესაბამისად, საზოგადოებას აღნიშნულ საქმესთან მიმართებით სასამართლო სხდომებთან დაკავშირებული დეტალების გაცნობის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკთან არის დაკავშირებული.


IDFI მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულირებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, მათ შორის ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნას, არღვევს გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024