IDFI-მ რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მიზნით კამპანია დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | სტატია 6 ივლისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დაარსების დღიდან მუშაობს საბჭოთა რეპრესიების საკითხზე და ამ მხრივ გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა და ნაშრომი, განხორციელებული აქვს სხვადასხვა აქტივობა და თანამშრომლობს საერთაშორისო ცნობილ უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ცენტრებთან. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, არის ბოლშევიკური, ე.წ. „სტალინური რეპრესიების“ შესწავლა საქართველოში, რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხი და მათი ფინანსური და სამართლებრივი დახმარება.

 

ასევე, საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალმა“ და მისმა თავმჯდომარემ, თავადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლმა, ბატონმა გურამ სოსელიამ, წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თხოვნით, სახელმწიფოს დაეცვა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი, ეღიარებინა რეპრესირებულ პირთა ისტორიული ღვაწლი და გადაედგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები მათი დარღვეული უფლებების აღდგენისა და რეაბილიტაციის მიზნით. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, მოცემულ ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია.

 

IDFI, საზოგადოება "მემორიალთან" ერთად, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებში პირველი აქტივობა რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნაა, რადგან სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, 7 ლარიანი დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად), სწორედ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით, IDFI-მ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

 

/public/upload/Blogs/123432.pdf

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლზე გაგზავნილი წერილი ქვემდებარეობით დაეწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად (№01/7411, 1 ივლისი, 2020 წელი) „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საბიუჯეტო ასიგნებების მატება გათვალისწინებული არ არის. გარდა ამისა, სამინისტროს პოზიციით, მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის გაზრდა გამოიწვევს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები სხვა კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა (ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შშმ პირების და სხვა) სამართლიან უკმაყოფილებას ანალოგიური შეღავათით სარგებლობის მოთხოვნით.

 

/public/upload/Blogs/12334.pdf

 

ა/წ 1 ივლისს პორტალზე ichange.gov.ge გამოქვეყნდა IDFI-ის მიერ დარეგისტრირებული პეტიცია, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვს 7 ლარიანი სუბსიდიის გაზრდას, რათა ეს ოდენობა გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას - 44 ლარს. იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი ელექტრონული პეტიცია ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 10,000 (ათი ათასი) მომხმარებლის მიერ,  საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიცია მის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით.

 

 

2020 წლის სექტემბრის თვიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 44 ლარამდე გათანაბრების შემთხვევაში (რითაც სარგებლობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა), 2020 წლის მთლიანი ხარჯი განისაზღვრება დაახლოებით 2,3 მილიონი ლარით (ზრდა 1,45 მილიონი ლარი - იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ზრდა სექტემბრის თვიდან), ხოლო 2021 წლის ხარჯი - 5 მილიონი ლარით (დაგეგმილთან შედარებით ზრდა 4,2 მილიონი ლარი).

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს. მაგალითად, 2010 წლის იანვრის მდგომარეობით, 7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობდა 20,775 პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რომელთა რაოდენობა 2020 წლის იანვრის მდგომარეობით განახევრდა - 10,396 პირი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რეპრესიები მოიცავდა მასობრივად ადამიანების დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციასა და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნასა და შევიწროებას, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა არაპროპორციულია იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.

 

გაეცანით მიმდინარე წლის 24 და 28 აპრილს, IDFI-ს მიერ ამავე თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებს - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“ და „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა".

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023