IDFI-ის შეფასება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 8 ივნისი 2022

2022 წლის 11 მაისს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის[1] მიხედვით, მისი მიღების მიზანს კანონმდებლობაში MONEYVAL-ის[2] რეკომენდაციების[3] ასახვა წარმოადგენდა. თუმცა, ცვლილებები, შესაძლოა ითქვას, მიემართება FATF-ის[4] მხოლოდ ერთ რეკომენდაციას,[5] რომელიც კომიტეტმა ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია. კერძოდ, განახლებული კანონის თანახმად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიემატა იმ უწყებათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეუძლია საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის გადაგზავნა[6] / რომლებსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან შეუძლიათ ინფორმაციის მოთხოვნა.[7] გაფართოვდა იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც გამოძიების მიზნებისთვის ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.[8]

 

ცვლილება შეეხო რისკების შეფასების პერიოდულობასაც. განახლებული კანონის თანახმად რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ, ნაცვლად 2 წლისა.[9] მართალია, FATF მიუთითებს რისკების შეფასების „უწყვეტ რეჟიმზე“ და მისი განხორციელების კონკრეტულ პერიოდულობას არ ასახელებს,[10] თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რისკების შეფასება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით ქვეყანაში არსებულ უმთავრეს გამოწვევებს განსაზღვრავს, ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მინიმალური ვადის გაზრდა დადებით ცვლილებად ვერ აღიქმება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა სიტუაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის რისკების თვალსაზრისით, თუმცა, სწორედ პანდემიის შემდგომ საზღვრების გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება რისკების მცირე ინტერვალებით შეფასების საჭიროება. ამასთან, აღნიშნულ ცვლილებამდე კანონი მთავრობას ამ დოკუმენტების ორ წელიწადში ერთხელ დამტკიცებას ავალდებულებდა, თუმცა, ქვეყანაში რისკების შეფასება 2019 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. დოკუმენტების ორწლიანი ინტერვალით განახლება ერთხელაც კი არ მომხდარა, რაც რეალურად ნათელს გახდიდა, საქართველოს პრაქტიკაში რამდენად გონივრული იქნებოდა აღნიშნული ვადა.

 

ნიშანდობლივია, რომ MONEYVAL-ს მეხუთე რაუნდის ორმხრივი შეფასების ანგარიშში აქცენტი არ გაუკეთებია საქართველოში რისკების შეფასების პერიოდულობაზე, თუმცა, მიუთითა ეროვნული რისკების შეფასების ანგარიშის არასრულყოფილ შინაარსობრივ მხარეზე. მაგალითად, კომიტეტის შეფასებით ანგარიშმა, მართალია, მიმოიხილა არაკომერციულ ორგანიზაციებთან მიმართებით რიგი საკითხები, თუმცა, ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული რისკები სათანადოდ არ შეაფასა. კერძოდ, საქართველოს არ შეუსწავლია არაკომერციული ორგანიზაციების მახასიათებლები და საქმიანობის ფორმები, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსების მაღალ რისკებზე მიუთითებდნენ.[11] აღსანიშნავია, რომ FATF-ის 40 რეკომენდაციიდან საქართველოს შეუსრულებელი აქვს ერთი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება სწორედ არაკომერციულ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კონტექსტში.[12] მიუხედავად ამისა, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით პროგრესის მისაღწევად დამატებითი ნაბიჯები არ გადადგმულა. არ არის განსაზღვრული ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული იმ საფრთხეების ხასიათი, რომელთა წინაშეც არაკომერციული ორგანიზაციები შეიძლება აღმოჩნდნენ, არ მომხდარა გატარებული ზომების გადახედვა, მათ შორის, კანონმდებლობისა, რაც განსაზღვრავდა არაკომერციული ორგანიზაციების იმ ქვეჯგუფს, რომელიც შეიძლება ტერორიზმის დაფინანსების საფრთხეების წინაშე იდგნენ.

 

კანონში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების შედეგად კანონის მე-12 მუხლს დაემატა მეექვსე პუნქტი, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდათ სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებით გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა MONEYVAL-მაც, რომელმაც რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის,[13] შეესწავლა არსებული სისტემები და მიეღო ზომები კომპეტენტური ორგანოებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სათანადო, ზუსტი და განახლებული ინფორმაციის დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ცენტრალური სისტემატიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სხვა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნისკენ, რისი ვალდებულებაც ქვეყანამ 2016 წელს ლონდონში გამართულ ანტიკორუფციულ სამიტზე აიღო, დღემდე რეესტრი შექმნილი არ არის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები კვლავ სახეზეა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები არ არის საკმარისი ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად და აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ ამბიციური საპასუხო ნაბიჯები გადადგას. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშუროს MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების, მათ შორის, ბენეფიციარ მესაკუთრეებთან მიმართებით არსებული რეკომენდაციების შესასრულებლად, რამდენადაც აღნიშნული რეკომენდაციები წარმოადგენს ძირითად ფუნდამენტს, რომლის შესრულებითაც სახელმწიფოებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საერთო მიზანს შეიძლება მიაღწიონ.

 

________

 

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/299625?.

 

[2] ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი კომიტეტი - MONEYVAL არის ევროსაბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანო, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეაფასოს წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული შიდა საშუალებების ძირითად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, განსაზღვროს მათი ეფექტიანობა და შეიმუშაოს რეკომენდაციები.

 

[3] MONEYVAL, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიტერორისტული დაფინანსების ზომები - საქართველო, მეხუთე რაუნდის ორმხრივი შეფასების ანგარიში, 2020 წლის სექტემბერი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rm.coe.int/moneyval-2020-20-5th-round-mer-georgia/1680a03271. ანგარიში აფასებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სისტემის ეფექტიანობას და მის შესაბამისობას ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ 2012 წელს გაცემულ რეკომენდაციებთან.

 

[4] ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფი (FATF) წარმოადგენს დამოუკიდებელ მთავრობათაშორის უწყებას, რომლის მიზანია ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ პოლიტიკის ხელშეწყობა.

 

[5] MONEYVAL, საქართველო, მეხუთე რაუნდის ორმხრივი შეფასების ანგარიში, გვ. 238.

 

[6] საქართველოს კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 30/10/2019, მუხლი 34(1).

 

[7] იქვე, მუხლი 39(6).

 

[8] იქვე, მუხლი 39(7).

 

[9] იქვე, მუხლი 5(3).

 

[10] FATF Guidance, National Money Laundering and Terrorist Financing Risk Assessment, 2013, გვ.18 – 19, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.fatf-gafi.org/media/fatf/content/images/National_ML_TF_Risk_Assessment.pdf.

 

[11] MONEYVAL, საქართველო, მეხუთე რაუნდის ორმხრივი შეფასების ანგარიში, 2020 წლის სექტემბერი, გვ. 196 – 197.

 

[12] იხ.: IDFI, საქართველოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების მიმოხილვა, 2022, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/Analysis/Compliance%20with%20FATF%20Recommendations_Geo.pdf.

 

[13] იხ.: IDFI, MONEYVAL-ის შეფასება საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ, 2020, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/Blog/MONEYVAL%20final%20GEO.pdf.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023