IDFI-ის სამოქალაქო კონტროლის აქტივობები 2011 წელს

სამოქალაქო კონტროლი 28 აპრილი 2014

 

2011 წლის განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული სამოქალაქო კონტროლის საქმიანობები რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს მოიცავდა:
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის ხარისხის მონიტორინგი;
• საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო რესურსების მონიტორინგი;
• საქართველოში სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
• საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ხარისხის დადგენა;
• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობისთვის საჭირო მექანიზმებისა და ბერკეტების უზრუნველყოფის დაკვირვება;
• სახელმწიფოს მიერ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის შემოწმება.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხარისხისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების შესაფასებლად IDFI დაუკავშირდა სხვადასხვა საჯარო უწყებას და მისგან გამოითხოვა შემდეგი ტიპის ინფორმაცია: ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ, ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებს კონკრეტული საჯარო დაწესებულება, ასევე კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია და რეკლამაზე დახარჯული თანხები. აღსანიშნავია ის, რომ უწყებები ხშირად არღვევდნენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის მიწოდების 10 დღიან სამუშაო ვადას, რის გამოც ინტიტუტს უწევდა განმეორებითი მიმართვების მომზადება.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო უწყებებიდან IDFI-მ რამდენჯერმე მიიღო უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო დაწესებულებები აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არ არის და ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია თანამდებობის პირების პერსონალურ მონაცემებთან, მათ ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან, რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. მაშინ როცა თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემები (სამსახურის ტელეფონი, ელ-ფოსტა და ფინანსები) ღიაა და ექვემდებარება გაცემას აღნიშნული პირების თანხმობის გარეშეც.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუგზავნა წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. გამოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია: რექტორის თანამდებობრივი სარგო და პრემია, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დახარჯული თანხების ოდენობა, უნივერსიტეტებზე რიცხული ავოტმანქანების შეკეთებაზე დახარჯული თანხა, სატელეფონო, მათ შორის მობილურის შესყიდვაზე დახარჯული თანხები. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებმა კანონით დადგენილ 10 დღიან სამუშაო ვადას გადააცილეს, აღნიშნული ინფორმაცია მაინც მიაწოდეს ინსტიტუტს.

 

2011 წლის 28 იანვარს 131 არასამთავრობო ორგანიზაციამ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა და ინფორმაციის თავისუფლების დამცველებმა ევროპის 48 ქვეყნიდან ხელი მოაწერეს მიმართვას, რომლითაც მოუწოდეს ევროპარლამენტს ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დასაცავად. ევროკომისიამ პარლამენტის სხდომაზე დააყენა ელექტრონული წერილებისა და სხვა დოკუმენტების საჯაროობის შეზღუდვის საკითხი, როგორც „არაფორმალური“ დოკუმენტებისა. აღნიშნული შეზღუდვების დაწესება უფლებას ანიჭებს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენლებს გაასაიდუმლონ საკუთარი კომუნიკაციები. ევროკომისიის ეს წინადადება ეწინააღმდეგება ღიაობის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის კონვენციაში და აბათილებს ევრო სასამართლოს დადგენილებებს დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ფართო უფლებებთან დაკავშირებით.

 

2011 წლის 28 თებერვალს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საზოგადოებას წარუდგინა ახალი პუბლიკაცია „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში". პუბლიკაციაში გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხი, კერძოდ, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია. საუბარია ასევე ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და მსოფლიოში. წარმოდგენილია, ასევე საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით.

 

2011 წლის მარტში IDFI-მ დაიწყო პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განავითარებს საინფორმაციო ვებ-პორტალს www.opendata.ge, რომელიც 2010 წელს ამოქმედდა. ვებ-გვერდზე პერმანენტულად გამოქვეყნებული იქნება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად მოთხოვნილი სხვადასხვა თემატიკის აქტუალური და სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

2011 წლის აპრილში IDFI- მ დაიწყო პროექტი - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი ", რომელიც წარმოადგენს 2010 წელს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების (ოფიციალური ვებ-გვერდების) მონიტორინგი” გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში IDFI-ის ანალიტიკოსებს საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სხვადასხვა უწყებების ვებ გვერდებს და შეემოწმებინათ დაწესებულებების გამჭვირვალობა გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის და მისი შინაარსის მიხედვით. ამავდროულად საყურადღებო იყო ის ინტერაქციული აპლიკაციები, რომელსაც უწყებები იყენებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის საწარმოებლად. პროექტის ფარგლებში მონიტორინგი გაეწია სხვადასხვა საჯარო უწყებას (48 ოფიციალური ვებ გვერდი): სამინისტროებს, მათთან დაქვემდებარებულ უწყებებს, სააგენტოებს, სამეცნიერო თუ სხვა ფონდებს, მედია უწყებებს, სასწავლო ცენტრებს, საჯარო სამსახურის ბიუროს და სხვ.

 

IDFI-ის კიდევ ერთი პროექტის - „სტალინური სიები საქართველოზე“ ფარგლებში ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსთან ერთად მუშაობს წიგნზე, რომელიც მოიცავს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა ბიოგრაფიულ მონაცემებს, კერძოდ, იმპირთა ჩამოთვალს, რომლებიც უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით გასამართლდნენ. წიგნი დაეფუძნება საერთაშორისო საზოგადოება მემორიალის მიერ მოწოდებულ მასალებს.

 

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას და განაცხადა მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიეღო "პარტნიორობაში ღია მმართველობისათვის" როგორც “რეგიონულ ლიდერს”. პარტნიორობა ღია მმართველობისთვის დაიწყო 2011 წლის 20 სექტემბერს ნიუ იორკში, როდესაც 46 ქვეყნის ლიდერი (მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი) შეთანხმდა ღია მმართველობის ფასეულობაზე. ღია მმართველობის დეკლარაციას ხელი მოაწერა რვა ქვეყანამ: ბრაზილია, ინდონეზია, მექსიკა, ნორვეგია, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი, და შეერთებული შტატები. პარტნიორი ქვეყნები წინასწარ შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე.

 

2011 წლის განმავლობაში ორგანიზაციას საშუალება ჰქონდა კვლევითი პროექტის, დისკუსიის თუ სხვა ფორმატში ეთანამშრომლა დაწესებულებებთან, დაკვირვებოდა მათ საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გაეცა რეკომენდაციები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023