28 სექტემბერი - ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის შექმნის აღსანიშნავად (The Freedom of Information Advocates Network (FOIAnet)), 2002 წელს დაარსდა. ამ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მსოფლიოს ორმოცამდე სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.
საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად არის აღიარებული და მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის წინაპირობაა.
ამავე დროს, 28 სექტემბერთან დაკავშირებით, ინსტიტუტი ბოლო დროს საქართველოში დამკვიდრებულ გაუმჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უგულებელყოფის პრაქტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, საქართველოში მოქალაქეთა უფლება მიიღონ საჯარო ინფორმაცია ხშირად აწყდება ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს.
მაგალითად, 2012 წლის ივლისში პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში საჯარო დაწესებულებებისათვის გაგზავნილი შეკითხვებიდან ინსტიტუტს დღემდე არ მიუღია პასუხები შემდეგ მოთხოვნებზე:
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მთავრობის კანცელარია
ფინანსთა სამინისტრო
ახალციხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგეობები
გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტების გამგეობები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია საიდანაც ირკვევა, რომ - 2012 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს „სხვა ხარჯებისათვის“ გამოყოფილი ერთი მილიონი (1 000 000) ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში დაცული არ არის. აღნიშნული პასუხი სამწუხაროდ მეტყველებს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების უგულებელყოფის სისტემურ მიდგომაზე.
ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოასწორონ რიგი საჯარო დაწესებულებების მიდგომა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში და უზრუნველჰყონ კანონმდებლობით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება.
დანართის სახით იხილეთ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ 27 ივლისს მოთხოვნილ ინფორმაციაზე (გთხოვთ მოგვაწოდოთ 2012 წლის პირველ კვარტალში განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისათვის“ გამოყოფილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული პასუხი: