ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქესა და გულშემატკივარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. სპეციალურად ამ დღისთვის, ინსტიტუტი პირველად აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტს. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი) 1990 წლის 24 აპრილს მომზადებულ ანალიტიკურ ცნობას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.
"გვინდა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ არქივების ღიაობისა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულების ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, IDFI-ის თხოვნით რამდენიმე წლის წინ გამოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს. სწორედ ეს დოკუმენტები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენი ინსტიტუტისთვის იქნა მოპოვებული და გადმოცემული, სრულად იქნება მალე გამოქვეყნებული ჩვენ მიერ. თუმცა, იქამდე ჩვენ ერთ-ერთ მათგანს წარვუდგენთ საზოგადოებას, რადგან ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ წარსულის ობიექტური შესწავლით არის შესაძლებელი მომავალი თაობების გააზრებული არჩევანის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება უშუალოდ ქვემოთ წარმოდგენილ დოკუმენტს, მისი სახელწოდებაა: საქართველო - დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება. დოკუმენტის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი ძლიერდება. დამოუკიდებლობის მსურველები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი - ისინი, ვინც მოსკოვთან მკაცრ და უხეშ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას და სურთ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მიღება, მეორე ნაწილი კი თანდათანობით, რაციონალურად მიზნის მიღწევის მომხრენი არიან. მოხსენების მიხედვით საქართველოში ძლიერდება ანტი-ქართული განწყობები ეთნიკურ უმცირესობებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან. არსებობს დაპირისპირების საფრთხე. ანალიზის ავტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მოსკოვი თავს შეიკავებს რესპუბლიკის შიდა კონფლიქტში მონაწილეობისგან, თუმცა, მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ.
დოკუმენტში საუბარია აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად მძაფრდება ანტი-საბჭოთა განწყობა. დემონსტრანტებმა გაანადგურეს ლენინის ქანდაკება და საბჭოთა სიმბოლოები. ყოველ პარასკევს, საღამოს 6 საათიდან იმართება საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით. შენობებიდან მხოლოდ ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური ეკლესიის დროშები ფრიალებს. ცვლილება შეეხო ენის საკითხსაც - ქართული სახელმწიფო ენად აღიარეს, სკოლებში ისწავლება საქართველოს ისტორია. შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსთა შეფასებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნაციონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მოქალაქეები დაუფარავად ესწრებიან წირვა-ლოცვას. მათი აზრით ქართველების დაბრუნება ეკლესიის წიაღში შესაძლოა აიხსნას ორი მიზეზით - უკვე აღარ იკრძალება რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და გარდა ამისა, რელიგია ქართველებისთვის საკუთარი იდენტობის ხაზგასმის საშუალებაა.
ანალიტიკოსთა შეფასებით მოსკოვი შიშობს, რომ თუკი საქართველოს არ ექნება მეტი თავისუფლება, ქვეყანაში იმძლავრებს ანტი-რუსული განწყობები. თუკი, რუსი ეროვნების მოქალაქეები გახდებიან თავდასხმის ობიექტები ქართველი ნაციონალისტების მხრიდან, მოსკოვი ჩაერევა, მაგრამ სავარაუდოდ არაქართული მოსახლეობის რესპუბლიკიდან გაყვანით ან ეკონომიკური სანქციების დაწესებით. ამავე დროს, ნაკლებსავარაუდოა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. მათი შეფასებით გორბაჩოვის რეაქციას ლიტვაში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში არსებული ეროვნული მოძრაობებისთვის. უფრო რაციონალურები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიან თანდათანობითი, მოლაპარაკებების გზით მიღწეული დამოუკიდებლობის სისწორეში. რადიკალებმა კი შესაძლოა იფიქრონ, რომ ეს დასტურია იმისა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს საქართველოს გამოყოფას და ერთადერთი გამოსავალი, რადიკალური ქმედებებია", - აცხადებენ IDFI-ში.