„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP–Open Government Partnership) საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნებიც საკუთარ თავზე ნებაყოფლობით იღებენ კონკრეტულ ვალდებულებებს. ეს ვალდებულებებია: მთავრობის გამჭვირვალობა, მოქალაქეთა გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მმართველობის გასაუმჯობესებლად. OGP-ის „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული დიალოგი“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რეგიონის რეფორმატორებისთვის, ყოველწლიურად შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ ღია მმართველობის გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და უახლესი ამბები.
გასული წლის მსგავსად, 2016 წლის დიალოგშიც მონაწილეობა IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მიიღო. საქართველოდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს) წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრას 21-22 ივლისს „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB – Asia Development Bank) უმასპინძლა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. მისი თანაორგანიზატორები იყვნენ ADB, OGP, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კომპანია IBM Philippines. შეხვედრას ესწრებოდა 100-ზე მეტი მონაწილე რეგიონიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები, OGP-ის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები და OGP-ის მხარდამჭერები რეგიონში.
დიალოგი მიზნად ისახავდა გაეღრმავებინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებს შორის თანამშრომლობა და წაეხალისებინა მონაწილე ქვეყნები უფრო ამბიციური ვალდებულებების აღებაში. ADB-ის წარმომადგენლის ჰაიდი ეარ-დუპუი (Haidy Ear-Dupuy) განცხადებთ, „OGP-ის წევრ ქვეყნებს მიეცათ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და გაამყარონ ერთმანეთის წარმატება OGP-ის პრინციპების დანერგვის საქმეში. ეს დიალოგი აერთიანებს რეგიონის მასშტაბით OGP-ში მონაწილე ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს - ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ ისწავლონ ერთმანეთისგან და განსაზღვრონ ის მიმართულებები, რომლებსაც ცალკეულმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. OGP გრძელვადიანი პროცესია, ხოლო ასეთი რეგულარული შეხვედრები ეხმარება ქვეყნებს გახდნენ უფრო ღია და გამჭვირვალე, და მეტად ჩართონ მოქალაქეები მმართველობაში.“
ამჟამად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან OGP-ში ჩართულია 11 ქვეყანა. მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2011 წელს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა OGP-ის პრინციპებს. OGP-ის ფარგლებში საქართველომ უკვე მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მის შედგენაში კონსულტაციის სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სტუდენტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. მასში შესული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის შემდეგ ძირითად გამოწვევებს: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო კეთილსინდისიერების გაზრდა, საჯარო რესურსების უფრო ეფექტური მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
რეგიონის ბევრმა ქვეყანამ შეძლო განეხორციელებინა ღია მმართველობის ინიციატივები. მაგალითად, საქართველომ რეაგირება მოახდინა ფარული მიყურადების გამოყენების პრობლემებზე და გაასაჯაროვა შესაბამისი მონაცემები.
შეხვედრის დროს დისკუსიები გაიმართა ღია მონაცემების, ფისკალური ღიაობის, საჯარო მომსახურების მიწოდების და სხვა საკითხებზე. 22 ივლისს, გიორგი კლდიაშვილი წარუძღვა დისკუსიას საკანონმდებლო ღიაობის შესახებ, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი რეფორმები, და OGP-ის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ინოვაციური პროექტები. მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება მიეღოთ რეკომენდაციები მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ.