IDFI-ს წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს კიევში გამართულ კონფერენციაში Agenda for Change, რომელიც ევრაზიაში ციფრული მედიის განვითარებას ეხებოდა. კონფერენციის მიზანი იყო მონაწილეებს ესაუბრათ დამოუკიდებელი მედიის განვითარების გზებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ორი მთავარი თემა ჰქონდა: ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მედიაზე კონტროლის გაზრდა ავტორიტარულ სახელმწიფოებში. ასევე, აქტიურად განიხილა ბაზარზე ოპერატორების მონოპოლია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა.
ფორუმი 23 სექტემბერს გაიხსნა და სხვა მონაწილეებთან ერთად IDFI-ს ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ და მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
უჩა სეთურმა მონაწილეობა მიიღო მაუწყებლებსა და ოპერატორებს შორის გამართულ დისკუსიაში, სადაც მიმოიხილა ქართული სამაუწყებლო ბაზარი, გააცნო დამსწრეებს საქართველოს გამოცდილება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია. ციფრული მაუწყებლების ქსელის ოპერატორების და მაუწყებელების ურთიერთკავშირის და დაშვების პრობლემების საკითხის შეფასებისას წარმოდგენილი იყო ის რეგულაციები, რომელიც აზღვევს მაუწყებლების გავრცელების რისკებს გაციფრულების შემდგომ.
უჩა სეთურმა თავის მეორე პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა გაციფრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხზე და წარმოადგინა საქართველოს საინფორმაციო კამპანიის სტრატეგია, რომელიც მოიცავს 24 საათიანი ცხელი ხაზის უზრუნველყოფას, სპეციალური ვებ-გვერდის შექმნას, სახელმძღვანელოების პრეზენტაციებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს. უჩა სეთურმა წარმოადგინა რეკომენდაციები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და განმარტა IDFI-ს როლი ამ პროცესში. მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მომზადდეს საზოგადოება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის.
თამარ იაკობიძემ ინტერნეტის თავისუფლებაზე, პირადი ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე და ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებზე ისაუბრა. ამ აქტივობებს შორის არის ვებ-გვერდი Freedomtointernet.com რომელიც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (მათ შორის IDFI-ს) საერთო პლატფორმაა.
უკრაინის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
უკრაინაში წლიურად ერთ მაყურებელზე მხოლოდ 10$ ღირებულების სარეკლამო საშუალება იხარჯება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ამ მხრივ უკრაინა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად შეიძლება მივიჩნიოთ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს თანხა უკრაინის მაჩვენებელს დიდად არ აღემატება და 19 ლარს, ანუ 12$ შეადგენს (74 000 000/4 000 000)
უკრაინამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი 2016 წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.
კონფერენციაზე დამოუკიდებელ მაუწყებელთა თავმჯდომარე ტატიანა ლებედევამ ხაზი გაუსვა აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ არ დაწყებულა მოქალაქეთა ინფორმირების პროცესი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
საქართველოს გაციფრულების სტრატეგია და არსებული პრაქტიკა შეფასდა როგორც საუკეთესო აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნების ანალოგურ პრაქტიკასთან მიმართებით