IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 20 იანვარი 2025

11-15 იანვარს, ქ. ბათუმში, რეპრესიების ინტენსივობამ მნიშვნელოვნად იმატა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს მშვიდობიანი პროტესტის ათობით მონაწილე, მათ შორის გამომცემლობა „ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი და ამავე გამომცემლობის ოპერატორი გურამ მურვანიძე. რიგ შემთხვევაში, დაკავება განხორციელდა 15 იანვრის გაფიცვის შესახებ საინფორმაციო სტიკერის გავრცელების გამო.  სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 მათგანი პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. მზია ამაღლობელი, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდგომ,  რამდენიმე წუთში სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს. 

 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 დაკავებულს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5,  8  და 12 დღეების ოდენობით.  მათ შორის იყო ბათუმის პროტესტის „მედროშე” თემურ ქათამაძე, რომელიც გათავისუფლებისთანავე 16 იანვარს კვლავ დააკავეს საიმიგრაციო კანონმდებლობის საფუძველზე და მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. 

 

2025 წლის 14-15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს ზვიად ქორიძეს და პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.

 

განვითარებულ რეპრესიულ მოვლენებში, ერთის მხრივ სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი ჩართულობა, მეორეს მხრივ კი, მათი დანაშაულებრივი უმოქმედობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ქართული ოცნების ეფექტიან კონტროლს ექვემდებარება. ამ პერსპექტივით, ბათუმში განხორციელებული რეპრესიებიდან განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებს ორი შემთხვევა - მზია ამაღლობელის დაპატიმრება და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ჯგუფური ძალადობა სასტუმრო შერატონის ტერიტორიაზე. 



გაზეთ „ბათუმელების” თანადამფუძნებელისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება 

 

გაზეთი „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი სისხლის სამართლის წესით 12 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდგომ, მალევე რამდენიმე წუთში დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

პროპაგანდისტული მედიასაშუალების მიერ, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დაკავების გასამართლებლად გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ მზია ამაღლობელმა მარცხენა ხელით ბათუმის პოლიციის უფროსს გიორგი დგებუაძეს მსუბუქი სილა გააწნა (რაც შესაძლებელია გაუთანაბრდეს შეურაცხყოფას მაგრამ არა ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც საკმარისი იქნებოდა 353 პრიმა მუხლის ფორმალური შემადგენლობისთვის).

 

IDFI-ის შეფასებით, რომც გამოვრიცხოთ დგებუაძის მიერ დანაშაულის პროვოკაცია და მხოლოდ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერით ვიხელმძღვანელოთ, მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და, მეტიც, აშკარაა პოლიტიკური დევნის ნიშნები.  კერძოდ, სსკ-ის 353 პრიმა მუხლით დასჯადია „პოლიციელზე…, მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა”. სისხლის სამართლის კოდექსი არ განმარტავს რას გულისხმობს ტერმინი „თავდასხმა”. უზენაესი სასამართლოს განმარტებით (იხ. 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი, პარ. 8.8.) „თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად ძალადობას წარმოადგენს „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”.  

 

აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელთან, მის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებულ ნივთებთან ნებისმიერი კონტაქტი ან/და ამგვარი კონტაქტის მუქარა ვერ ჩაითვლება დანაშაულად. ამგვარმა აქტმა უნდა მიაღწიოს ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს. ეს ინტენსივობა უნდა შეფასდეს მის მიერ განხორციელებული აქტით რამდენად შეიძლებოდა ადამიანის დაზიანება ანდა რამდენად არსებობდა ამგვარი დაზიანების მიყენების განზრახვა. პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც კი ნათლად  იკვეთება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება ამგვარ შედეგს ვერ გამოიწვევდა და იგი ყველაზე მძიმე შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეიძლება შეფასდეს. 

 

აღსანიშნავია, რომ დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მუქარა გაზეთ „ბათუმელების” მიმართ. აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ასევე დააკავეს ამავე გამოცემის ოპერატორი - გურამ მურვანიძე, რომელსაც 14 იანვარს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მზია ამაღლობელის განმარტებით, დაკავების შემდგომ იგი გახდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი, რაც, მათ შორის გიორგი დგებუაძის მიერ, დაკავებულის სახეში შეფურთხებით გამოიხატა. 

 

შემაშფოთებელია, რომ სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ვინაიდან მის საქმეში არ იკვეთება პატიმრობის გამოყენების არცერთი წინაპირობა.  პოლიტიკური დევნაზე დამატებით მიუთითებს ქართული ოცნების პარტიის წევრთა განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივით ცდილობენ ბრალდების მხარდაჭერას. 

 

წარმოდგენილ არგუმენტებზე დაყრდნობით, IDFI მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელისა და გამომცემლობა „ბათუმელების” მიმართ ცალსახად ხორციელდება პოლიტიკური დევნა. 



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერზე ზვიად ქორიძესა და პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმა 

 

2025 წლის 14-15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს ზვიად ქორიძეს. TI-ის ცნობით, ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. ინციდენტიდან მალევე, იგივე ჯგუფი (ან ამ ჯგუფის ნაწილი) თავს დაესხა ასევე პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. 

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია დღემდე, უარს აცხადებს დაზარალებულებისთვის ვიდეო ჩანაწერის გადაცემაზე, სადაც მათზე თავდასხმაა ასახული. შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობის/ცემის მუხლით (სსკ მუხლი 126), მაშინ როდესაც თავდასხმაში აშკარად იკვეთება ჯგუფური ძალადობისა ან/და დევნის მუხლები (სსკ 156-ე და 225-ე მუხლები). 



ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სექტორი -  გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა ისევე, როგორც საერთო სასამართლოები - ეფექტიან პარტიულ კონტროლს ექვემდებარება. მართლმსაჯულების სექტორი  საქართველოს კონსტიტუციას და კანონის ინსტრუმენტალიზაციით იღებს პარტიული ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. 

 

ფოტო გარეკანზე: "ბათუმელები"

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024