25 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების განვითარება“-ს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს. პროექტი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით მიმდინარე „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (Good Governance Initiative in Georgia) პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სამინისტროში კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესებას და ანგარიშვალდებულების, საჯარო ეთიკის და კორუფციის პრევენციისთვის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკატერინე სეფაშვილი, IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელები და პროექტის სხვადასხვა მონაწილეები.
შეხვედრისას, პროექტის კოორდინატორმა საბა ბუაძემ სამინისტროს დეპარტამენტისა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებს წარუდგინა პროექტით გათვალისწინებული მიზნები, აქტივობები და მათი განხორციელების გეგმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს პოლიტიკის იმ დოკუმენტებს, რომელიც დაკავშირებულია სამინისტროში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის პრევენციასთან. პროექტის პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა-დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ჯგუფის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნული ვალდებულებით ასევე შეუერთდება საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც ამ საერთაშორისო ინიციატივაში სამინისტროს პირველი ვალდებულება იქნება.