რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 3 ნოემბერი 2022

 ავტორი: ქემერონ ფრეზერი, ნიუკასლის უნივერსიტეტის (NU) ბაკალავრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სტაჟიორი

 

პოსტსაბჭოთა კონტექსტში ჩეჩნეთის პირველმა ომმა (1994-1996 წწ.) რუსეთს დაანახა დეზინფორმაციის მნიშვნელობა კონფლიქტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნური ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ ამ კონფლიქტში, რუსეთმა წააგო „საინფორმაციო ომი“[1]. ჩეჩნურმა ძალებმა  რუსი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების დემორალიზებისთვის გამოიყენეს მრავალი ტაქტიკური სვლა: საერთაშორისო მაუწყებლების საშუალებით ყალბი შეტყობინებების გავრცელება, რუსეთის სხვა ნაწილებზე მოჩვენებითი თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმების მიზნით რუსული ფორმების ჩაცმა და საკუთარი ჩანაწერების რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლებზე გავრცელება[2]. ამან რუსეთის მთავრობას ნათლად დაანახა, რომ მომავალი კონფლიქტების დროს საინფორმაციო სივრცის კონტროლი გადამწყვეტი იქნებოდა. რუსეთის კვაზი ექსპანსიონისტურმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ კავკასიაში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გამოავლინა დეზინფორმაციისადმი ბევრად უფრო დახვეწილი მიდგომები, რამაც შემდგომში, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში, დეზინფორმაციული ტაქტიკის გამოყენების პრეცედენტი შექმნა.

 

წინამდებარე სტატია  დეზინფორმაციის იმ მეთოდების წარმოჩენის მცდელობაა, რომლებსაც რუსული სახელმწიფო მიმართავდა ამ კონფლიქტის დროს. გარდა ამისა, რაკი უკრაინის 2014 და 2022 წლების კონვენციურ ომებში საინფორმაციო ომი მნიშვნელოვნად განვითარდა, სტატიაში წარმოდგენილი იქნება კონფლიქტების შედარებითი ანალიზი. შემდეგ გამოიკვეთება ამგვარ ტაქტიკასთან გამკლავების შესაძლო მეთოდები.

 

დეზინფორმაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ყალბი (პოლიტიკური) ნარატივების გავრცელების მიზანმიმართული აქტი[3]საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. ის ძლიერი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ორი ძირითადი მიზეზის გამოა: უპირველეს ყოვლისა, ის მიმართავს დადასტურების მიკერძოებულ თეორიას, რომელიც ადგენს, რომ ადამიანები უსმენენ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება მათში მანამდე არსებულ რწმენას[4]. ადამიანებს, სავარაუდოდ, ურჩევნიათ, განაგრძონ ჩვეული მედიის მოსმენა, ვიდრე მიენდონ ინფორმაციის ახალ წყაროს. მეორეც, ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჭეშმარიტი[5]. ის ხშირად,  განსაკუთრებით კონფლიქტის დროს, იღებს უფრო ემოციურ ფორმას, შესაბამისად, უფრო მეტად იპყრობს აუდიტორიას, ვიდრე ნამდვილი ამბები.

 

რუსული დეზინფორმაციის მეთოდები 2008 წლის ომამდე

 

ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის დეზინფორმაციის მეთოდების გამოცდისთვის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზანი ამ რეგიონებში დაძაბულობის ზრდა იყო. ხსენებული ყველაზე ცხადად წარმოაჩინა 2006 წლის რეფერენდუმის შედეგებმა. მოქალაქეთა უმრავლესობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობას, რაც რუსეთის გავლენის შედეგი იყო და რეფერენდუმი არალეგიტიმურად  ცნო როგორც საქართველომ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ[6]. რუსეთის მიერ შეიარაღების ეტაპობრივმა გაძლიერებამ და სამხედრო წვრთნებმა შეამზადა ოსები და აფხაზები და დაწყების შემდგომ ხელი შეუწყო კონფლიქტის გამართლებას. დეზინფორმაცია ამ პერიოდში აშკარა სტრატეგია იყო. რუსეთი გამუდმებით ავრცელებდა ყალბ ამბებს 2008 წლის ომამდე განხორციელებული მცირემასშტაბიანი აგრესიული აქტების შესახებ, რომლებიც არღვევდა 2005 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება მხარეებს ავალდებულებდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შეიარაღების გამოაშკარავებას და 2008 წლისთვის ორი სამხედრო  ბაზის დაცლას [7]. რუსეთის აგრესიის სავარაუდო მოტივად დასახელდა საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავება და ნატოს პოტენციური წევრობის შესაძლებლობა. თუმცა რუსეთმა, აღიარების ნაცვლად, სხვა მრავალი შესაძლო ვერსიით სცადა, დაემალა აგრესიის რეალური მიზეზი. რუსეთმა შექმნა ნარატივი, რომელიც სრულად აკისრებდა პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აგრესიული ქცევის გამო. კრემლმა სწრაფადვე სცადა საერთაშორისო აუდიტორიასთან თავის მართლება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის გამოყენებით, როგორიც მიხეილ გორბაჩოვი იყო, რათა დაემტკიცებინა, რომ რუსეთს სულაც არ სურდა ომი [8]. თუმცა, რუსეთის მხრიდან მუდმივ სამხედრო წვრთნებისა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სამოქალაქო ომების დროს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას (1989-1992, 1992-1993)[9]თუ გავითვალისწინებთ, ზემოაღნიშნულს ობიექტური საფუძველი ეკარგება. რუსეთს კონფლიქტის დაწყებამდე უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ხსენებულ რეგიონებზე, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის გაუარესების შედეგად. ამან საშუალება მისცა რუსებს, გაეგზავნათ პროსახელმწიფოებრივი მიმართულების რეპორტიორები, რომლებიც ცდილობდნენ რეგიონში არსებული ნარატივის გაკონტროლებას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ამბების სათითაოდ  გადამოწმება რთული იყო, დეზინფორმაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაძნელდა[10]. რუსული ცნობები ქართული ძალების მიერ რუსი სამშვიდობოების მიზანმიმართულ ხოცვაზე Human Rights Watch-ის მიერ უკიდურესად არადამაჯერებლად შეფასდა. თუმცაღა ადგილობრივ მედიაზე რუსეთის მხრიდან ნაწილობრივი კონტროლის გამო, Human Rights Watch-ის მსგავსმა ორგანიზაციებმა ვერ დაადასტურეს, რომ ხსენებული ისტორიები სრულად ყალბი იყო[11]. ემოციური ამბების გაძლიერება, მაგალითად, მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ სამშვიდობო ძალების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხალხის მორალური მხარდაჭერის მოპოვებისა და მათი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის ეფექტიანი  დეზინფორმაციული საშუალებაა. რუსეთმა ეს 2022 წელს უკრაინის ომში  დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობის დამალვის მცდელობითაც გაიმეორა.[12]სტატისტიკის შეცვლა მიზნად ისახავს რუსეთის უფრო ძლიერ მხარედ წარმოჩენას, რამაც შესაძლოა მოახერხოს ომის მიმართ რუსეთის შიგნით არსებული  მხარდაჭერის შენარჩუნება ან გაძლიერება.

 

ომისდროინდელი საერთაშორისო რუსული დეზინფორმაცია

 

თანამედროვე კონფლიქტებში საერთაშორისო აზრი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთაშორისო მხარდაჭერა ეხმარება პატარა სახელმწიფოებს, მოიგერიონ ბევრად უფრო დიდი რესურსების მქონე ქვეყნების აგრესია. უკრაინის დასახმარებლად მობილიზებული სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო მხარდაჭერის ეფექტების მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, დეზინფორმაციის გლობალურად გავრცელება შესაძლოა, ეფექტური საშუალება იყოს მსხვერპლი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერის შემცირებისთვის. ცხინვალის რეგიონში ომში ჩართვის გასამართლებლად რუსეთის მთავარი არგუმენტი  გლობალური აუდიტორიის წინაშე ის იყო, რომ თითქოს ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებას ცდილობდნენ. ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარები პასუხს სცემდნენ (ქართველების მხრიდან წამოსულ) აგრესიას, რომელიც მიმართული იყო როგორც რუსი სამშვიდობოების, ისე ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ.[13]. ამ პერიოდში არსებობდა გაეროს მზარდი ტენდენცია, დაეცვა უმცირესობათა ჯგუფები მჩაგვრელებისგან. მაგალითისთვის, სამშვიდობო მისია იუგოსლავიის კონფლიქტში. რუსეთმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა და თავისი ჩართულობის გასამართლებლად, საქართველო ადგილობრივი ოსების ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა. იმისთვის, რომ კრემლს 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომი გაემართლებინა, ბრალდება გენოციდში გადაიზარდა. ორივე მტკიცება ძირეულადაა უარყოფილი. 2008 წელს რუსულმა მხარემ ხსენებული რიტორიკა  გაავრცელა მედია-რეპორტაჟით – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნებოდა, რომ 9 აგვისტოს ქართულმა ძალებმა მოკლეს 13 სამშვიდობო, თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და საცხოვრებელ ნაგებობებს, ასევე მოკლეს დაჭრილი ჯარისკაცები.[14]. ხსენებული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმ ნარატივის გასაძლიერებლად, რომ რუსი ჯარისკაცები მოქმედებდნენ დაცვის აუცილებლობის გამო და არა ექსპანსიონისტური მიზნებით.დეზინფორმაცია „პასპორტიზაციის“ პროცესთან ერთად ვრცელდებოდა. ამ პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეობა გადაეცემოდა  პირებს, რომლებიც ემსახურებოდნენ რუსეთის მხრიდან დე-ფაქტო კონტროლის მოპოვებას  ხალხზე და რუსეთთან მათი ჰომოგენიზაციის პროცესის გამარტივებას. დეზინფორმაციასთან ერთად, ეს იყო კრემლის მცდელობა, გაემართლებინა ინტერვენცია და შეექმნა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი „თავისი მოქალაქეების დაცვას“ ცდილობდა. ხსენებული ნარატივი მედიაში გაცილებით მარტივი აღსაქმელია, თუმცა როცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრას ვხედავთ, ყველაფერი მეტად რთულად ჩანს.ეს პროცესი განმეორდა უკრაინაში – ყირიმის რეგიონში, იმ კანონმდებლობის ფართოდ გავრცელებით, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებს რუსული პასპორტის მიღებასა და მოქალაქეობის მოპოვებას[15].

 

არსებობს გარკვეული დამოკიდებულება დასავლეთის გავლენის ზრდასა და ამასთან დაკავშირებით რუსეთის უკმაყოფილებას შორის. კონფლიქტის დროს ხსენებული დამოკიდებულება ძლიერდება. დასავლეთის მხრიდან უშუალო სამხედრო ჩაურევლობის მიუხედავად, ბრალდებები დასავლური „წამქეზებლობის“ შესახებ, რომ ის, რუსეთის ვარაუდით, სახელმწიფოების კრემლის წინააღმდეგ ამხედრებას ემსახურება, სინამდვილეში რუსეთის მხრიდან აგრესორის კონფლიქტის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაა[16]. დასავლური წამქეზებლობის მტკიცებულებად რუსეთი ასახელებს ფაქტს, რომ სწორედ აშშ-მ შეაგულიანა სააკაშვილი ომის დასაწყებად და დაარწმუნა, რომ ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარებას მიიღებდა[17]. ეს ეწინააღმდეგება მრავალ მოხსენებას, რომლებიც ამტკიცებს, რომ აშშ-მ გააფრთხილა სააკაშვილი, თავი შეეკავებინა სამხედრო მოქმედებისგან, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვებოდა აგრესიული პასუხი რუსეთის მხრიდან[18]. რუსეთი იყენებს ხსენებულ გაუგებრობას, რათა გააძლიეროს თავისი პროპაგანდისტული კამპანია და გააღრმაოს უნდობლობა დასავლეთის მიმართ. კონფლიქტის მიმდინარეობისას გავრცელდა ინფორმაცია,  რომ პუტინმა დარტყმა მიაყენა აშშ-ს იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა შიდა პოპულარობა. ეს ეფუძნებოდა მტკიცებას, რომ ამერიკამ საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ მოაწყო ხსენებული დაპირისპირება[19]. ეს მოვლენები წარმოაჩენს რუსეთის უნარს, გამოიყენოს გაურკვევლობა და დათესოს დაბნეულობა სხვადასხვა ნარატივის აღქმის პროცესში. იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთის მიმართ მოსაზრებები გაურკვეველი იყო და მუდმივად იცვლებოდა, თანმიმდევრული სახელმწიფო ნარატივის ნაკლებობამ საშუალება მისცა რუსულ დეზინფორმაციულ მანქანას, მორგებოდა ნებისმიერ შესაძლებლობას.

 

შიდა რუსული დეზინფორმაცია 2008 წლის ომის დროს

             

2008 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10% იყენებდა ინტერნეტს[20], უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, დიდი ქალაქებიდან. კონფლიქტის შედეგად კი ყველაზე მეტად დაზარალდა  სასოფლო დასახლებები. ამ სასოფლო დასახლებებში მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია და გაზეთი გადმოსცემდა სანდო ნარატივს. სწორედ ისინი იქცა რუსული დეზინფორმაციის სამიზნედ.

 

რუსეთის მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკა გახდა „პირველი ამბის“ გავრცელება, რაც აიძულებდა ქართულ მხარეს, ჩარეულიყო და შეეჩერებინა რუსული დეზინფორმაციის გავრცელება. მაგალითისთვის, 17 აგვისტოს  გენერალ-პოლკოვნიკმა ნოგოვიცმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც რუსეთს ბორჯომის მიმდებარედ ცეცხლის გახსნას და თბილისთან ახლოს ხიდის აფეთქებას აბრალებდა. პოლკოვნიკის მხრიდან ხსენებული ისტორიის გავრცელების მიზანი გორში ბრძოლის წამოწყების გეგმის შენიღბვა იყო[21]. ამგვარმა ქმედებებმა გაზარდა დაძაბულობა, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელი იყო, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ბრალდების გაბათილება მეტად რთული გახდა განსაკუთრებით ინტერნეტის დაბალი შეღწევადობის სივრცეებში, სადაც მოსახლეობისთვის ფაქტების შესამოწმებლად საჭირო მედიაწყაროები  ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. 2008 წელს საქართველო იყო პატარა ქვეყანა, რომელიც ავითარებდა საკომუნიკაციო შესაძლებლობებს, რუსეთმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა და მიზანში ამოიღო საქართველოს საინფორმაციო აპარატურა. 15 აგვისტოს რუსეთმა დაბომბა მთავარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზი, რამაც შეაფერხა კომუნიკაცია და დეზინფორმაციისგან თავდაცვა უფრო რთული გახადა პოსტკონფლიქტურ სივრცეში[22]. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს 10 და 11 აგვისტოს ეგონათ, რომ რუსეთის ჯარები თბილისისაკენ ღამით მოიწევდნენ, რადგანაც მათ სხვაგვარი ინფორმაციის მოპოვება არ შეეძლოთ.  

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  გადამწყვეტი როლი ითამაშა კონფლიქტში. კონფლიქტის მსვლელობისას, როგორც ლიდერი, სწორედ ის მიიჩნეოდა დასავლეთის ყურადღებისა და მხარდაჭერის მობილიზებაზე პასუხისმგებლად. მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო. კონფლიქტის დროს განხორციელებული კიბერ-შეტევები ნიშნავდა, რომ სააკაშვილი ვერ ისაუბრებდა საერთაშორისო მედიის – CNN-ის წინაშე. ამან რუსული დეზინფორმაციის გლობალურ მასშტაბზე გავრცელების წინააღმდეგ მისი მოქმედების შესაძლებლობა შეზღუდა. რუსულმა მედიამ სააკაშვილი აქცია სამიზნედ და არ იკმარა ომის დაწყების დაბრალება მისთვის, დამატებით შექმნა ისტორიები იმაზე, რომ ის სანქცირებული იყო „ეთნიკური წმენდის“ გამო[23]. ამ დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაცია და შესაძლოა, სააკაშვილის ნაკლებად პროდასავლური ლიდერით ჩანაცვლება იყო. ამ გავლენებთან საბრძოლველად დიდი ძალისხმევა გაწიეს რუსული ვებგვერდების, ტელევიზიის და სხვა მედია-საშუალებების დაბლოკვისთვის[24]. ხსენებულმა ძალისხმევამ წარმატებულად იმუშავა ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის რუსული დეზინფორმაციისგან დაცვაში, რამაც ქართული სამხედრო ძალების მიმართ საშინაო მხარდაჭერის შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა.  

 

რუსეთში იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მიუკერძოებლად მოიქცნენ და სახელმწიფოს ნარატივების წინააღმდეგ წავიდნენ. თუმცა, ბევრი არასახელმწიფო აქტორი უჭერდა მხარს რუსეთს. მოხსენებებმა აჩვენა, რომ ,,ჩინეთის 50-ცენტიანი არმიის“ მსგავსად, რუსეთი ასაქმებს ხალხს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით[25][26]. „დასაქმებულთა“ ტაქტიკა მოიცავს მრავალრიცხოვანი კიბერ-შეტევის განხორციელებას მსოფლიოს გარშემო მთავრობების წინააღმდეგ და ყალბი ნარატივების გავრცელებას, რომლებიც დამქირავებელი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.  ეს წამლეკავი მიდგომა ქმნის უფრო დიდ გავლენას, რადგან უფრო დიდი რაოდენობის სხვადასხვა მედიაარხის არსებობა, რომელიც რეჟიმს უჭერს მხარს, ქმნის ინფორმაციის სისწორისა და სანდოობის ილუზიას[27]. დამატებით, მოხსენებების სიხშირის ნაკლებობა ამაღლებს მათი ლეგიტიმურობის განცდას. სანამ ზოგადი ნარატივი იგივეა, კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის წყაროს ცვლილებით, მსმენელები ასკვნიან, რომ სხვადასხვა ხედვის საფუძველზე ნარატივი კიდევ უფრო სანდო ხდება[28]. საქართველო მოწყვლადი იყო კიბერ-სფეროში მსხვილმასშტაბიანი შეტევების წინაშე. რუსული სახელმწიფო მედიის ნარატივის მიზანში ამოღება საკმარისი არ იყო მაშინ, როცა არსებობდა სხვა მრავალი „დამოუკიდებელი“ წყარო, რომელიც რუსულ ნარატივს უჭერდა მხარს. ამის მტკიცებულებად გამოდგება რუსი ჟურნალისტის, ალექსეი ვენედიქტოვის შემთხვევა. ის ირწმუნებოდა, რომ ჰქონდა ინტერვიუ ქართველ ფოტოგრაფთან, რომელმაც 2008 წლის 9 აგვისტოს გორში გადაიღო ფოტო, რომელზეც მამაკაცი თავისი ძმის დაღუპვას გლოვობს. ინტერვიუ უღირსად ირწმუნებოდა, რომ ფოტოგრაფი აღიარებდა სურათების სიყალბეს. Reuters-მა თავდაპირველად საქართველოს მხარდასაჭერად გამოაქვეყნა ფოტო. თუმცა ინტერვიუმ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და გამოიწვია Reuters-ის, როგორც თითქოს დეზინფორმაციის გამავრცელებლის, სხვა საერთაშორისო მედიაორგანიზაციების მხრიდან გმობა. ამგვარად, ხსენებულმა ორგანიზაციებმა ყალბი ინტერვიუს საკითხთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოძიების გამო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში შეიტანეს წვლილი[29].

 

რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავების სამომავლო მეთოდები

 

რუსულის გარდა, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მოსახლეობა საკუთარ ენებზეც საუბრობს. ეს ქმნის გამოწვევებს ყალბი ნიუსების გამოვლენის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ენაზე ინფორმაციის მონიტორინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის დასამარცხებლად. ასევე ეს ხაზს უსვამს უფრო გრძელვადიანი, ისეთი სტრატეგიების მნიშვნელობას, როგორებიცაა განათლების დონის ამაღლება, რათა მოქალაქეებმა თავადაც შეძლონ დეზინფორმაციის იდენტიფიცირება. ასევე, მოსახლეობისთვის დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეების სწავლება შექმნის სტიმულს მოსახლეობაში, რომ თავად დაუპირისპირდნენ საფრთხეებს. ემოციური და მიკერძოების ასპექტების გამო, დეზინფორმაციის მსხვერპლთა იმაში დარწმუნება, რომ ინფორმაცია ყალბია, ძნელდება[30]. ამგვარად, გაცილებით უფრო ეფექტურია მოსახლეობის გაფრთხილება დეზინფორმაციის შესახებ, ვიდრე  გამოქვეყნების შემდეგ მათი დარწმუნება, რომ კონკრეტული ინფორმაცია ყალბია.

 

2008 წლის ომამდე რუსეთში მედიის გარკვეული თავისუფლება მაინც არსებობდა. არსებობდა რუსი ჟურნალისტებისა და მედიების მიერ მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვის შემთხვევები. ჟურნალისტები, მაგალითად, იულია ლატინინა ამბობდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა კონფლიქტში, რადგან მას გააჩნდა სტრატეგიული მიზანი, განსხვავებით რუსეთისგან, რომლისთვისაც, ომში ის იგებს, ვინც მეტს იტყუება[31].  შიდა წყაროს მხრიდან სახელმწიფო ნარატივისგან გადახვევა ძალიან ეფექტურია დეზინფორმაციის წინააღმდეგ. თუკი, წყაროსგან განსხვავებული ნარატივები მომდინარეობის, მკითხველის გონებაში ჩნდება ეჭვი წყაროს ავთენტურობის მიმართ. ბოლოდროინდელ კონფლიქტებში მსგავს განსხვავებულ აზრს შესაძლოა, სტიმული მიეცა რუსეთისთვის, რომ უფრო მკაცრი სასჯელი მიესაჯა მათთვის, ვინც პარტიის ნარატივს უხვევს. მარინა ოვსიანნიკოვას მოუწია, 14-საათიანი დაკითხვისთვის გაეძლო, მას შემდეგ რაც, 2022 წლის 14 მარტს პირდაპირ ეთერში გააპროტესტა უკრაინის წინააღმდეგ ომი[32]. ისეთ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც საკუთარი რეჟიმის წინააღმდეგ ჯანყდებიან, აუცილებელია დეზინფორმაციის დასამარცხებლად.

 

ასევე აღსანიშნია, რომ 2008 წლის ომი იყო უკანასკნელი ომი, რომელშიც სოციალურ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია[33].  მომდევნო კონფლიქტებში სოციალურმა მედიამ დიდი როლი შეასრულა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ამის კარგი მაგალითი არაბული გაზაფხულია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალ გზებს გვთავაზობს, 2008 წლის ომიდან ბევრი გაკვეთილის სწავლა შეიძლება. მაგალითად, გაიზარდა ქართველი დამოუკიდებელი ბლოგერების რაოდენობა. ეს ადამიანები იყენებენ „ახალ მედიას“, რათა შეებრძოლონ რუსულ დეზინფორმაციას როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო არენაზე. მათი დაფარვის არეალი მკვეთრად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ[34]. გარდა ამისა, საერთაშორისო მედია-ჯგუფები, როგორებიცაა CNN და Global Voices Online, აქტიურად ავრცელებენ მასალებს  პლატფორმებზე[35]. უშუალოდ ადგილიდან მიწოდებული რეპორტაჟი ძლიერ ემოციურ რეზონანსს იწვევს მკითხველში, შესაბამისად, ეფექტურია დეზინფორმაციის წინააღმდეგ. სოციალური მედიის ზრდასთან ერთად, უფრო მარტივი დასანახი ხდება ის ეფექტი, რომელიც მას შეუძლია ჰქონდეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. უკრაინის ომი ამის კარგი მაგალითია, ადგილიდან მიწოდებული კადრები რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ  იწვევს საერთაშორისო მხარდაჭერასა და შიდა წინააღმდეგობას[36].

 

2008 წლის კონფლიქტში რუსეთის მხრიდან მედია-საშუალებებზე თავდასხმამ დააჯერა მოსახლეობა, რომ რუსები უახლოვდებოდნენ თბილისს[37]. საერთოდ, ეჭვი და შიში ქმნის ეფექტურ საშუალებებს კონფლიქტის განმავლობაში. მსგავსი დაბნეულობის წინააღმდეგ, უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ამერიკული წყაროები რუსული ჯარების მოძრაობას რეალურ დროში გადმოსცემდნენ, რათა პუტინს ნარატივზე კონტროლი არ ჰქონოდა. ეს არის მცდელობა, რომ რუსეთი რეაქციულ პოზიციაში ჩადგეს, ნაცვლად ნარატივის მაკონტროლებლისა. კონფლიქტის განმავლობაში დეზინფორმაციამ 2008 წლის შემდეგ დიდი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა, მასთან დაპირისპირების ზოგიერთი ძირითადი მეთოდი უცვლელია: ადგილობრივი დისიდენტების მხარდაჭერა, რომლებიც შეცდომაში შემყვან ნარატივებს ათვალსაჩინოებენ, ასევე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება დეზინფორმაციასთან გამკლავების ეფექტური მეთოდებია. სამომავლოდ, ეს მეთოდები შესაძლოა ინტეგრირდეს ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში, რაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების მნიშვნელოვან განვითარებას გამოიწვევს.

 

_______

 

[1] John Arquilla & Theodore Karasik, “Chechnya: A Glimpse of Future Conflict?”, Studies in Conflict and Terrorism 22 (1999): 217

[2] John Arquilla & Theodore Karasik, “Chechnya: A Glimpse of Future Conflict?”, Studies in Conflict and Terrorism 22 (1999): 217

[3] Michael P. Ferguson, “The evolution of Disinformation: How Public Opinion Became Proxy”, The Strategy Bridge, January 14, 2020, https://thestrategybridge.org/the-bridge/2020/1/14/the-evolution-of-disinformation-how-public-opinion-became-proxy

[4] Michael P. Ferguson, “The evolution of Disinformation: How Public Opinion Became Proxy”, The Strategy Bridge, January 14, 2020, https://thestrategybridge.org/the-bridge/2020/1/14/the-evolution-of-disinformation-how-public-opinion-became-proxy

[5]Zara Abrams, “The role of psychological warfare in the battle for Ukraine”, American Psychological Association, 53 (2022)

 

[6] Agence France-Presse, “Separatist Region in Georgia Votes on Independence”, The New York Times, November 13, 2006, https://www.nytimes.com/2006/11/13/world/asia/13ossetia.html

[7] Jean-Christophe Peuch, “Georgia: Russia pledges to complete military pullout on schedule”, Relief Web, 31 March, 2006, https://reliefweb.int/report/georgia/georgia-russia-pledges-complete-military-pullout-schedule

[8] Mikhail Gorbachev, “Russia Never Wanted a War”, The New York Times, 19 August, 2008, https://www.nytimes.com/2008/08/20/opinion/20gorbachev.html

[9]Michael Kofman, “The August War 10 Years On: A Retrospective on the Russo-Georgian War”, War on the Rocks, August 17, 2018, https://warontherocks.com/2018/08/the-august-war-ten-years-on-a-retrospective-on-the-russo-georgian-war/

[10] Michael P. Ferguson, “The evolution of Disinformation: How Public Opinion Became Proxy”, The Strategy Bridge, January 14, 2020, https://thestrategybridge.org/the-bridge/2020/1/14/the-evolution-of-disinformation-how-public-opinion-became-proxy

[11] “Independent International fact-finding mission on the conflict in Georgia”, International Committee of the Red Cross, accessed September 13 , 2022, https://casebook.icrc.org/case-study/georgiarussia-independent-international-fact-finding-mission-conflict-south-ossetia

[12] Eliza Mackintosh, “The bodies of Russian soldier are piling up in Ukraine, as the Kremlin conceals true toll of war”, CNN, March 23, 2022, https://edition.cnn.com/2022/03/23/europe/ukraine-war-russian-soldiers-deaths-cmd-intl/index.html

[13] Roy Allison, “Russia Resurgent? Moscow's Campaign to 'Coerce Georgia to Peace'”, International Affairs, 84 (2008): 1151

[14]Timothy L. Thomas , “The Bear Went Through the Mountain: Russia Appraises its Five Day War in South Ossetia”, The Journal of Slavic Military Studies, 22 (2009): 50

[15] Anastasiya Oprishcenk, “What awaits Ukraines in the Occupation”, Zaborana, June 20 (2022), https://zaborona.com/en/a-russian-passport-in-crimea-and-donbas-is-both-a-punishment-and-a-right-to-a-normal-life-what-awaits-ukrainians-in-the-occupation-analysis-of-zaborona/

[16] Natia Seskuria, “Russia is reenacting its Georgia playbook in Ukraine”, Foreign Policy, February 22 (2022), https://foreignpolicy.com/2022/02/22/russia-ukraine-invasion-georgia-2008-south-ossetia-tskhinvali/

[17] Michael Kofman, “The August War 10 Years On: A Retrospective on the Russo-Georgian War”, War on the Rocks, August 17, 2018, https://warontherocks.com/2018/08/the-august-war-ten-years-on-a-retrospective-on-the-russo-georgian-war/

[18] Susan Cornwell, “US says warned Georgia against Russia fight”, Reuters, August 19 (2008), https://www.reuters.com/article/us-georgia-ossetia-usa-idUSN1947796120080819

[19] Clifford J. Levy, “Putin Suggests US Provocation in Georgia Clash”, The New York Times, August 28 (2008), https://www.nytimes.com/2008/08/29/world/europe/29putin.html

[20] World Bank, Individuals using the internet (Georgia), 2008, https://data.worldbank.org/indicator/IT.NET.USER.ZS?end=2008&locations=GE&start=1990

[21] Timothy L. Thomas , “The Bear Went Through the Mountain: Russia Appraises its Five Day War in South Ossetia”, The Journal of Slavic Military Studies, 22 (2009): 52

[22] Deibert RJ, Rohozinski R & Crete-Nishihata M, “Cyclones in cyberspace: Information shaping and denial in the 2008 Russia–Georgia war”, Security Dialogue, 43 (2012): 8.

[23] Jadwiga Rogoża, “Russian propaganda war: media as a long- and short-range weapon”, centre for eastern studies, 9 (2008):4

[24] Timothy L. Thomas , “The Bear Went Through the Mountain: Russia Appraises its Five Day War in South Ossetia”, The Journal of Slavic Military Studies, 22 (2009): 51

[25] Christopher Paul & Miriam Matthews, “The Russian “Firehose of Falsehood” Propaganda Model”, RAND Corporation, 2016, https://www.rand.org/pubs/perspectives/PE198.html.

[26] Leo Benedictus, “Invasion of the troll armies: from Russian Trump supporters to Turkish state stooges”, The Guardian, 6 November, 2016, https://www.theguardian.com/media/2016/nov/06/troll-armies-social-media-trump-russian

[27] Christopher Paul & Miriam Matthews, “The Russian “Firehose of Falsehood” Propaganda Model”, RAND Corporation, 2016, https://www.rand.org/pubs/perspectives/PE198.html.

[28] Christopher Paul & Miriam Matthews, “The Russian “Firehose of Falsehood” Propaganda Model”, RAND Corporation, 2016, https://www.rand.org/pubs/perspectives/PE198.html.

[29] David Axe, “Possibly staged pictures fueled Georgian propaganda push”, Wired, September 5 (2008), https://www.wired.com/2008/09/fake-georgia-pi/

[30] Zara Abrams, “The role of psychological warfare in the battle for Ukraine”, American Psychological Association, 53 (2022)

[31] Timothy L. Thomas , “The Bear Went Through the Mountain: Russia Appraises its Five Day War in South Ossetia”, The Journal of Slavic Military Studies, 22 (2009): 36

[32] Tim Stelloh, “Russian TV employee who staged on-air protest says she was interrogated for more than 14 hours”, NBC News, March 16, 2022, https://www.nbcnews.com/news/world/russian-tv-employee-staged-air-protest-says-was-interrogated-14-hours-rcna20215

[33] Alexander Grinberg, “Controlling the Narrative: How Political Warfare Can Influence Policy”, The Strategy Bridge, July 31, 2008, https://thestrategybridge.org/the-bridge/2018/7/31/controlling-the-narrative-how-political-warfare-can-influence-policy

[34]  Dali Osepashvili, “New Media and Russian-Georgian 2008 War”, Journalism and Mass Communication, 4 (2006)

[35] Bloggers weigh in on Georgia, CNN, accessed September 9, 2022, http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/08/12/georgia.bloggers/

[36] Megan Specia, “‘Like a weapon’: Ukrainians use Social Media to Stir Resistance”, The New York Times, March 25, 2022, https://www.nytimes.com/2022/03/25/world/europe/ukraine-war-social-media.html

[37] Deibert RJ, Rohozinski R & Crete-Nishihata M, “Cyclones in cyberspace: Information shaping and denial in the 2008 Russia–Georgia war”, Security Dialogue, 43 (2012): 12

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023