რამდენად მწვავედ დგას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 23 მარტი 2015

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოში “კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის” ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა განიხილებოდა. მრავალი დაზარალებული იმედოვნებდა, რომ შესაბამისი კომისიის შექმნის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა მათი საქმეების მიუკერძოებელი გამოძიება და სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვა. მიუხედავად აღნიშნულისა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა წლების განმავლობაში იწელებოდა დროში. პროცესის გაჭიანურების მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ ხელისუფლება გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოს პროკურატურის სისტემაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი ფოკუსირებულია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთავარ პროკურატურაში შესულ მოქალაქეთა ათასობით საჩივრის განხილვაზე. ამ ფონზე საყურადღებოა ის, რომ თავად უმაღლეს თანამდებობის პირთა განცხადებებით ხშირად ხდებოდა იმის ხაზგასმა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში წარსულში არსებული პრობლემების საფუძველი პროკურატურის სისტემიდან მომდინარეობდა, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორცილებდა ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე. შესაბამისად, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ განცხადებების თავად პროკურატურის სისტემაში შემავალი უწყების მიერ განხილვა შესაძლებელია მრავალი დაინტერესებული პირის მიერ აღქმულ იქნეს როგორც პრობლემების მოგვარების არაეფექტური მექანიზმი.

 

აღნიშნული მოვლენების ფონზე, 2014 წლის 24 დეკემბერს IDFI-მ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოწოდება: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურაში შესული იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც წარსულში სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას უკავშირდებოდნენ ან რომლებიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხებს შეეხებოდა. ასევე პროკურატურისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს პროკურატურაში და დღესაც აგრძელებენ აღნიშნულ უწყებაში მუშაობას და შევეცადეთ გამოგვერკვია ფიქსირდებოდა თუ არა შემთხვევები, როდესაც განცხადების განხილვა ხდებოდა იმ პროკურორის მიერ, რომლის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას ითხოვდა განმცხადებელი.

 

სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, რის გამოც უმოქმედობა გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურიდან პასუხი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ თვიანი ვადის ბოლო დღეს იქნა მიწოდებული. ამასთან მოთხოვნილი ინფორმაცია მოწოდებულ იქნა მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო დარჩენილ მოთხოვნებთან დაკავშრებით გაკეთდა განმარტება, რომ პრკურატურა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებდა. მათ შორის, არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია ისეთი საქმეების შესახებ, რომელსაც იხილავდა იგივე პროკურორი, ვინც დანაშაულებრივ ქმედებაში იყო მხილებული.

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას.

 

 

 

ამასთან მიღებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ დღეის მდოგმარეობით პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია 814 საჯარო მოხელე, საიდანაც 558 თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო 256 კი შემდგომ პერიოდში. მოცემული 558 საჯარო მოხელიდან 319–ს პროკურორის პოზიცია უკავია/ეკავა.

 

 

 

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებულ იქნა ასევე ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 სჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.

 

 

 

 

მნიშნველოვანია, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით იქნება გადადგმული არ იყოს ზედაპირული და მოუმზადებელი. აღნიშნული რეფორმა უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი საქმის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ძალაში შესული განაჩენების გადახედვასა და მსხვერპლთა ადეკვატურ კომპენსაციას. განცხადებაში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ავრცელებს მასში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები (სულ 33 ორგანიზაცია) მოუწოდებენ მთავრობას შეიმუშავოს რეფორმების ღრმა და ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც არ იქნება შემოფარგლული სტრუქტურული დანაყოფის შექმნით მთავარ პროკურატურაში. ამასთან განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუცილებლია თვიდან იქნეს აცილებული საჩვენებლი რეფორმის ჩატარება, რაც საბოლოო ჯამში ვერ გააჩენს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბერში კოალიციამ შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის სამუშაო ჯგუფი. ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს როგორც კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ინფორმირებულობა. აღნიშნული უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის მიმართ.

 

 იხილეთ სტატიის მედია გაშუქება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024