1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარალმენტმა მიიღო საქართველოს უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ძალაში საქართველოს 1995 წლის ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული ის, რომ ყოველი წლის 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღნიშნება.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2013 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით საქართველოს პარალამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც დაევალა კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადებინა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც გაიზრდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები და მოწესრიგდებოდა ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დარჩენილი იყო კონსტიტუციური რეგულირების მიღმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიის საშუალებით არერთხელ გავრცელდა ინფორმაცია კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. მაგალითად, 2014 წლის მარტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა არ ჩატარდა იმის გამო, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა ჯგუფის ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი. ამასთან არაერთხელ კეთდებოდა მითითება კომისიის პასიურობაზე თავად კომისიის წევრთა მხრიდანაც.
IDFI დაინტერესდა იმით, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო მითითება კომისიის საქმიანობის პასიურობაზე და შესაბამისი საჯარო ინფომრაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საკონსტიტუციო კომისიას. კომისიის დებულების თანახმად მისი საქმიანობის ძირითადი ფორმებია კომისიის სხდომა, სამუშაო ჯგუფის სხდომა და სარედაქციო საბჭოს სხდომა. შესაბამისად განცხადებით მოთხოვნილ, იქნა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სამუშაო ჯგუფებისა და სარედაქციო საბჭოს ჩატარებული სხდომების რაოდენობა, მათი თარიღები, სხდომის ოქმები და სხდომებზე დამსწრე პირთა ვინაობა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დებულების თანახმად კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ 2 თვეში ერთხელ მაინც, სამუშაო ჯგუფის სხდომას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც, ხოლო სარედაქციო ჯგუფის სხდომები კი მოიწვევა საჭიროებისამებრ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედებს ისეთი სამუშაო ჯგუფები, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების, ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა ჯგუფები.
2015 წლის 23 ივლისს მოგვეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ გვეცნობა, რომ კომისიის შექმნიდან (2013 წლის დეკემბერი) წერილის მიღების მომენტამდე სულ ჩატარდა კომისიის 3 სხდომა, სამუშაო ჯგუფის 42 და სარედაქციო საბჭოს 4 სხდომა.
მიღებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომები ჩატარდა 2014 წლის 3 და 29 მარტს, ხოლო მიმდინარე წელს ის მხოლოდ ერთხელ, 28 მარტს ჩატარდა.
კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობას მიეძღვნა, სხდომას კომისიის 45 წევრი ესწრებოდა. სულ კომისია 58 წევრისგან შედგება. მეორე სხდომაზე განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა შემოთავაზებები და რეკომენდაციები. განხილულ იქნა კომისიის წევრთა შემოთავაზებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აჭარის ა/რ სტატუსის განსაზღვრა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი, სასამართლო ხელისუფლების დაფინანსება, პროკურატურის ადგილი სახელისუფლებლო სისტემაში, დამოუკიდებული გენერალური ინსპექტორის ინსტიტუტი და სხვა. აღნიშნულ სხდომას კომისიის მხოლოდ 25 წევრი დაესწრო. რაც შეეხება კომისიის მესამე სხდომას, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, სხდომის გახსნისას კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, ხაზი გაუსვა კომისიის რიგი წევრების პასიურობის პრობლემას და აღნიშნა, რომ წევრების უმრავლესობა ვერ ახერხებდა მათ მიერ შერჩეული ჯგუფების სხდომაზე დასწრებას, შესაბამისად კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა მათ საკუთარი საქმიანობის უკეთესად დაგეგმვისკენ. 2015 წლის მარტის აღნიშნულ სხდომას კომისიის 58 წევრიდან მხოლოდ 15 წევრი დაესწრო.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფების სხდომებს აღსანიშნავია, რომ სამ შემთხვევაში სხდომა არ ჩატარდა და გადაიდო ქვორუმის არ არსებობის გამო. ამასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ ყველაზე აქტიურ სამუშაო ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს, რომელსაც შექმნის დღიდან 11 სხდომა აქვს ჩატარებული, 10-10 სხდომა არის ჩატარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა და ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა ჯგუფების მიერ. ყველაზე პასიურ სამუშაო ჯგუფს კი საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა ჯგუფი წარმოადგენს, რომელსაც შექმნის დღიდან მხოლოდ 4 სხდომა აქვს ჩატარებული.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ სამუშაო ჯგუფები არ გამოირჩევიან საკუთარი წევრების მაღალი აქტივობით. ჯგუფებში წევრთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი 42%-დან 46%-მდე მერყეობს. აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ჯგუფები საკონსტიტუციო კომისიის შემადგენელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ, სადაც დეტალურად განიხილება კომისიის სხდომებზე დასაყენებელი საკითხები.
დასკვნა
როგორც ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინასაარჩევნო დაპირებას საკონსტიტუციო რეფორმის გატარება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით 2013 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტდა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ისევე, როგორც სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის ექსპერტ-სპეციალისტებისგან. კომისიას დაევალა კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადებინა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც გაიზრდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები. კომისიისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მანდატისა და საზოგადოებაში არსებული მაღალი მოლოდინის გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც კომისია საკუთარ საქმიანობაში არ არის საკმარისად აქტიური. კომისიის წევრთა პასიურობის პრობლემაზე საკუთარ გამოსვლაში მიუთითა კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად კომისიის სხდომები ტარდება ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც, ხოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი თვეში ორჯერ მაინც. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი კომისიის შემქნის დღიდან 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.