შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 26 დეკემბერი 2024

შსს-ს “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში” მონაწილე მოსამსახურების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში კომპანია შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი იმარჯვებს.

 

აღნიშნულისთვის კომპანიას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240,000 ლარი გამოიყოფა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 60,000 ლარი.

 

ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება და მის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ კვებითი მომსახურება მოთხოვნიდან 12 საათის ვადაში უნდა უზრუნველყოს. საუბარია თითოეულ ჯერზე მინიმუმ 5000 კომპლექტის დამზადებაზე, რომლის რაციონიც შემდეგნაირად გამოიყურება:

 

- 1 ცალი სენდვიჩი ლორით და ყველით

-  შოკოლადის ნაწარმი - ბატონის ტიპის

- გამაგრილებელი, გაზირებული, უალკოჰოლო სასმელი

 

ელექტრონულ ტენდერში საკუთარი შეთავაზება მხოლოდ შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსმა წარადგინა, რომელმაც შსს-ს თითო კომპლექტის დამზადება 19 ლარად და 75 თეთრად შესთავაზა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. შსს-მ შესყიდვა 8 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 7 დეკემბერს დაიწყო. 

 

საჯარო წყაროების მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ძალოვან უწყებას საკვებით აღნიშნული კომპანია მოამარაგებს, რომელსაც აქამდე ძირითადად სამედიცინო დაწესებულებების კვებით მომარაგების გამოცდილება ჰქონდა. 

 

კომპანიას, 2020 წლის შემდეგ  კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით, ჯამში  1,335,400 ლარის ტენდერები აქვს მოგებული, გამარტივებული შესყიდვების გზით კი 26,000 ლარი აქვს მიღებული.  ყველაზე მსხვილი 550,000 ლარის და 430,000 ლარის ტენდერები კომპანიამ 2021 წელს მოიგო. ორივე მათგანი შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კვებით მომსახურებას შეეხებოდა.  

 

კომპანიის დირექტორმა, ვალერიან ფუტკარაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა.

 

 

შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსის წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

- ნათია თავაძე, - 50% 

- ზაზა სინაურიძე - 20% 

- შალვა ნოზაძე, - 30% 

 

ნათია თავაძე (ქორწინებამდე ფუტკარაძე) სადაზღვევო კომპანია“არდის“ დამფუძნებლის, არმაზ თავაძის მეუღლეა. არმაზ თავაძე 20-ზე მეტი კომპანიის მეწილეა.

 

არმაზ თავაძე და ვალერიან ფუტკარაძე სავარაუდო ნათესაურ კავშირთან ერთად, ბიზნესპარნიორებიც არიან. კერძოდ, ფლობენ წილებს შპს რუსთავის მეტალ კონსტრუქციების საწარმოში (50%-20%). კომპანიის დირექტორიც - ევგენი ჯიხვაძეც და დანრჩენილი 30%-ის მფლობელი - სულხან ხვედელიძეც “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მათ ჯამურად პარტიას 2020-2024 წლებში  170 000 ლარი შესწირეს. ვალერიან ფუტკარაძე და არმაზ თავაძე სადაზღვევო კომპანია „ავტოგრაფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

 

თავაძე X მოწვევის პარლამენტის წევრის და ე.წ. რუსულ კანონზე ხელმომწერი მილიონერი დეპუტატის - ავთანდილ ენუქიძის ბიზნეს პარტნიორიცაა. კერძოდ, ენუქიძე და თავაძე კომპანია  "საავტომობილო ჰოლდინგი კავკასუს მოტორსის" 33.3%-ს ფლობენ.

არმაზ თავაძე მედიაჰოლდინგის „კომერსანტი“ დამფუძნებელი და მფლობელიცაა.

 

შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსის 20% წილის მფლობელი ზაზა სინაურიძე კი “პინეოს” ექიმი მეან-გინეკოლოგი და პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელია. ფლობს შპს პინეო ლაქშარის 40%-ს. ასევე იკავებს საქართველოს პერინატალური ასოციაციის (GPA) ხელმძღვანელის თანამდებობას  და არის საქართველოს მეან-გინეკოლგთა ასოციაციის (GOGA) საბჭოს წევრი. სინაურიძე "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორია. წლების განმავლობაში “პინეოს” წილს ფლობდა არმაზ თავაძეც. 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეები)  კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა  28 ნოემბერსაც გამოაცხადა. სწორედ 28 ნოემბერს დაიწყო თბილისში და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები. მაშინდელი შეთავაზებით, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე იქნებოდა ძალაში, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესყიდვა ჩაიშალა. მსგავსად 2025-26 წლებისთვის გამოცხადებული შესყიდვისა, შსს თითო ჯერზე მინიმუმ 5,000 ლანჩის ულუფის დამზადებას ითხოვდა, შესყიდვის ღირებულება კი 300,000 ლარი იყო.

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შსს-ს მიერ  სპეცრაზმის კვებაზე გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება. თუმცა, განვლილი პერიოდში  შსს-ს მიერ მსგავსი მიზნობრიობით გაწეული ხარჯების  პრაქტიკა აჩვენებს რომ, ტენდერის გზით შერჩეული კომპანიის მომსახურება გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე, რაც დამოკიდებულია არსებული საპროტესტო აქციების ხანგრძლივობაზე. ხოლო, თანხის ამოწურვის შემდეგ აქციაზე გამოყვანილი სპეცრაზმის კვებას უზრუნველყოფს ტენდერის გვერდის ავლით განხორციელებული პირდაპირი შესყიდვებით. 

 

მაგალითად, 2024 წლის 16 ივლისს სამინისტროსა და კომპანია “სთარ ფუდს” შორის გაფორმებული 200 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2025 წლის 31 იანვრამდე,თუმცა სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული მიღება- ჩაბარების აქტების მიხედვით, კომპანიამ ამ ტენდერის ფარგლებში შსს-ს ბოლო მომსახურება (2,000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები) გაუწია 2024 წლის 24 ნოემბერს. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ შპს სთარ ფუდი დაფუძნდა 2024 წლის 11 ივნისს, ამ ტენდერის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ (გამარტივებული შესყიდვა სამინისტრომ 4 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 17 ივნისს დასრულდა).   

 

24 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 13-ჯერ მიმართა  თანამშრომელთა კვებაზე გამარტივებული შესყიდვის ნებართვის თხოვნით. აქედან 12 შემთხვევაში სამინისტრომ თანხმობა მიიღო - ჯამური ღირებულებით 1,162,050 ლარი. განხილვის ეტაპზეა 62 100 ლარის შესყიდვა. სამწუხაროდ, 2019 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე აღარ იტვირთება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონის გარეშე განხორციელებული  გამარტივებული შესყიდვების  ხელშეკრულებები, რაც შეუძლებელს ხდის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციის დადგენას.

 

ზემოთ წარმოდგენილი ანალიზი აჩვენებს, რომ  მიმდინარე აქციების ფონზე, შსს-ს მოსამსახურეების საკვებით მომამარაგების  ღია ტენდერში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კომპანია, რომლის მმართველი პირები, დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. ამასთან, ძირითად შემთხვევაში აქციების დროს სპეცნაზის და სხვა თანამშრომლების  კვების მომსახურების შესყიდვა ხორციელდება პირდაპირი შესყიდვით, რომელთა ხელშეკრულებები დაფარულია. 

 

 შსს-ს თანამშრომელთა კვების მომსახურებაზე გამოცხადებულ ღია ტენდერებში მონაწილეობაზე  დაბალი ინტერესის მთავარ მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას, შსს-ს თანამშრომელთა მიერ აქციების დარბევისას გამოჩენილი  სისასტიკის შედეგად    კომპანიებისთვის წარმოშობილი მორალური და საზოგადოებრივი  წნეხი. ასევე,  საერთაშორისო სანქციების საშიშროების მოლოდინი, რაც შესაძლებელია განაპირობოს კომპანიის მხრიდან სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობამ, რომელთა ქმედებებმა უკვე გამოიწვია მათი ხელმძღვანელი პირების ფინანსური დასანქცირება.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024