ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 11 აპრილი 2022

მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია სექტორის მაკრო მიმოხილვა; ჯანდაცვის სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და სხვა ქვეყნებთან შედარება; საცალო ფარმაციის სექტორის, ჰოსპიტლების და კლინიკების ფინანსური მაჩვენებლები; სახელმწიფოს ხარჯვა ჯანდაცვის სერვისებზე და აღწერილია არსებული გამოწვევები.

 

ჯანდაცვის სექტორი თავისი სპეციფიკით განსხვავდება სხვა ეკონომიკური დარგებისგან. აღსანიშნავია, რომ გამართული ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. COVID-19 პანდემიის სწრაფმა გავრცელებამ საქართველოში მკვეთრად გაზარდა ჯანდაცვის სექტორში დანახარჯების რაოდენობა. შესაბამისად, სახლმწიფომ პანდემიის სამართავად გამოყო დამატებითი ფინანსური რესურსი. მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა, ჯანდაცვის წილი მშპ-ში კვლავ რეკომენდირებულ მინიმუმზე ნაკლებია, ხოლო ბიუჯეტის გადახარჯვა ყოველწლიურად მატულობს. ასევე, პანდემიის გავრცელების ფონზე გაიზარდა ფასები სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდისა და პანდემიის ფონზე შემცირდა, როგორც ექიმთან მიმართვიანობა ასევე, სექტორის შემოსავლები.

 

ჯანდაცვის სექტორის პერიოდული მიმოხილვა მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, როგორც სახელმწიფოს მხრიდან საბიუჯეტო დანახარჯებზე, ასევე, სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოს საცალო ფარმაციისა და ჯანდაცვის სექტორის ბრუნვამ 3.1 მლრდ. ლარს მიაღწია 2020 წელს და მოსალოდნელია 3.4 მლრდ. ლარს1 გადააჭარბოს 2021 წლის მდგომარეობით. საცალო ფარმაციის ბაზარი საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა ბოლო წლებში და 2021 წლის მდგომარეობით მთლიანი ბაზრის 65%-ს აღწევს (2.2 მლრდ. ლარი). საავადმყოფოების და კლინიკების ბრუნვა შედარებით ნაკლებად იზრდებოდა (+7%) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და მოსალოდნელია 1.2 მლრდ. ლარს მიაღწიოს 2021 წლის მდგომარეობით.

 

- COVID-19 პანდემიამ საავადმყოფოებში ვიზიტები მკვეთრად შეამცირა (სხვა დაავადებებზე). 2020 წელს, ჯამურად მიმართვიანობა წ.წ. -42%-ით შემცირდა. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი პანდემიის პირობებში მოსახლეობის სიფრთხილე შეიძლება იყოს. შედეგად, საავადმყოფოების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა (-7%-ით წ.წ.) და 1,078 მლნ. ლარი შეადგინა 2020 წელს. მაშინ, როდესაც ჯამური შემოსავალი საშუალოდ 24%-ით იზრდებოდა 20162019 წლებში.

 

- ფასები ჯანდაცვის სექტორში მკვეთრად გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მედიკამენტების ფასები +64%-ით გაიზარდა 2021 წელს, 2016 წელთან შედარებით. ამბულატორიული მომსახურება +35%-ით გაძვირდა და ჯანმრთელობის დაზღვევა +31%-ით, ანალოგიურ პერიოდში. სტაციონარული მომსახურება შედარებით ნაკლები ინფლაციით ხასიათდება, თუმცა +11%-ით გაძვირდა, ანალოგიურ პერიოდში.

 

- შინამეურნეობების საშუალო ხარჯმა საცალო ფარმაციის ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორში 161 ლარი და 96 ლარი შეადგინა 2021 წელს. ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯი საცალო ფარმაციის ბაზარზე საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და 161 ლარი შეადგინა 2021 წელს. შინამეურნეობების ხარჯები ასევე ზრდადია ჯანდაცვის მომსახურებაზე (+7% საშ. წლიურად) და 96.1 ლარს მიაღწია 2021 წელს.

 

- გაძვირებული ფასები ნაწილობრივ COVID-19 პანდემიამ გამოიწვია. 2021 წლის 11 თვეში მედიკამენტები საშუალოდ 14.6%-ით გაძვირდა და ინფლაცია ამბულატორიულ მომსახურებაზე საშუალოდ 8.7%-ს შეადგენს.

 

- რეალური ხელფასი ჯანდაცვის სექტორში ბოლო ხუთი წელია არ გაზრდილა. ნომინალური ხელფასი 4.7%-ით იზრდებოდა 2016-2021 წლებში და საშუალოდ 1108 ლარი შეადგინა 2020 წელს. თუმცა, არსებული ხელფასის მსყიდველუნარიანობა არ შეცვლილა 2015 წელთან შედარებით, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით.

 

- ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის ანაზღაურება კერძო სექტორში უფრო მაღალია. 2020 წელს, 1,423 ლარი შეადგინა I და II კატეგორიის ჰოსპიტალებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ. სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასი -24%-ით ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს.

 

- საქართველოში სამედიცინო პროფესია პოპულარულია, და ქვეყანა მოწინავე პოზიციას იკავებს ექიმებისა და ექთნების ჯამური რაოდენობით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში 12.8 ექიმი და ექთანია 1,000 კაცზე, რაც აღემატება სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (11.2). მიუხედავად სამედიცინო პერსონალის მაღალი ჯამური რაოდენობისა, ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.9 ექთანი მოდის. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 

- სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-ის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდირებულ მინიმუმზე (5%) ნაკლებია. 2020 წელს დანახარჯები ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.6%-ს შეადგენდა, რაც +1.1 პ.პ.-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად ექიმთან მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. 2020 წელს ერთი ადამიანი საშუალოდ 3.7-ჯერ მიმართავდა ამბულატორიისა და პოლიკლინიკის ექიმს, ხოლო 2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 1.9 იყო. მიუხედავად მიმართვიანობის ზრდისა, აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (8.3).

 

- საყოველთაო ჯანდაცვის გადახარჯვის დაბალანსება ძირითადად სხვა პროგრამებზე შემცირებული დანახარჯებით ხორციელდება. საყოველთაო ჯანდაცვაზე დამტკიცებული ბიუჯეტის გადახარჯვა საშუალოდ 10%-ზე მაღალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

 

- პანდემიამ მიმართვიანობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელ შემთხვევებზეც შეამცირა. 2021 წელს ჯამური მიმართვიანობა ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით 32,301-ით არის შემცირებული. საინტერესოა, რომ დაგეგმილ მიმართვებთან ერთად, 16%ით შემცირდა გადაუდებელი ამბულატორიული მიმართვები. გადაუდებელმა სტაციონარულმა შემთხვევებმა კი -33%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით.

 

- პანდემიის მართვაზე სახელმწიფო დაახ. 600 მლნ. ლარზე მეტი დახარჯა 2021 წელს. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საშუალო წლიური ზრდა 20162020 წლებში 17%-ია, რაც მეტწილად განპირობებულია კოვიდ-19 ის მართვის პროგრამის დამატებით.

 

- კერძო დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს აქვს. 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანების გამორიცხვამ კერძო დაზღვევით სარგებლობის მაჩვენებელზე გავლენა არ მოხდინა. სექტორის ბენეფიციართა რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 3%-ს შეადგენდა 2016-2020 წლებში და 600,000 ბენეფიციარს მიაღწია 2020 წელს.

 

- პანდემიამ უცხოელი სტუდენტების ზრდა ჯანდაცვის პროგრამებზე მცირედით შეანელა, თუმცა უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 12,692-ს შეადგენს 2021 წლის მდგომარეობით. სამაგისტრო პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების 69% ირიცხება და საბაკალავრო პროგრამაზე 31% შესაბამისად, 2021 წლის მდგომარეობით.

 

ჯანდაცვის სექტორის იდენტიფიცირებული გამოწვევები

 

მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორზე დანახახარჯების ზრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი ხარჯვა.

 

საქართველოში სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე ჩამოუვარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდირებულ მინიმუმს (5%). 2020 წელს, საქართველოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.6%ს შეადგენდა და მოსალოდნელია მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს 2021 წელს. დღესდღეობით, ექიმთან მიმართვიანობა წლის განმავლობაში საშუალოდ 3.7-ია საქართველოში და აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (8.3).

 

მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება ექიმთან ვიზიტების განხორციელების და მიზნობრივი დაფინანსება გაიზარდოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე, რომელსაც გააჩნია დაბალი შემოსავალი. აღნიშნული მოიაზრებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით ხელშეწყობას.

 

სახელმწიფოს მხრიდან უფრო მაღალი მოქნილობა ახალი პრეპარატების რეგისტრაციის მიმართულებით, გაზრდის კონკურენციას ბაზარზე და შეამცირებს ფასებს მედიკამენტებზე.

 

ფასები ჯანდაცვის სექტორში მკვეთრად გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მედიკამენტების ფასები +64%-ით გაიზარდა 2021 წელს, 2016 წელთან შედარებით. ფასების შესამცირებლად მნიშვნელოვანია შემოსატანი მედიკამენტების სწრაფი რეგისტრაციის განხორციელება, რაც გაზრდის ბაზარზე კონკურენციას და ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.

 

კერძო დაზღვევის წახალისება და ერთიანი ბაზის შექმნა შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს და ბიუჯეტის დაბალანსება არ მოხდება სხვა პროგრამებზე ხარჯვის შემცირებით.

 

კერძო დაზღვევით ქვეყანაში მხოლოდ მოსახლეობის 17% სარგებლობს. მაშინ, როდესაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული, კერძო დაზღვევით ჯანდაცვის სექტორის იდენტიფიცირებული გამოწვევები 40 მხოლოდ 600,000 ბენეფიციარი სარგებლობს. ასევე, მნიშვნელოვანია კერძო სადაზღვევო ორგანიზაციებმა მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფოს კერძო დაზღვეული ადამიანის შესახებ და მოხდეს ერთიანი ბაზის შემუშავება. ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა გამოიწვევს გადახარჯვების შემცირებასა და გაზრდის სხვა პროგრამებით დაფინანსების შესაძლებლობას.

 

ექიმების დაბალი ანაზღაურების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სექტორის სტიმულირება, რაც გულისხმობს სასწავლო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების წახალისებას, ხელს შეუწყობს სექტორში ხელფასების ზრდასა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას.

 

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორში ისტორიულ მაქსიმუმზეა და 12,692-ს შეადგენს 2021 წლის მდგომარეობით. ზრდადი უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს სექტორისათვის, რომ მწირი დაფინანსების პირობებში გაიზარდოს არსებული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება და გაჩნდეს ახალი დაფინანსების წყაროები. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

 

/public/upload/Analysis/health_sector_overview_2022.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024