GRECO-ს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახევარი კვლავ შეუსრულებელია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 14 ივლისი 2022

2022 წლის 13 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის მეორე ანგარიშის დანართი, რომელიც აფასებს შეუსრულებელი რეკომენდაციების განხორციელებისას შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიღების დღიდან მიღწეულ პროგრესს. შეფასების თანახმად, GRECO-ს მიერ საქართველოსთვის გაცემული 16 რეკომენდაციიდან რვა კვლავ შეუსრულებელია. 

 

შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა შეისწავლა კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა სამი სხვადასხვა მიმართულებით: პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა. აღნიშნულ სფეროებში კორუფციის პრევენციის მიზნით 2016 წელს GRECO-მ საქართველოსთვის გასცა 16 რეკომენდაცია (პარლამენტი - სამი რეკომენდაცია; სასამართლო - ექვსი; პროკურატურა - ექვსი; საერთო რეკომენდაცია - ერთი), რომელთა შესრულება ქვეყანას ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო. 2019 წელს გამოქვეყნებული შესაბამისობის პირველი ანგარიშის თანახმად საქართველოს სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია ჰქონდა შესრულებული, შეუსრულებელი ჰქონდა სამი რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულებული კი - რვა. GRECO-ს პროცედურების თანახმად, შემდგომი 18 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო დამატებითი ზომები რეკომენდაციების სრულად დანერგვის მიზნით. თუმცა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც რეკომენდაციების შესრულების პროგრესი კვლავ ძალიან დაბალი იყო. შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიხედვით მდგომარეობა მხოლოდ მცირედით იყო გაუმჯობესებული. 11 შეუსრულებელი რეკომენდაციიდან წელიწადნახევარში საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ორი რეკომენდაციის სრულად შესრულება შეძლო - 2021 წლისთვის 16 რეკომენდაციიდან ქვეყანას სრულად შესრულებული ჰქონდა შვიდი რეკომენდაცია,  ნაწილობრივ შესრულებული - შვიდი, ორი კი - შეუსრულებელი.  ცხრა შეუსრულებელ რეკომენდაციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს 2022 წლის ივნისამდე მიეცა ვადა. 

 

2022 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებული შესაბამისობის მეორე ანგარიშის დანართის თანახმად ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკომენდაციების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესი კვლავ არ დაფიქსირებულა. ცხრა შეუსრულებელი რეკომენდაციიდან GRECO-მ მხოლოდ ერთი მიიჩნია სრულად შესრულებულად, რეკომენდაციების ნახევარი კი კვლავ შეუსრულებელია (ექვსი - ნაწილობრივ შესრულებული, ორი - შეუსრულებელი). 

 

შესასრულებელი ცხრა რეკომენდაციიდან:

 

- სამი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტს და მოითხოვდა საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას (i), პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღებას და მისი აღსრულების უზრუნველყოფას (ii) და ინტერესთა კონფლიქტის საკითხების სრულყოფილად დარეგულირებას (iii). პარლამენტის ნაწილში საქართველოს მიერ მიღებული სამი რეკომენდაციიდან GRECO-მ სრულად შესრულებულად კვლავ არცერთი რეკომენდაცია მიიჩნია. 

 

- ოთხი რეკომენდაცია ეხებოდა სასამართლოს და მოითხოვდა მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების რეფორმირებას (iv), სამოსამართლო ეთიკის ნორმების განახლებასა და პრაქტიკაში იმპლემენტაციას (vii),  მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების ნათლად განსაზღვრასა და პროცედურების დახვეწას (viii) და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვას (ix). მცირე პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, აღნიშნული ოთხი რეკომენდაციის შესრულებაში პროგრესი არ დაფიქსირებულა. სამი რეკომენდაცია (iv, vii, viii) GRECO-მ კვლავ ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია, ერთი კი (ix) - შეუსრულებლად. 

 

- ორი რეკომენდაცია ეხებოდა პროკურატურას და მოითხოვდა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების ყველა პროკურორზე გავრცელებას (xiv),  დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დახვეწას და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფას (xv). GRECO-მ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულების პროგრესი დამაკმაყოფილებლად მიიჩნია, ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებული რეკომენდაცია კი კვლავ შეუსრულებელია.

 

საქართველოს მიერ GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების დაბალი პროგრესი ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე. კორუფციის პრევენციის მიმართულებით შესასრულებელი ცხრა რეკომენდაციიდან ქვეყანამ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეკომენდაციის დამაკმაყოფილებლად შესრულება მოახერხა. დანარჩენი რვა რეკომენდაცია კი კვლავ შესასრულებელია. 

 

ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. საქართველო საკუთარ ანტიკორუფციულ მაჩვენებლებს აუარესებს და საერთაშორისო რეიტინგებში უკან იხევს. ნიშანდობლივია, რომ GRECO-ს შეფასებასთან ერთად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბოლო ანგარიშიც მიუთითებს შესაბამისი ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე. ანტიკორუფციული პროცესების გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის საჭიროებაზე აპელირებს ევროკომისიაც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების ფონზე კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება შეაჩერა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრაზე, განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებაზე, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებაზე ბოლო რამდენიმე წელია არ შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო კი მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განესაზღვრა, 2022 წლის მესამე კვარტალში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული, რაც კიდევ უფრო აფერხებს ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას. 

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ გაითვალისწინოს როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების, ისე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, აღიაროს ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელთა დაძლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმების გატარებისთვის; განახორციელოს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება და განაახლოს ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024