ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა V. დავიწყების უფლება

სიახლეები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 3 ივლისი 2018

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით  საქმეზე „მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ (M.L. and W.W. v. Germany) დაადგინა ბალანსი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას შორის.

 

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე წვდომის უფლების კუთხით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც დარჩა 2017 წლის 27 ივნისის  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ  საქმეზე Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland. [1]

 

მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით, დავის საგნის მოკლე აღწერილობა, მხარეთა და სასამართლოს პოზიციები განხილულია ქვემოთ.

 

დავის საგნის მოკლე მიმოხილვა

 

განმცხადებლები მ.ლ და ვ.ვ 1953 და 1954 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქეები არიან, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2010 წელს მიმართეს. განმცხადებლების მითითებით, გერმანიის სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაზე. შესაბამისად, სახეზე იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვამდე განმცხადებლებმა ამოწურეს ეროვნულ დონეზე არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რომელიც მათი დავის გადაწყვეტას უკავშირდებოდა.

 

1993 წლის მაისში მ.ლ და ვ.ვ. გერმანიის ეროვნულმა სასამართლომ გაასამართლა ცნობილი მსახიობის ვ.ს-ს მკვლელობის გამო და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შემდგომში, 2007 წლის აგვისტოსა და 2008 წლის იანვარში, მ.ლ და ვ.ვ ციხიდან პრობაციის წესით გათავისუფლდნენ.

 

2007 წელს მოსარჩელეებმა ჰამბურგის რეგიონულ სასამართლოს მიმართეს სარჩელით რადიოსადგურ Deutschlandradio-ს წინააღმდეგ, და რადიოსადგურის ინტერნეტგვერდზე მათ შესახებ არსებულ მასალებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს.

 

2008 წლის 29 თებერვალს ჰამბურგის რეგიონულმა სასამართლომ განმცხადებლების სარჩელი დააკმაყოფილა და უპირატესობა მიანიჭა მ.ლ-სა და ვ.ვ.-ს  ინტერესს,  წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო აღარ ყოფილიყვნენ საჯარო გაკიცხვის მსხვერპლნი. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია რადიოსადგურის გამოხატვის თავისუფლება და მედიის მისია საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

განმცხადებლების მიერ მსგავსი სარჩელები შეტანილი იყო აგრეთვე ყოველკვირეულ ჟურნალ Der Spiegel-ის და გაზეთ Monnheimer Morgen-ის  წინააღმდეგაც, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებიც ანალოგიური შედეგით დასრულდა.

 

გარდა ამისა, განმცხადებლების კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე უარი თქვა გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

განმცხადებლების პოზიცია

 

მოსარჩელეები უთითებდნენ, რომ დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის შემდეგ, ისინი კვლავ ხდებოდნენ ახალი დაპირისპირების მსხვერპლნი. მათ სტიგმატიზაციას ხელს უწყობდა ის მედია საშუალებები, რომელთა ინტერნეტგვერდებზე ჯერ კიდევ იძებნებოდა ინფორმაცია მათი სასამართლო პროცესის შესახებ. განმცხადებლები შიშობდნენ რომ მსგავსი მიდგომით, მათ არასოდეს ჩამოშორდებოდა მკვლელის იარლიყი. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ სასამართლო პროცესებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ მათი საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განელებულიყო იყო და, მათი პერსონალური მონაცემების ანონიმურობა  მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ხელს მაინც არ შეუშლიდა.

 

განმცხადებლების პოზიციით,  იმის გამო, რომ  მათ უარი ეთქვათ პერსონალური მონაცემების ანონიმურობის მოთხოვნაზე, გერმანიამ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.  განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ გერმანიის ფედერალური სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო გამოეყენებინა განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი პირთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მსუბუქი ფორმა -  დაევალდებულებინა მედია საშუალებები განმცხადებლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში მათი პერსონალური მონაცემები დაეშტრიხათ.

 

მოპასუხის  პოზიცია

 

მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მედიის დავალდებულება, არქივში დაცულ პუბლიკაციებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობა ეკონტროლებინა, სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებული ჩარევა იქნებოდა მათ საქმიანობაში.

 

მოპასუხე უთითებდა ციფრული არქივის არსებობის მნიშვნელობაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ციფრულად ქვეყნდებოდა და, შესაბამისად, არ არსებობდა ამ უკანასკნელის ბეჭდური ვერსია.

 

მოპასუხის პოზიციით, ასევე გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტორი, რომ განმცხადებლების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია შეზღუდულად ვრცელდებოდა. მაგალითისათვის, ერთ-ერთ პორტალზე განთავსებული ასეთი პუბლიკაცია ფასიანი იყო და, შესაბამისად, მასზე წვდომაც გარკვეულწილად იზღუდებოდა.

 

მოპასუხე იმასაც აღნიშნავდა, რომ განმცხადებლებმა თავად შეუწყვეს ხელი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებას, როცა საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს და ამის შესახებ პრესას თავად მიაწოდეს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია.

 

მოპასუხის პოზიციით, სწორი და თანმიმდევრული იყო გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი ადგენდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის სამართლიან ბალანსს ადგენდა.

 

სასამართლოს შეფასება

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა სამართლიანი ბალანსის დადგენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, განმცხადებლებს ჰქონდათ ინტერესი, აღარ ყოფილიყვნენ დაპირისპირების მსხვერპლი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო, თუმცა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოების ინტერესს, ინფორმირებული იყოს მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, მათ შორის, შესაძლებლობა ჰქონდეს მოიკვლიოს და მიიღოს ინფორმაცია წარსულში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ სრულად გაიზიარა გერმანიის ფედერალური სასამართლოს მოსაზრება, რომ მედიასაშუალებების ერთ-ერთი მოვალეობაა დემოკრატიული აზრის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა და რომ ონლაინ არქივში შეტანილ პუბლიკაციებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამ უფლების რეალიზების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში პერსონალური მონაცემების დაშტრიხვას, შესაძლოა, ჰქონოდა ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“ პრესის გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრეცედენტის დაშვებას შესაძლოა მომავალში პრესის მიერ კონკრეტული მასალების გამოქვეყნებაზე უარის თქმა გამოეწვია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვლენების გაშუქება ჟურნალისტური თავისუფლების ნაწილია და რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი უფლებას აძლევს ჟურნალისტებს, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გააშუქონ, რაც მათივე ეთიკის სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. სასამართლოს მითითებით, პუბლიკაციაში პერსონალური მონაცემების, მათ შორის პირის სრული სახელისა და გვარის, მითითება, პრესის მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, განსაკუთრებით  მაშინ, როცა საქმე სისხლის სამართლის წარმოებას ეხება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხასიათდება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ გასამართლების შემდეგ განმცხადებლებმა ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას მიმართეს, რათა ხელახლა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი წარმოება. კერძოდ, განმცხადებლები დაუკავშირდნენ პრესას, გადასცეს დოკუმენტები და საზოგადოების ინფორმირების მიზნით იწვევდნენ ჟურნალისტებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლების მხრიდან პრესასთან მსგავსი ურთიერთობის ფაქტი ეწინააღმდეგებოდა  მათ ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მათი პერსონალური მონაცემების ანონიმურობის გზით ონლაინ სამყაროში დავიწყებას მიაღწევდნენ.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ დროისათვის, როცა განმცხადებლებმა სასამართლოს გზით დავა დაიწყეს, მედიასაშუალებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს აქტუალობა დაკარგული არ ჰქონიათ და მათ მიმართ კვლავ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც  განმცხადებლების მიერ სადავოდ იყო გამხდარი, ფაქტების ობიექტურ აღწერილობას მოიცავდა და მისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად არ ისახავდა განმცხადებლების რეპუტაციისათვის ზიანის მიყენებას.

 

გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, საქმეში არ ფიგურირებდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, განმცხადებლები დაუკავშირდნენ საძიებო სისტემის ოპერატორებს და სთხოვეს, რომ ინტერნეტ მომხმარებლებისათვის მათ შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება გაერთულებინათ.

 

საბოლოო ჯამში, გაითვალისწინა რა სახელმწიფოთა ფართო მიხედულების ფარგლები, განსაზღვრონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებთან მიმართებით კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.

 

დასკვნა


გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა  წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი განსაკუთრებით მაღალ დონეზე არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად აღნიშნულისა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოცემულ საქმეში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და მას მიანიჭა უპირატესობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის მხრივ მხარი დაუჭირა ფედერალური სასამართლოს მსჯელობას და ხაზი გაუსვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმნიშვნელოვანეს როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება  მნიშვნელოვანია საქართველოში ინფორმაციაზე წვდომის უფლების კუთხით და იმის დასადგენად თუ სად გადის ზღვარი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვა არ შეიძლება გამართლებული იყოს პირადი ცხოვრების პატივისცემის დაცვის მოტივით, როცა საქმე  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს ეხება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოებს, პირის განცხადების გარეშე, საკუთარი ინიციატივით დაშტრიხონ დოკუმენტებში პერსონალური მონაცემები, ან მათი დაცვის მოტივით საერთოდ უარი თქვან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რაც ეწინააღმდეგება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელს განმცხადებელთა ანონიმურობის შესახებ, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში პერსონალური მონაცემები  განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეიძლება დაიშტრიხოს.

 

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებაში მოცემული დასაბუთება სავალდებულოდ გასათვალისწინებელია საქართველოში სასამართლოთა მიერ ისეთ საქმეებზე მსჯელობისას, სადაც ერთმანეთს გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (უფლება იყო დავიწყებული) ინტერესები უპირისპირდება.

 

თავისი საქმიანობის ფარგლებში IDFI  ხშირად აწყდება საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემას  ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვაზე მითითებით. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის ჭრილში. დღეის მდგომარეობით საქართველოში შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეთა შემთხვევაშიც კი. აღნიშნულის საფუძველს არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

 

არსებული წინააღმდეგობის აღმოფხვრის მიზნით 2016 წლის 15 ნოებერს IDFI-იმ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სამწუხაროდ სასამართლოს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ მიუღია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე მიიღებს გადაწყვტილებას, რომლის საფუძველზეც დადგინდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალი, უფრო მაღალი სტანდარტი საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.

 

[1]აღნიშნულ საქმეზე პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე დაყრდნობით მონაცემთა ბაზის ვებ გვერდზე განთავსების აკრძალვა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად არ მიიჩნია (აღნიშნული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია:  https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-175121%22]} )

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024