ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რეკომენდაციები არასათანადოდ სრულდება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 თებერვალი 2019

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა მეორე პროგრესის ანგარიში, რომელიც აფასებს მის მიერ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების მეოთხე რაუნდის შეფასების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. 22 გაცემული რეკომენდაციიდან არც ერთი „მნიშვნელოვანი პროგრესი“ არ დაფიქსირებულა, 17 მათგანი „პროგრესად“ შეფასდა, ოთხში „პროგრესის არარსებობა“ დაფიქსირდა, ხოლო ერთი მათგანი არ შეფასდა.

 

ანტიკორუფციული ქსელის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულების შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

 

- მნიშვნელოვანი პროგრესი – სახელმწიფომ გაატარა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღონისძიებები რეკომენდაციის მრავალი (ნახევარზე მეტი) ელემენტის ადეკვატურად შესასრულებლად. ეს შესაძლოა მოიცავდეს კანონის მიღებას ან/და განხორციელებას.

 

- პროგრესი – სახელმწიფომ გაატარა ზოგი პრაქტიკული ღონისძიება რეკომენდაციის შესასრულებლად. მაგალითად, მთავრობამ კანონპროექტები, სულ მცირე, მოიწონა და წარადგინა პარლამენტში.

 

- პროგრესის არარსებობა – რეკომენდაციის შესასრულებლად ღონისძიება არ გატარებულა.

 

ანტიკორუფციული ქსელის შეფასება სტამბულის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც OECD-ACN-ის მთავარი ქვე-რეგიონული ინიციატივაა და მოიცავს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის და უზბეკეთის შეფასებებს. ამ ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებს ანტიკორუფციული სფეროს ექსპერტები აფასებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. სტამბულის სამოქმედო გეგმის განხორციელება 2003 წელს დაიწყო და საქართველო მას იმავე წელს შეუერთდა. სამოქმედო გეგმის ფარგლებში პირველი რაუნდის მონიტორინგი 2004 წელს დაიწყო და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმები დღემდე ოთხჯერ შეფასდა. ანტიკორუფციული ქსელი სტამბულის სამოქმედო გეგმის მეხუთე რაუნდის შეფასებას 2020 წელს დაიწყებს.

 

ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე რაუნდის ანგარიშის გამოცემიდან (2016 წლის ოქტომბერი) ორი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას არცერთი რეკომენდაციის შესრულებისთვის რეალური ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ერთ რეკომენდაციას არცერთი ზემოთჩამოთვლილი რეიტინგი არ მიენიჭა (no rating), რადგან შეფასების ექსპერტებმა კონკრეტული შედეგის დადგომამდე თავი შეიკავეს მისი შეფასებისგან. მართალია, ღონისძიებების უმეტესობის შემთხვევაში პროგრესი დაფიქსირდა, ხოლო პროგრესის არარსებობა მხოლოდ ოთხი რეკომენდაციის შემთხვევაში გამოჩნდა, თუმცა ეს იმ ფონზე, როდესაც ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტები რეკომენდაციის შესრულებისთვის მთავრობის მიერ მცირე ძალისხმევის გაწევას პროგრესად აფასებენ.

 

ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები მრავალ მიმართულებას ფარავს, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: 1. ანტიკორუფციული პოლიტიკა, 2. კორუფციის პრევენცია, 3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გავრცელება კორუფციულ დანაშაულებზე და 4. კორუფციის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნა შერჩეულ სექტორში – ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვები.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად იყო ჩართული ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშის შემუშავებაში, შემფასებლებისთვის ზეპირი და წერილობითი ინფორმაციის მიწოდების გზით. IDFI-მ ასევე მიიღო მონაწილეობა ანტიკორუფციული ქსელის პლენარული სხდომის დისკუსიებში, რომელიც გაიმართა ანგარიშის მიღებამდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სათაო ოფისში, პარიზში, 2016 წლის ოქტომბერში. IDFI პერმანენტულად აწვდის ანტიკორუფციულ ქსელს ალტერნატიულ ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. IDFI მონაწილეობდა OECD-ACN-ის პლენარულ სხდომაზე, სადაც განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოს მეორე პროგრესის ანგარიში და რომელიც 2018 წლის ივლისში პარიზში გაიმართა. IDFI-ის ჩართულობა ანტიკორუფციული ქსელის პროგრესის ანგარიშების მიწოდების პროცესში და პლენარული სხდომებისას უზრუნველყოფილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგის და ჩართულობის გზით“, ფარგლებში.

 

2018 წლის ივნისში, IDFI-მ ანტიკორუფციულ ქსელს მიაწოდა ყოვლისმომცველი ინფორმაცია ალტერნატიული პროგრესის ანგარიშის სახით (იხილეთ მიბმული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე). IDFI-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თითქმის სრულად აისახა საბოლოო პროგრესის ანგარიშში. მეტიც, IDFI-ისა და ანტიკორუფციული ქსელის შეფასებების უმრავლესობა ერთმანეთს ემთხვევა.

 


რეკომენდაციების შესრულების პროგრესი

 

პროგრესად შეფასებული უმეტესი რეკომენდაციის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტები მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს უთითებენ. მაგალითად, ანტიკორუფციული ქსელის პირველი რეკომენდაცია, რომელიც ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებს ეხება, პროგრესად შეფასდა ექვსი კომპონენტიდან ორი კომპონენტის პროგრესად შეფასების ხარჯზე. საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები პროგრესად შეფასდა. მათგან რეკომენდაცია საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების პოლიტიკის ჩარჩოს შესახებ (მეოთხე) პროგრესად შეფასდა ოთხიდან მხოლოდ ერთი კომპონენტის შესრულებისთვის. საჯარო სამსახურის რეფორმის სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ (მეხუთე) რეკომენდაციის პირველი ნაწილი შეფასდა პროგრესად, თუმცა აქაც არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, ხოლო მეორე ნაწილი არ შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიღება (მერვე რეკომენდაცია) პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ რეგულაციების პრაქტიკულ განხორციელებაში რიგი ხარვეზებია. უპირობო პროგრესად შეფასდა მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციების სისტემის შესახებ (მეცხრე) რეკომენდაცია. ასევე წარმატებით განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (მეთხუთმეტე) რეკომენდაცია.

 

საქართველოს მთავრობამ პირველი წლის მსგავსად, მეორე საანგარიშო წელსაც ვერ უზრუნველყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომუნიკაციის სტრატეგიის მიღება და საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობების განხორციელება (მეორე რეკომენდაცია). საგანმანათლებლო ღონისძიებების ძირითადი ფოკუსი სისტემური და მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები უნდა ყოფილიყო, რომლის განხორციელებაც უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვის, რადგან ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტებმა ბოლო ანგარიშში გამოთქვა შეშფოთება ქვეყანაში მაღალი დონის, კომპლექსური კორუფციის არსებობის საფრთხეებთან დაკავშირებით.

 

წინა წლისგან განსხვავებით, მეორე საანგარიშო წელს მთავრობამ პროგრესი ვერ აჩვენა მეშვიდე რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო სამსახურებში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნას ეხებოდა.

 

საქართველოს მთავრობა უკვე მეორე წელია არ ასრულებს ანტიკორუფციული ქსელის მეთოთხმეტე რეკომენდაციას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღებას ეხება. ამ კანონზე მუშაობა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, კანონპროექტი იმავე წელს იყო მზად, თუმცა ის დღემდე არ არის მიღებული.

 

საქართველო ასევე არ ასრულებს ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციას სისხლის სამართლის კოდექსში კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით (მე-17 რეკომენდაცია). კერძოდ, რეკომენდაციის პირველი ნაწილის შეფასებაში, რომელიც ქრთამის აღებისთვის გათვალისწინებული სასჯელების გადახედვას ეხებოდა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ შეასრულოს ეს რეკომენდაცია. ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც პროკურორებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332 მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ 333 მუხლი) შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ინტერპრეტაციის სახელმძღვანელოს შემუშავებასა და მათი „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას ეხება, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა საკმარისი არ არის ამ ნაწილის პროგრესად შეფასებისთვის.

 

ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტებმა თავი შეიკავეს მე-11 რეკომენდაციის შეფასებისგან, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის მიღებას ეხებოდა. პარლამენტს ეთიკის კოდექსის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინა, თუმცა მას პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა. 2018 წლის მაისში კოდექსი შესწორებებით წარედგინა პარლამენტს, თუმცა ექსპერტებმა რეკომენდაციის პროგრესად შეფასებისგან თავი შეიკავეს კონკრეტული შედეგების დადგომამდე.

 

მესამე რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ანტიკორუფციული პოლიტიკის მაკოორდინირებელ უწყებებს ეხება, ლიმიტირებულ პროგრესად შეფასდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდისა და მათ მიერ გარკვეული ტრენინგების გავლის საფუძველზე, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია ხუთი ნაწილისგან შედგება და მოიცავს ანტიკორუფციული საბჭოს პრაქტიკის გადახედვას, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს რესურსების გაძლიერებას, საბჭოსთვის ვებგვერდის შექმნას, პარლამენტის წინაშე ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების რეგულარულ ანგარიშგებას და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ანტიკორუფციული სამმართველოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ წინა საანგარიშო პერიოდში ეს რეკომენდაცია შეუსრულებელი იყო.

 

სასამართლო სისტემა


სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მე-12 რეკომენდაციის შვიდი ელემენტიდან ექსპერტებმა მხოლოდ ორი შეაფასეს პროგრესად, მათგან ერთში ლიმიტირებული პროგრესი დაფიქსირდა. შეფასებისას ექსპერტებმა ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის) კრიტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება.


შეფასების ექსპერტებმა გაიზიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა არ იყო გამჭვირვალე. ამასთან, სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში განხორციელებული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც არსებული რეგულაციები გაუმჯობესდა და 2017 წელს ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტების მიერ პროგრესად შეფასდა, პრაქტიკაში არასათანადოდ იქნა გამოყენებული. ექსპერტებმა მიუთითეს, რომ ამ საკითხს მომავალი საანგარიშო წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და უნდა შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმების სათანადოდ გამოყენება.


მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასა და დაწინაურებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების შეფასებისას, ექსპერტებმა 2017 წლის შეფასების მსგავსად, ყურადღება გაამახვილეს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე, კერძოდ, შერჩევის კრიტერიუმების არასაკმარის ობიექტურობასა და ბოროტად გამოყენების რისკზე, გამჭვირვალობის ნაკლებობასა და გადაწყვეტილებების დასაბუთების პრობლემაზე.


სასამართლოს თავმჯდომარეთა ძალაუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, ექსპერტებმა ლიმიტირებულ პროგრესად შეაფასეს საქმეთა ელექტრონული განაწილების ამოქმედების შედეგად თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შემცირება, თუმცა ამავდროულად ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ თავმჯდომარეები კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ძალაუფლებას და აუცილებელია ამ რეკომენდაციისათვის სერიოზული ყურადღების დათმობა.


მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების ამოქმედება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, ექსპერტებმა ამ ნაწილშიც გაიზიარეს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციაში განაწილებასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქმეთა შემთხვევითი და ავტომატური განაწილების სისტემას.


მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ექსპერტები მიესალმნენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კანონპროექტზე მუშაობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნეს, რომ შესაბამისი შედეგის არარსებობის პირობებში, ამ კუთხით პროგრესი ვერ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ქსელის ანგარიშში პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა შეფასებამ ცხადყო, რომ არაერთი ხარვეზი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

 

პროკურატურა

 

ანტიკორუფციული ქსელის ანგარიშის მე-13 რეკომენდაცია პროკურატურას ეხება. ის ოთხ ელემენტს აერთიანებს. მათგან:


- პირველი ელემენტი პროკურორთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას ეხება და პროკურორთა დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინირებისა და გათავისუფლების პროცესში საპროკურორო საბჭოსთვის წამყვანი ფუნქციის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას;


- მეორე ელემენტი ითვალისწინებს დამსახურების საფუძველზე პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების, დისციპლინური სამართალწარმოების და თანამდებობიდან გათავისუფლების მკაფიო პროცედურის კანონში გაწერას;


- მესამე ელემენტი მიუთითებს, რომ პროკურორთა საქმიანობის შეფასებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა მოახდინოს დასრულებული საქმეებისა და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ;


- რეკომენდაციის ბოლო ელემენტი პროკურორთათვის ბონუსების გაცემის შესაძლებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. ამავე ნაწილში მითითებულია, რომ თუ პროკურორთათვის ბონუსები შენარჩუნდება ისინი მათ სრულ ანაზღაურებასთან შედარებით მცირე უნდა იყოს და უნდა გაიცეს მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაფუძნებით.

 

2018 წლის შეფასებაში ექსპერტებმა მიუთითეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის შესაბამისად პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელი უწყება ხდებოდა და მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასეს ეს რეფორმა. შესაბამისად რეკომენდაციის შესრულებაც პროგრესად შეფასდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტებმა უარყოფითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საპროკურორო საბჭოს არ მიანიჭა წამყვანი ფუნქცია პროკურორთა დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინირებისა და გათავისუფლების პროცესში. ამასთან, ექსპერტებმა მიუთითეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის ნაკლებობაზე მიუთითებდა. კერძოდ, მთავარი პროკურორის გადადგომა, რომელიც გარე გავლენის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების არაეფექტიანად წარმართვას მოჰყვა. შესაბამისად, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად რეკომენდაციის პირველი კომპონენტის პროგრესისა, მნიშვნელოვანი იქნება ორგანული კანონის კონსტიტუციურ ცვლილებებთან ჰარმონიზების პროცესის შემდგომი დაკვირვება.

 

რეკომენდაციის მეორე კომპონენტის შესრულების შეფასებისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული საკითხი გაწერილი იყო პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის პროექტში. თუმცა, ექსპერტებს არ მიეცათ პროექტის გაცნობის შესაძლებლობა. შესაბამისად, აღნიშნეს, რომ ამ კომპონენტის ანალიზი ორგანული კანონის მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 

2017 წლის საანგარიშო პერიოდში პროკურატურამ პროგრესი აჩვენა რეკომენდაციის მესამე ელემენტის შესრულების ნაწილში. კერძოდ, ამ პერიოდში შემუშავებული პროკურორთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები არ მოიაზრებდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას ერთ-ერთ კრიტერიუმად. შესაბამისად, 2018 წელს ამ კომპონენტის შეფასება საჭირო აღარ გახდა.

 

რეკომენდაციის ბოლო კომპონენტიც პროგრესად შეფასდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში ექსპერტები დაეყრდნენ მთავრობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც უზუსტობებს შეიცავდა. ექსპერტებმა მიუთითეს, რომ სახელფასო ანაზღაურების და ბონუსების საკითხს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი არეგულირებს, და ეს კანონი პროკურორებზეც ვრცელდება. თუმცა, კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი მოქმედება არ ვრცელდება პროკურორებზე და პროკურატურის გამომძიებლებზე. ამასთან, კანონის იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანამატის და ფულადი ჯილდოს ანაზღაურების ოდენობაზე ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ვრცელდება პროკურორებზე და პროკურატურის გამომძიებლებზე.

 

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ საანგარიშო წელს საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციის უმეტესი კომპონენტების შესრულებას წარმატებით გაართვა თავი. თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება სამომავლოდ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი და რეკომენდაციის სრულად შესრულების შეფასება.

 

დასკვნა

 

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ანტიკორუფციული ქსელი. OECD-ACN-თან ანგარიშგების მეორე წელს ქვეყანას რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შეუსრულებელი აქვს და მათ შესასრულებლად მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. ამასთან, მთავრობამ უნდა აღიაროს ქვეყანაში არსებული მაღალი დონისა და კომპლექსური კორუფციის რისკები და გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები მათ დასაძლევად.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი შეიქმნა 1998 წელს. მისი მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს წევრ ქვეყნებს კორუფციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. ანტიკორუფციული ქსელი უზრუნველყოფს რეგიონულ ფორუმს ანტიკორუფციული აქტივობების ხელშეწყობისთვის, კერძოდ, ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკული განხორციელებისთვის და ანტიკორუფციული სამართლებრივი აქტების ეფექტიანი აღსრულებისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დონორთა კოორდინაციისთვის.

 

საქართველო ანტიკორუფციული ქსელის სტამბულის სამოქმედო გეგმას 2003 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც ქვეყანაში მრავალი რეფორმა განხორციელდა იმ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებსაც ექსპერტთა ჯგუფი გასცემდა. საქართველოში დღემდე ოთხი შეფასების რაუნდი ჩატარდა. ამჟამად მთავრობა მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშის განხორციელების პროცესშია, რომელიც 2019 წელს მესამე პროგრესის ანგარიშის გამოცემით დასრულდება.

 

/public/upload/IDFI_2019/PrIME/georgia_alternative_progress_update_July 2018_IDFI_Final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024