საქართველოს მთვრობამ მიიღო დადგენილება საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა.
ეკატერინე ქარდავას განმარტებით, ეს დადგენილება თვითმმართველობის ერთეულებზე არ ვრცელდება, თუმცა არის რეკომენდაცია, რომ მათაც მიიღონ შესაბამისი დადგენილება პრემიების წესის შესახებ.
პარალელურ რეჟიმში მოამზადა კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა, რომლის თანახმადაც პრემიების გაცემის წესი არა მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის, არამედ თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვისაც რეგულირდება.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესის შესახებ შემუშავებული დებულებები საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა:
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასაბუთებით დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
იმ საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემედებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი. იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანეელბზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო და არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს.
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს. საჯარო მოხელეზე პრემია მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება გაიცეს, ისიც შესაბამისი დასაბუთებით.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინისტრის ხელფასი სახელფასო დანამატიანად თვეში 7875 ლარია, ხოლო წელიწადში - 94 500 ლარი. თუმცა, ამ დანამატების გარდა, თანამდებობის პირები დამატებით იღებენ თანხებს პრემიების სახით.
სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნება მხოლოდ ერთ თვეში აიღეს პრემიის სახით 18-დან 39 ათას ლარამდე თანხები.
თანამდებობის პირების ხელფასებისა და პრემიების თაობაზე პერიოდულად ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). იმ სამინისტროების მონაცემებით, რომლებმაც სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია IDFI-ს, ირკვევა, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრებს პრემიები არ აუღიათ, თუმცა ისინი იღებენ სხვადასხვას სახის სახელფასო დანამატებს.
მაგალითად, როგორც ირკვევა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რამდენიმე სახის სახელფასო დანამატს იღებს და, ჯამში, მისი ანაზღაურება თვეში 10 530 ლარს, წელიწადში კი 126 360 ლარს შეადგენს.
IDFI-ის ცნობით, გასულ წელს მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 50 885 ლარის მოცულობის სახელფასო დანამატი მიიღო, გურამ ოდიშარიამ - 50 045 ლარი და ა.შ.