საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014-2015 წლებში განსახორციელებლად ქვეყანის 16-მა სახელმწიფო უწყებამ 27 ვალდებულება აიღო.
ღია მმართველობა – საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2015 წლამდე დასრულდება მოქალაქის პორტალის (WWW.MY.GOV.GE) განვითარება, სადაც ინტეგრირებულია 70-მდე სახელმწიფო სერვისი და 80-მდე კომუნალური გადასახადი. ამ პორტალის საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულად გააგზავნოს წერილი სახელმწიფო უწყებაში და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი.
გეგმის თანახმად, შეიქმნება ღია მონაცემების პორტალი DATA.GOV.GE, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში საჯაროდ გამოქვეყნდება. გარდა ამისა, მომდევნო წლიდან მთავრობისთვის პეტიციების გაგზავნა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად Ichange.ge -ის მეშვეობით. საკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში წინადადებები მთავრობის სხდომაზე განიხილება.
მოხელეების მიერ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის გადასამოწმებლად უნდა შეიქმნას საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი.
გეგმის ფარგლებში უნდა განვითადეს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიანი მონაცემთა ბაზა- e-HMRS.
2015 წლიდან უნდა გაფართოვდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემა და მასში ინტეგრირებული უნდა იყოს კონკურსის ელექტრონული მოდული, რაც მიმწოდებლებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, როგორც ეს ტენდერის შემთხვევაში ხდება.
აღებული ვალდებულების თანახმად, 2015 წელს ფინანსთა სამინისტრომ უნდაუზრუნველყოს საბიუჯეტო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცესკომ კი საარჩევნო პროცესების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა ჩაატაროს.
ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმას მონიტორინგს გაუწევს ფორუმი, რომელიც საჯარო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომლექეტებული. სწორედ ფორუმის კოორდინირებით შემუშავდა სამოქმედო გეგმაც.