მონაცემების გლობალური ბარომეტრის შედეგების პრეზენტაცია - მონაცემების მდგომარეობა მსოფლიოში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 11 მაისი 2022

მონაცემთა განვითარების ქსელმა (D4D.net) და ILDA-მ 2022 წლის 11 მაისს ვირტუალურ ღონისძიებაზე წარადგინეს მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გამოცემის შედეგები. მონაცემების გლობალური ბარომეტრი, 12 რეგიონალური კვლევითი ჰაბის და 6 თემატური პარტნიორის მხარდაჭერით, იკვლევს მონაცემთა ხელმისაწვდომობას, მართვას, შესაძლებლობებს და გამოყენებას 109 ქვეყანაში, რათა დაეხმაროს მონაცემთა პოლიტიკის მომავლის ჩამოყალიბებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებების მართვა, კომპანიების რეესტრი, ჯანდაცვა და COVID-19, მიწათსარგებლობა, პოლიტიკური კეთილსინდისიერება, საჯარო ფინანსები და სახელმწიფო შესყიდვები. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბია.

 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია მონაცემების ფორმირება და მიმართვა საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ კარგად შემუშავებულ პოლიტიკის ჩარჩოებს შეუძლიათ ხარისხიანი მონაცემების მიწოდების უზრუნველყოფა, მაგრამ შესაძლებლობების ხარვეზები აფერხებს მონაცემების დახმარებით მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევას. თუმცა, GDB-ის შედეგები აჩვენებს, რომ პარტნიორობა და თანამშრომლობა აძლიერებს ინოვაციებს მონაცემების გამოყენების მხრივ. ჩვენი რეგიონალური ჰაბებისა და თემატური პარტნიორების გარეშე ამ სამუშაოს ვერ შევასრულებდით. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - განაცხადა სილვანა ფუმეგამ, მონაცემების გლობალური ბარომეტრის პროექტის დირექტორმა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბარომეტრის ფარგლებში მაღალი შეფასების მიღება შესაძლებელია, ზოგადად დაბალი ქულები, რომლებიც ქვეყნებმა პირველი გამოცემის ფარგლებში მიიღეს, მხოლოდ რეიტინგის შედგენაზე არ არის ორიენტირებული და უფრო მეტად გამიზნულია, როგორც საორიენტაციო მექანიზმი თითოეული ქვეყნისთვის, რათა მათ შეძლონ გამოვლენილი ხარვეზების გაუმჯობესება და დროთა განმავლობაში შედეგების გაუმჯობესება, რომელსაც GDB-ის შემდგომი გამოცემები გამოავლენენ.“, განაცხადა სილვანამ ბარომეტრის გამოყენებაზე საუბრისას.

 

ღია მონაცემების ბარომეტრზე დაყრდნობით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენებოდა მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკის შემუშავების, ადვოკატირებისა და აკადემიური კვლევებისთვის, გლობალური მონაცემების ბარომეტრის პირველი გამოცემა იკვლევს, თუ რამდენად იყენებენ ქვეყნები სხვადასხვა სახის მონაცემებს საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ბარომეტრი აერთიანებს როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ შეფასებებს, ეყრდნობა გლობალური პარტნიორებისა და რეგიონალური ჰაბების ქსელის მიერ მოპოვებულ პირველად მონაცემებს, არსებული მეორადი წყაროებიდან შეგროვებულ მონაცემებს და მთავრობების მიერ შევსებულ კითხვარებს.

 

„ბარომეტრი წარმოადგენს უნიკალურ გლობალურ პლატფორმას თანამშრომლობისთვის, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს განავითარონ მონაცემთა ეკოსისტემები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებების მართვა, კომპანიების რეესტრი, ჯანდაცვა, მიწათსარგებლობის გამჭვირვალობა, პოლიტიკური კეთილსინდისიერება, საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვები გამჭვირვალობა. ამ ახალ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებას უკეთესად შეეძლებათ მონაცემთა ინოვაციური გამოყენება საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის და მმართველობის უფრო დემოკრატიული და ინკლუზიური ფორმების დანერგვა“, - თქვა ქეროლაინ ფორდმა, IDRC-ის დემოკრატიული და ინკლუზიური მმართველობის დირექტორმა.

 

პრეზენტაცია მოიცავდა დისკუსიას მსოფლიოში მონაცემების მდგომარეობის შესახებ. დისკუსიაში ჩართული იყვნენ: ფრანჩესკა პერუჩი, გაეროს სტატისტიკის განყოფილებიდან; ჰაიშან ფუ, მსოფლიო ბანკის განვითარების მონაცემთა ჯგუფიდან; ქეროლაინ ფორდი, IDRC-დან; დელია ფერეირა რუბიო, საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარე; მუჩირი ნიაგგა, ადგილობრივი განვითარების კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; და ჯოზეფ ფოტი, ღია მმართველობის პარტნიორობიდან; ასევე სილვანა ფუმეგა, GDB-ის პროექტის დირექტორი.

 

ძირითადი მიგნებები:

 

  • მონაცემების ხელმისაწვდომობა

- ღია მონაცემების გამოქვეყნების (უფასო, დამუშავებად ფორმატში და ღიად ლიცენზირებული) მაჩვენებელი სტაგნაციას განიცდის უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. შესწავლილ მონაცემთა ნაკრებების მხოლოდ 10.63% აკმაყოფილებს ღია სტანდარტებს, თუმცა დაფიქსირდა პროგრესი საკვანძო სფეროებში, როგორიცაა შესყიდვების მონაცემების ხელმისაწვდომობა.

 

  • გამოყენება და გავლენა

- მონაცემების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია მიწის საკუთრების და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით. მაგალითად, ბრაზილიაში, „უთანასწორობის რუკა“ იყენებს 5.3 მილიონზე მეტ საკუთრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომელთა გამოყენება შემდგომ ხდება აგრარულ რეფორმაზე მიმდინარე ინტენსიური პოლიტიკური დისკუსიების დროს.  

 

  • მონაცემების შესაძლებლობები

-  მხოლოდ 23 ქვეყანაში დაფიქსირდა საჯარო მოხელეებისთვის მონაცემთა წიგნიერების რეგულარული ტრენინგების მაგალითები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამის სტრატეგიებში.

- მონაცემების მრავალი კატეგორია, რომელიც უფრო აქტუალურია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არის ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა; თუმცა, ქვეყნების მხოლოდ 22%-ს აქვს ინსტიტუციონალიზებული  მონაცემების ეფექტურად მართვის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე.

- ბარომეტრის შესაძლებლობების ინდიკატორების ჯგუფში გვხვდება ყველაზე დიდი სხვაობა უმაღლეს და დაბალ ქულებს შორის. მაგალითად, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში, ციფრული უნარების დაბალი დონე მოსახლეობაში აფერხებს ადამიანური კაპიტალის და პოლიტიკური თავისუფლებების შედეგად წარმოქმნილ შესაძლებლობებს. ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კერძო სექტორსა და მთავრობას აქვთ მონაცემების გამოყენების ძლიერი შესაძლებლობები, მაგრამ სუსტია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

 

  • მონაცემების მართვა

- სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს კანონებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ბარომეტრის მიერ გამოკვლეულ 109 ქვეყნიდან 98-ს აქვს გარკვეული მარეგულირებელი ჩარჩო, თუმცა 13 მათგანში რეგულაციებს არ გააჩნიათ კანონის ძალა, ხოლო 12 მათგანში მონაცემთა დაცვა შემოიფარგლება ცალკეული სექტორებით და სრულად არ ფარავს საჯარო და კერძო სექტორის მიერ მონაცემების გამოყენებას.

- ამჟამად 30 ქვეყანაში გვხვდება შესასრულებლად სავალდებულო ღია მონაცემების კანონმდებლობა. ამ ქვეყნებში თვალსაჩინოა მკაფიო კავშირი კანონებს შორის, რომლებიც მოიცავენ მონაცემების გამოქვეყნების და მონაცემების ხელმისაწვდომობის ვალდებულებებს. თუმცა, სექტორების მიხედვით მაინც არსებობს განხორციელების ხარვეზები გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დამატებით 44 ქვეყანაში ფიქსირდება ღია მონაცემთა ისეთი ინიციატივები, რომელთა შესრულება იურიდიულად სავალდებულო არ არის.

 

ღია მონაცემების ბარომეტრის ანგარიში

 

 

ღია მონაცემების ბარომეტრის შესახებ

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრი არის მონაცემთა განვითარების ქსელის (D4D.net) ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია შეიმუშავოს ახალი საორიენტაციო ნიშნული მონაცემთა განვითარების, ღია მონაცემთა დანერგვისა და მონაცემთა სამართლიანობის მდგომარეობის უფრო სრულყოფილი შესწავლისთვის მსოფლიო მასშტაბით. GDB არის რეგიონალური ჰაბების ქსელის და 100-ზე მეტი მკვლევრის ძალისხმევის შედეგი. GDB-ის დიზაინი ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის წინარე გამოცემებს, მაგრამ უფრო ფართოდ განიხილავს მონაცემთა ხელმისაწვდომობას და გამოყენებას საზოგადოებრივი სიკეთისთვის, მათ შორის, დამატებითი ყურადღება ექცევა კონფიდენციალურობისა და ინკლუზიის საკითხებს.

 

ბარომეტრი ზომავს მონაცემების მდგომარეობას 109-ზე მეტ ქვეყანაში მართვის, ხელმისაწვდომობის, შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის გამოყენების თვალსაზრისით. ბარომეტრი შეფასებას რამდენიმე ქვე-კატეგორიის მეშვეობით ახორციელებს: კლიმატის ცვლილებების მართვა, ჯანდაცვა და COVID-19, კომპანიების რეესტრი, მიწათსარგებლობა, პოლიტიკური კეთილსინდისიერება, საჯარო ფინანსები და სახელმწიფო შესყიდვები. შემდგომი კვლევის, პრაქტიკისა და ეროვნული ქმედებებისთვის მონაცემების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ბარომეტრის ყველა შედეგი იქნება ღიად ხელმისაწვდომი.

 

D4D.net-ის შესახებ

 

მონაცემთა განვითარების ქსელი (D4D.net) არის გლობალური კვლევითი ალიანსი, რომლის მიზანია დაინტერესებულ მხარეთა ფართო ქსელში თანამშრომლობის გაძლიერება, საჭირო ცოდნის მობილიზებით მონაცემთა გამოყენების განვითარებისთვის გლობალურ სამხრეთში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ლათინური ამერიკის ღია მონაცემთა ინიციატივა (ILDA), მონაცემთა განვითარების ქსელის (D4D.net) სახელით, ხელმძღვანელობს მონაცემთა გლობალური ბარომეტრის შემუშავებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024