მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური დღის წესრიგი და საქართველოს მიერ განვლილი გზა 2015 წლიდან დღემდე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 იანვარი 2018

გლობალური დღის წესრიგი


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. 2030 წლის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ (leaving no one behind).


მდგრადი განვითარების მიზნები, შესაბამისი ამოცანებით, იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; და უზრუნველყოს პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივი დაცვა. მიზნებმა ასევე უნდა შექმნან პირობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების ამ ამბიციური მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა.


მდგრადი განვითარების მიზნები არის ორ წლიანი ინტენსიური საჯარო კონსულტაციების და თანამშრომლობის შედეგი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები მთელი მსოფლიოდან. კონსულტაციების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოწყვლადი ჯგუფების მოსაზრებებს და საჭიროებებს. კონსულტაციებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების მიზნების ღია სამუშაო ჯგუფმა, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში - „გზა ღირსებისკენ 2030 წლამდე: სიღარიბის აღმოფხვრით, ყველას სიცოცხლის გარდაქმნითა და პლანეტის დაცვით“.


მდგრადი განვითარების მიზნები ეფუძნება ათასწლეულის განვითარების მიზნების (Milenium Development Goals) გამოცდილებას. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება 2000 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. მაშინ, ამ მიზნების სახით განვითარების მნიშვნელოვანი გლობალური სამოქმედო გეგმა იქნა შეთავაზებული, . თუმცა, ამ გლობალური გეგმის მთავარი გამოწვევა მისი არათანაბარი გავრცელება იყო. კერძოდ, პროგრესი უფრო მეტად ყველაზე განვითარებად ქვეყნებზე აისახა. ზოგი მიზანი კი განუხორციელებელი დარჩა, მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ: დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობა და რეპროდუქციული ჯანდაცვა. ათასწლეულის განვითარების დღის წესრიგი 8 მიზანს მოიცავდა, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის დაძლევას, საყოველთაო საშუალო განათლებას, გენდერულ თანასწორობას, ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებას, დედათა ჯანმრთელობას, აივ ინფექციასთან , მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლას, გარემოს მდგრადობას და განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობას აერთიანებდა.


მდგრადი განვითარების მიზნები სწორედ ათასწლეულის განვითრების შეუსრულებელი ამოცანების განხორციელებას ისახავს მიზნად და კიდევ უფრო ფართო და ამბიციურ მისწრაფებებს გვთავაზობს. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიმართულების გაგრძელებასთან ერთად, მდგრადი განვითარების სამიზნე გახდა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრი და მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა. ამასთან, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მკაფიოდ განსაზღვრავს მისი განხორციელების გზებს და გვთავაზობს ურთიერთდაკავშირებულ მიზნებს და მათ ინდიკატორებს, მათი შესრულების შეფასებისთვის.

 

საერთაშორისო მონიტორინგი


გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის განხილვისა და ზედამხედველობის ფუნქცია გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს მიენიჭა (HLFP), რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. ფორუმზე პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში (VNR) საქართველომ 2016 წელს წარადგინა. თუმცა, მაშინ ანგარიში მდგრადი განვითარების მისაღწევად საქართველოს ზოგად მისწრაფებებს, მიზნების კოორდინაციის და ნაციონალიზაციის ინსტიტუციური მექანიზმის შემუშავების პროცესს და სამომავლო გეგმებს ასახავდა. მომავალ ანგარიშს, რომელშიც მდგრადი განვითარების ყველა მიზნის და შესაბამისი ინდიკატორების განხორციელების დეტალური პროგრესი იქნება ასახული, საქართველო 2019 წელს წარუდგენს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს.


მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხში. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე ამ მიმართულებით რთული პროცესი გაიარა. ამ წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მაკოორდინირებელ უწყებად განისაზღვრა. დასაწყის ეტაპზე, მთავრობის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შექმნა ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოახდინა იმ მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, რაც მოცემულ მომენტში საქართველოს კონტექსტისთვის იყო პრიორიტეტული. ამ ეტაპზე საქართველოს ნაციონალიზებული აქვს 17-ივე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი. თუმცა, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს 169 სამიზნის ნაციონალიზებას ეტაპობრივად, 2030 წლამდე.


მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დაიწყო პროექტის - „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“, განხორციელება. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის - მატრიცის დასრულება. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომელთაც დახმარება გაუწიეს მთავრობას არა მხოლოდ დოკუმენტის შემუშავებაში, არამედ მონაწილე უწყებების წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებაშიც.


მდგრადი განვითარების ეროვნული დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომლითაც საქართველოს პასუხისმგებელმა საჯარო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ 2030 წლის დღის წესრიგის შესრულების პროცესში. კერძოდ, ეროვნულ დოკუმენტში ასახულია გლობალური და ნაციონალიზებული ამოცანები, გლობალური და საქართველოსთვის მისადაგებული ინდიკატორები, რომელთა მიღწევა საქართველომ 2030 წლამდე უნდა შეძლოს და საბაზისო ინდიკატორი, რომელთან მიმართებაშიც გაიზომება თითოეული ამოცანის შესრულება. ამასთან, ყოველი ამოცანის შესასრულებლად განსაზღვრულია შესაბამისი წამყვანი დაწესებულება. მატრიცის თითოეული პუნქტის შესაბამისად უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი.


მიზნების შესრულების მონიტორინგისა და პროცესის ეფექტიანად კოორდინაციისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო და ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები. ხოლო, საბჭოს სამდივნოს ფუნქციას მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს. საბჭოს ფუნქცია ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ თემატურ მიმართულებებზე და კოორდინაციას გაუწევენ მონაწილე უწყებების მუშაობას მონაცემთა შეგროვების და მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრაციის პროცესს. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო თანათავმჯდომარეა გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ამასთან, საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობაც არის გათვალისწინებული, რაც ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.


ამ ეტაპზე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მთავარი გამოწვევა მონაცემთა შეგროვებაა. მონაცემები არის ის ძირითადი საზომი, რითაც მიზნების განხორციელების პროგრესი ფასდება. თუმცა, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებს არ აქვთ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბჭოც და მისი სამუშაო ჯგუფებიც მხოლოდ მდგრადი განვითრების მიზნებთან დაკავშირებით ზოგადი პროგრესის განხილვის პლატფორმად ფუნქციონირებენ, მომავალი წლიდან მათ ძლიერი მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობები დასჭირდებათ. სწორედ მომავალ წელს შემუშავდება პირველი პროგრესის ანგარიში მდგრადი განვითრების მიზნების შესრულების შესახებ, რომელიც მოიცავს 2015-2017 წლებს. ეროვნული დოკუმენტის ერთ-ერთი გამოწვევა ისიც არის, რომ მასში არსებული მონაცემების აბსოლუტური უმრავლესობა ადმინისტრაციული მონაცემებისგან შედგება და არ ითვალისწინებს ისეთ ალტერნატიულ მონაცემების წყაროებს, როგორიც არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოებული ანგარიშები, ინდექსები და შეფასებები.


პროგრესის ანგარიშის შემუშავებისას საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების ძირითადი მხარდაჭერის ინსტრუმენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემა იქნება, რომელშიც პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იმუშავებენ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიაწვდიან ინფორმაციას თითოეული ინდიკატორის შესრულების შესახებ. სისტემა მუშავდება სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და IDFI-ის აქტიური ჩართულობით. სისტემა გაეშვება 2018 წლის დასაწყისში და ხელს შეუწყობს პროგრესის ანგარიშის შემუშავებას. ამასთან, სისტემას დაუკავშირდება ვებგვერდი, სადაც საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია მდგრადი განვითარების ეროვნულ და გლობალურ გეგმებზე და განთავსდება პროგრესის ანგარიშები.


იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც დღეს მდგრადი განვითარების საკოორდინაციო მექანიზმების წინაშე დგას, IDFI-მ UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი - „მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა“. პროექტის მთავარი ფოკუსი სამუშაო ჯგუფების გაძლიერება იქნება მონაცემთა შეგროვებისა და გაანალიზების ნაწილში. ამ მიზნით ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვებიან მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების ადგილობრივი ექსპერტები, გადაამზადებენ ჯგუფის წევრებს და უშუალო მონაწილეობას მიიღებენ მონაცემთა შეგროვების პროცესსა და პროგრესის ანგარიშის შემუშავებაში.


2018 წელს დაგეგმილია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირება, რაც 2030 წლის დღის წესრიგის საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობად გარდაქმნისთვის აუცილებელი კომპონენტია. პოლიტიკის დოკუმენტებს შორის იქნება ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმაც. პროგრესის ანგარიშის შემუშავებასთან ერთად, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოს მთავრობისთვის, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტულობა პარტნიორობის მიერ დამტკიცებულია დეკლარაციით, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტიც შეუერთდა. ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ასევე დადებითად აისახება ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდება.


ცნობიერების ამაღლების კამპანია


მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება IDFI-ის მიერ განხორციელებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მიზნების ნაციონალიზაციის პირველ ეტაპზე საჭირო გახდა მოსახლეობას ჰქონოდა ინფორმაცია გლობალური დღის წესრიგისა და სამთავრობო გეგმების შესახებ. დაიგეგმა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, სტუდენტებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან.


ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით IDFI-მ UNDP-ისთან ერთად რუსთავში ჩაატარა „სტრიტ არტის დღე“ მდგრადი განვითრების მიზნების შესახებ და ვიზუალიზაციისა და ესეების კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც საერთაშორისო ფორუმზე დაჯილდოვდნენ. 16 პლიუს ფორუმს საქართველომ 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს უმასპინძლა. ფორუმი ეხებოდა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა 25 ქვეყნის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელსაც IDFI-ის გარდა გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (ჭFUNA) წარმომადგენლები უძღვებოდნენ.


მიუხედავად ყოვლისმომცველი ცნობიერების ამაღლების კამპანიისა, გამოწვევად რჩება არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში. სწორედ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად, ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ, IDFI და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებში. ახალი პროექტის ფარგლებში გაიმართება საქმიანი შეხვედრები კონკრეტულ თემატურ მიმართულებებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.


ახალი პროექტის დასკვნით ნაწილში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, UNDP და IDFI გამართავენ კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება პროგრესის ანგარიში, ყურადღება იქნება გამახვილებული ძირითად მიღწევებზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024