14-15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში მასპინძლობს საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას თემაზე: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები."
აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებაში საქართველოს პარლამენტთან ერთად აქტიური წვლილი შეიტანეს OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფმა (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.
14-15 სექტემბერს თბილისში GLOW-ს ფარგლებში გამართულ კონფერენციას ჩილეს კონგრესი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი გაუწევენ თანა-თავმჯდომარეობას. კონფერენციაში ქართველი დელეგატების გარდა, მონაწილეობას იღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნების 70-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის OGP-ის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები და OGP-ის ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საკანონმდებლო ღიაობის დახვეწაზე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე, საპარლამენტო ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაზე და ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში მოქალაქეთათვის საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაზე.
თბილისში გამართულ გლობალურ საკანონმდებლო ღიაობის კვირეულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახსნის. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე, საქართველო წარადგენს საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც შემუშავდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ შედეგად, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით. აღნიშნული პროექტის არის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ნაწილი. საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა პარლამენტის ბიურომ 17 ივლისს დაამტკიცა.
იხილეთ მონაწილეთა სია და დღის წესრიგი.