ღია წერილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

განცხადებები 4 ივნისი 2014

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

 

ბატონო გიორგი, გუშინ მედიაში გავრცელდა თქვენი განცხადება  სადაც თქვენ გამოთქვით გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე არა-ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულება. ამავე განცხადებაში, თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ სამინისტროს არავისთვის უთქვამს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ვთვლით რა, რომ მსგავსი განცხადება შესაძლებელია გაკეთდა თქვენთვის ინფორმაციის არასათანადოდ მოწოდების გამო, გვსურს დეტალურად განვმარტოთ ჩვენს კვლევაში თქვენი სამინისტროს მიერ ნაჩვენები შედეგები.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს ერთადერთ უწყებას, რომელმაც უარი განაცხადა შიდა აუდიტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. კერძოდ, ჩვენ მოვითხოვეთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:

 

1) 2013  წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები;

2) 2013 წელს აუდიტორული შემოწმებების შედეგების ამსახველი ინფორმაციის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შემთხვევების რაოდენობა;

3) 2013 წელს აუდიტორული შემოწმებების შედეგად დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევების ოდენობა (პასუხისმგებლობების ფორმის, სახისა და გამოყენების თარიღის მითითებით);

4) 2013 წელს მაკონტროლებელი (როგორც შიდა უწყებრივი, ისე გარე) ორგანოების მიერ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებათა ნუსხა (მათი მოკლე აღწერილობის მითითებით).

 

გარდა ამისა, სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა შემდეგი მოთხოვნაც: 2012 წელს (ნოემბერი-დეკემბერი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული სახელფასო დანამატების ოდენობა.

 

სამინისტრომ არასრულყოფილი პასუხი გასცა  შემდეგ მოთხოვნებს:

 

1) 2013 წელს სამინისტროს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით;

2) 2013 წელს სამინისტროს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;

3) 2013 წელს სამინისტროს თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა  და  ქვეყნის მითითებით;

4) 2013  წელს  სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები;  (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის, ადგილისა და მოწვეულ სტუმართა, და სამინისტროსაგან წარმოდგენილ დამსწრე პირთა ოდენობის მითითებით);

5) 2013 წელს  თანამდებობის პირების (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) მიერ ე.წ. „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული  ხარჯები;

6) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2013 წელს გაწეული ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (შესაბამის  თანამდებობის  პირზე ან თანამშრომელზე დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომანქანაზე გაწეული მომსახურების სახე, თანხის ოდენობა და მომსახურების პერიოდი; ასევე საჯარო მოხელის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული აქვს მფლობელობაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება);

 

არასრულყოფილად მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ სამინისტროს მხრიდან მოწოდებული იქნა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ჯამური ოდენობა და არა ის მონაცემები, რაც ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნილი. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ 2012 წლის დასასრულსა და 2013 წლის დასაწყისში, სამინისტრომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ანალოგიური შინაარსის განცხადებები სრულყოფილად დააკმაყოფილა.  მაგალითისათვის იხილეთ 2013 წლის მარტის თვეში მოწოდებული სამინისტროში გაცემული პრემიების შესახებ   დეტალური ინფორმაცია და ამჯერად მოწოდებული მხოლოდ ჯამური ოდენობები.

 

გვინდა გამოვეხმაუროთ აგრეთვე თქვენს განცხადებაში ხაზგასმულ საკითხს ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნის უფლება დაფუძნებული იყო სზაკ-ის განმარტებაზე, რომ - საჯარო ოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია  საჯარო ინფორმაცია, ანუ ოფიციალური დოკუმენტია. ამავე დროს,  საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში  საჯარო ინფორმაცია განმარტებულია როგორც ოფიციალური დოკუმენტი მათ შორის ელექტრონული ინფორმაცია, აქედან გამომდინარე ჩვენი აზრით ელექტრონული გზავნილი, ანუ "ოფიციალური მეილი" წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ნიდერლანდები და ა.შ.), ელექტრონული გზავნილები, მათ შორის ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, არა მხოლოდ ითვლება საჯარო ინფორმაციად (თუ რა თქმა უნდა ის არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ან სხვა საიდუმლოებას) არამედ სავალდებულო წესით ინახება ცენტრალურ არქივებში. ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ არ არის დანერგილი მსგავსი პრაქტიკა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული ოფიციალური ელექტრონული მიმოწერა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

 

დასასრულს გვინდა აგრეთვე შეგახსენოთ, რომ ზემოთხსენებული ინფორმაციის არ გაცემისა და არასრულყოფილად მოწოდების გამო, ჩვენს მიერ თქვენს სახელზე შემოტანილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარიც. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2014 წლის 26 მარტს მოხდა ამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაც, ჩვენ დღესაც კი, ანუ განხილვიდან 2 თვის შემდგომ, არ მიგვიღია პასუხი თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი, წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ ძირითად  პრიორიტეტს, რის მაღალ ხარისხსაც საქართველოს მოქალაქეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მოელოდნენ. დასანანია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, 2013 წელს თვალსაჩინო გაუმჯობესების შემდგომ, როდესაც მოლოდინი კიდევ უფრომეტ წინსვლაზე იყო, რიგ საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამჭვირვალობის კუთხით გაუარესებული მაჩვენებელი მივიღეთ. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწეული ღიაობის მაღალი ხარისხი გამოწვეული იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცემის სურვილით. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენს ნებას, ისევე როგორც ჩვენს მოლოდინს, წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება ერთობლივი მუშაობით და თქვენი პირადი ჩართულობით მივაღწიოთ გამჭვირვალობის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023