Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუმჯობესდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 16 ოქტომბერი 2020

14 ოქტომბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2020 წელს საქართველომ 100-დან 76 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2019 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა, საერთო ჯამში, ერთით გაუმჯობესდა.


2019 ივნისსა და 2020 მაისის პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის გამოყოფილია შემდეგი ფაქტები:


- 2019 წლის ოქტომბერში 2,000-მდე სამთავრობო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა. 


- „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული სადავო ცვლილებები, რის მეშვეობითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოტენციურად ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა დიდი რაოდენობის პერსონალურ მონაცემებზე. 

 

- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგლამენტის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ინტერნეტდომენის გამცემს ავალდებულებდა დაბლოკოს ინტერნეტგვერდი, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

 

წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქულის ცვლილება ხუთ კომპონენტში დაფიქსირდა. კერძოდ, ზემოთხსენებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმებისა და პოლიტიკური აქტორების მიერ ონლაინ კონტენტის მანიპულაციისა და სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების გამოყენების გახშირების გამო, ორქულიანი კლება დაფიქსირდა. თუმცა, ქულის გაუმჯობესება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. აგრეთვე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იშვიათად ხდება ონლაინ კონტენტის წაშლის, ასევე, ონლაინ აქტივობის გამო აქტივისტების დაკავების ფაქტები. 

 

ანგარიშის მიხედვით, მართალია ქვეყანაში ციფრული უფლებები ზოგადად დაცულია, მაგრამ ბოლო პერიოდში გახშირდა კიბერშეტევები და შეინიშნება ონლაინ კონტენტის მანიპულაციის ტენდენციები. ასევე, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიუხედავად, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული სამთავრობო ინიციატივები ნელა მიმდინარებს.  კომპანია Ookla-ს მიერ 2020 წლის მაისში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 24.8 მგ/წმ იყო, რა მაჩვენებლითაც საქართველო ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, რუსეთსა და უკრაინას. მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე იმავე პერიოდში 2019 წლის მაისის მონაცემებთან შედარებით შემცირდა და 27.6 მგ/წმ-დან 25.9 მგ/წმ-მდე ჩამოვიდა. 

 

Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების საკითხსაც. ნათქვამია, რომ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებს. კერძოდ, ბაზრის ¾-ს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (საკაბელო ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზრის დიდი ნაწილი სამ პროვაიდერს უკავია. 

 

საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროს მთავარი მარეგულირებელი უწყების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობის შეფასებისას აღნიშნულია, რომ ანგარიშის დაფარვის პერიოდში (2020 წლის მაისამდე) ინტერნეტ სფეროს რეგულირების კუთხით რამე პოლიტიზირებული გადაწყვეტილება არ მიღებულა. თუმცა, ნახსენებია კომისიის მიმართ გამოხატული კრიტიკა ახლადდაფუძნებული მედია აკადემიის საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის არგაცემის გამო. 


ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების ხარისხის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტ აქტივისტებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია ინფორმაციის გავრცელების, ხალხის მობილიზებისა და ონლაინ კამპანიების ჩატარების მიზნით. თუმცა, მოყვანილია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტები, რომლებიც ჟურნალისტების მხრიდან დამსაქმებლის შესახებ კრიტიკულ Facebook პოსტს უკავშირდებოდა. 

 

გარდა ამისა, როგორც უკვე აღნიშნა, ქვეყნის საერთო ქულაზე უარყოფითად იმოქმედა ბოლო პერიოდში ონლაინ კონტენტის მანიპულაციის გავრცელებულმა ტენდენციამ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელისუფლებო და სხვა საშინაო პოლიტიკური აქტორები ცდილობდნენ ონლაინ კონტენტის მანიპულაციით საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. 

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ონლაინ აუდიტორიაც გახდა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ობიექტი. ამის მაგალითად მოყვანილია რამდენიმე გარემოება: 2020 წლის აპრილში Facebook-მა გააუქმა პრო-რუს ჯგუფებთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები. მანამდე, 2019 წლის იანვარში Facebook-მა წაშალა რუსეთიდან მართული ის ანგარიშები და გვერდები, რომლებიც ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ. ასევე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ მიერ მხარდაჭერილი აქტორები ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით გახსნილი კვლევითი ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ. 


თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები; 2. კონტენტის შეზღუდვა; და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2020 წლის ანგარიში 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის ინტერნეტის მიმართულების ხელმძღვანელი 2014 წლიდან არის ჩართული Freedom House-ის Freedom On the Net პროგრამაში და მონაწილეობს საქართველოს შესახებ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშის მომზადებაში.

დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024