რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 7 ნოემბერი 2022

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მრავალმხრივია და ის ეხება კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, ბიზნესს, საბანკო გადარიცხვებს, იმპორტ-ექსპორტს  და სხვა.  მათ შორის, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან და ბელარუსთან სხვადასხვა საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ასევე, მკაცრი სანქციები დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. 

 

რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე ეტაპზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებდა მონაწილეობა მიეღო ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული განცხადება ასევე ცალკეული თანამდებობის პირების  შემდგომი განცხადებები საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსის იყო და არ წარმოადგენდა მკაფიო განმარტებას რუსეთის ფედერაციის სანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკასა და როლზე.  თუმცა, მოგვიანებით განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა უწყებების (ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო) განცხადებები აჩვენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციას არ უწესებდა საკუთარ  სანქციებს, ის არ აპირებდა გამხდარიყო ქვეყანა, რომლის  საბაჟო ტერიტორია ან/და ფინანსური ინსტიტუტები საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას შესაძლებელს გახდიდა. 

 

შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები განმარტავდნენ, რომ ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (ექსპორტი, რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარებოდა განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. ასევე, საქართველოს ფინანსური სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი, რაც განაპირობებდა საფინანსო სექტორის საერთაშორისო სანქციებთან მიერთებას.  

 

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავის არიდებისკენ მიმართული შემთხვევების შესწავლის მიზნით, IDFI-მ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან  გამოითხოვა შესაბამისი ოფიციალური ინფორმაცია. მათ შორის, IDFI-მ საწყის ეტაპზე შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვა 2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ გამოვლენილი შემთხვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როდესაც ადგილი ჰქონდა  საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების საქართველოს საზღვარზე გადაადგილების მცდელობას. აღნიშნული წერილის პასუხად, შემოსავლების სამსახურმა მოგვაწოდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობების ასლები, რომელთა გამოწერითაც 2022 წლის 10 აგვისტომდე განხორციელდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართულებით გადაადგილებული ტვირთების უკან გაბრუნება.  

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2022 წლის 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები.

 

- ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გააადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

 

- სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთი) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%).

 

- 204 აღრიცხვის ბარათიდან 50-ზე საქონლის კოდი მითითებული არ არის, ხოლო საქონელი, რომ სანქცირებულია სიტყვიერად მითითებულია 71 შემთხვევაში.

 

- 2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან, უკან გააბრუნეს რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.

 

- სააღრიცხვო ბარათების დამუშავებით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან გაბრუნდა სეს-ის 84-ე ჯგუფს (დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები) მიკუთვნებული საქონელი. მათ შორის, იყო სანქცირებული ტვირთი თბოგადამცემები, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის.

 

- ყველაზე ხშირად უკან გაბრუნებულ ტვირთს  შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები (ჯგუფი 87). მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 268%-ით გაიზარდა.

 

- ცალკეული პასუხისმგებელი უწყებები არ ასაჯაროებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მაგალითად, საზღაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთოდ არ გასცა სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია, ეროვნულმა ბანკმა ასევე კონფიდენციალურად მიიჩნია ფინანსურ ინსტიტუტებში გამოვლენილი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან შეუსაბამობები.

 

დასკვნა

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების უკრაინისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკას რუსეთის ფედერაციისთვის მკაცრი სანქციების დაწესება და მისი ეფექტური აღსრულება წარმოადგენს. რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე უარი განაცხადა, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მომდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებით იქნა ახსნილი.   

 

აღნიშნულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ქვეყანას გაუჩინა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ვალდებულება, საქართველო არ ქცეულიყო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების შესაძლებლობად. შესაბამისად, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობით, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის თუ საფინანსო სექტორის სანქციებისგან თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა.

 

სამწუხაროდ, სანქციების აღსრულების მაკონტროლებელი უწყებების მიერ არ ხდება ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა პროცესისადმი საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ხარისხს. მაგალითად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ უზრუნველყოფს იმ მინიმალური სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობასაც, რაც დაკავშირებულია მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებთან.  

 

ასევე, მიმდინარე კვლევის ფარგლებში, სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით ანალიზი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურიდან მნიშნელოვანი მონაცემების დაფარვით მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით. მონაცემების ანალიზი გარკვეულ კითხვებს აჩენს საწყის ეტაპზე სანქცირებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, პირველი სანქცირებული ტვირთი საბაჟო კონტროლის შედეგად  უკან გაბრუნდა ომის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. 

 

ამასთან, ცალკეული შემთხვევებით, რომელიც დაკავშირებულია დრონების და სხვა მსგავსი პროდუქციის რუსეთში გადატანის მცდელობასთან, დასტურდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ასეთი ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რაც ზრდის შესაბამის რისკებს. კერძოდ,  მსგავსი პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრა მიაყენებს საქართველოს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს.  აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.  

 

_____

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ისპოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024