საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 31 მაისი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.


გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.


სამოქმედო გეგმის ვალდებულებები ერთობლივად შეიმუშავეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:


- საქართველოს პარლამენტი


- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)


- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYILA)


- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)


- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)


- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)


- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)


- GIZ საქართველო


- ჯამპსტარტ საქართველო


- USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI).


გეგმაში შესული ყველა ვალდებულება ღია მმართველობის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპებია: 1. მოქალაქეთა ჩართულობა, 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, 3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა, და 4. ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამასთან, სამოქმედო გეგმაში გაერთიანებული ყველა ვალდებულება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც (Sustainable Development Goals) პასუხობს.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმ (IDFI) მოამზადა სპეციალური კვლევა, რომელშიც განხილულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესული ვალდებულებების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან.


განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სამოქმედო გეგმაში შესული შემდეგი ვალდებულებები:


ვალდებულება 1.1. - პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა - ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას და საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას. პარლამენტი ასევე გეგმავს პეტიციების განხილვის წესისა და ფორმატის დახვეწას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.


ვალდებულება 2.3. - მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე - ვებგვერდ www.parliament.ge-ზე არ მოიპოვება სრული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ, მაგალითად, ბიუროს მისამართი მათ საარჩევნო ოლქში. ვალდებულების მიზანია ინფორმაციის გასაჯაროება, რათა ამომრჩეველს გაუადვილდეს დეპუტატებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრის ორგანიზება.


ვალდებულება 2.5. - პარლამენტის კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება - ამ ვალდებულების განხორციელების შედეგად, პარლამენტის კომიტეტებს დაევალებათ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის/საგაზაფხულო სესიის დასაწყისში. ეს ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას, დროულად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ.


ვალდებულება 4.2. - საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება - პარლამენტი საჯარო დაწესებულებებიდან იღებს ყოველწლიურ ანგარიშებს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს ამ ანგარიშების განხილვის კონკრეტულ პროცედურას, რის გამოც ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ვალდებულების ფარგლებში პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის ანგარიშების განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.


ვალდებულება 4.6. - მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა - დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტი არ ზედამხედველობს საქართველოს მთავრობის საქმიანობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას OGP-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.


საქართველოს საპარლმანეტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრების და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. გეგმის შემუშავების პროცესში ასევე გაიმართა საჯარო კონსულტაციები და გამოკითხვები. მაგალითისთვის, 2017 წლის 19 აპრილს, IDF-მ), სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ რეკომენდაციებზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენიშნათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ან/და კითხვარის ბოლოს დაეფიქსირებინათ მათი განსხვავებული მოსაზრება. გამოკითხვის შედეგების ნახვა ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.


საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების სრული პროცესი (საჯარო კონსულტაციები, გამოკითხვები და სამუშაო შეხვედრები) მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტით - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“.


2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სულ სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა:


2017 წლის 18 იანვარს ჩატარებული შეხვედრა;


2017 წლის 14 მარტს ჩატარებული შეხვედრა;

 

2017 წლის 2 მაისს ჩატარებული შეხვედრა.


შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.


2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფების შექმნა იგეგმება.


საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული რიგით მეორე გეგმაა. საქართველოს ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლის დამტკიცდა და 18 ვალდებულებას აერთიანებდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024