საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს მოსაზრებები გაუზიარა

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 1 აგვისტო 2023

საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს SLAPP-ის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტის პროექტზე თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარა.

 

ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის[1] მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი SLAPP ფენომენის წინააღმდეგ წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღებ ზომებს ეხება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის დაცვას SLAPP სარჩელებისგან.

 

SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლიდან SLAPP-ის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც, საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს შესთავაზა რეკომენდაციების შემუშავებისას გაითვალისწინოს საქართველოში არსებული მდგომარეობა და ის მიდგომები, რომლებიც შეინიშნება მსგავსი საქმეების სასამართლოში განხილვისას.

 

ევროპის საბჭოსთვის გაზიარებულ რეკომენდაციებში ანტი-SLAPP პლატფორმა ხაზს უსვამს საქართველოში გავლენიანი პირების მიერ ინიცირებული საქმეების სხვადასხვა მახასიათებელს, რომელიც SLAPP საქმეების ამოცნობაში გვეხმარება. კერძოდ, საუბარია ისეთ მაგალითებზე, სადაც მოსარჩელე აღიარებს, რომ სარჩელის მიზანი საჯარო ინტერესებისთვის მომუშავე ინდივიდის ან ორგანიზაციის დასჯაა;ან როდესაც მოსარჩელე არ მიმართავს სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს და სამოქალაქო ჩართულობისთვის ყველაზე დამაზიანებელ გზას, სასამართლოში სარჩელის შეტანას ირჩევს, რაც საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მოპასუხის მდგომარეობას კიდევ მეტად ამძიმებს. ანტი-SLAPP პლატფორმა მიმართავს ევროპის საბჭოს, რომ მსგავსი მაგალითები მხედველობაში მიიღოს, როგორც SLAPP საქმეებისთვის დამახასიათებელი ინდიკატორები.

 

ამასთან, ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს განუმარტა მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არსებული სისტემური პრობლემები, რაც საქართველოს კონტექსტს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ევროპის საბჭომ შეიმუშავოს ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს უბიძგებს გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოში SLAPP საქმეების კონტექსტის უკეთ შესწავლა ევროპის საბჭოს დაეხმარება ისეთი რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელიც წევრ სახელმწიფოებს SLAPP ფენომენთან უკეთ გამკლავებაში და საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტების შემუშავებაში დაეხმარება.

 

საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმა დაარსდა 2023 წლის 29 ივნისს და ამჟამად აერთიანებს 7 არასამთავრობო ორგანიზაციას. ანტი-SLAPP პლატფორმის მიზანია საერთო ძალისხმევით დავამკვიდროთ საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტები, დავიცვათ და გავაძლიეროთ მედია, უფლებადამცველები და სხვა სუბიექტები SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად.

 

ანტი-SLAPP პლატფორმის მოსაზრებებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი

 

უფლებები საქართველო

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

 

---------

[1]2021 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დაარსდა SLAPP საქმეების ექსპერტთა კომიტეტი, რომლის მოვალეობა 2023 წლამდე SLAPP-ებთან დაკავშირებული რეკომენდაციის მომზადებაა. SLAPP-ების წინააღმდეგ სამართლებრივი და სხვა მექანიზმების შემუშავების საჭიროებაზე აქტიური მუშაობის აუცილებლობა ევროპაში SLAPP საქმეების მზარდმა რაოდენობამ გამოიწვია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024