ავტორი: სოფიკო ტაბატაძე
საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხი. მონაცემების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები აქტიურად არ მონაწილეობენ ისეთ პოლიტიკურ აქტივობებში როგორებიცაა: არჩევნები, ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავება და ა.შ. მეტიც, მათგან ნახევარზე მეტს ქვეყნის არჩვენებში ერთხელაც არ მიუღია მონაწილეობა(socialjustice & ღია საზოგადოება,2022). ეს მდგომარეობა გამოწვევის წინაშე აყენებს საზოგადოების ჰარმონიულ და დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური პროცესებისგან ეთნიკურიუმცირესობების გათიშულობა იწვევს მათი სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების განხორცილებისშეფერხებას. დოკუმენტის მიზანია, გამოავლინოს ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკური ინტეგრაციის შემაფერხებელი მიზეზები და დასახოს მოგვარების გზები. დასაკვირვებლად შერჩეულ იქნა საქართველოში ორი ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფი: სომხური და აზერბაიჯანული თემი (საქსტატი, 2022). ვინაიდან, რაოდენობის გამო, მათ მეტი პოტენციალი აქვთ გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე.
კვლევის მიზნებისთვის განხორციელდა შემდეგი: 1. თემატური სტატიების ანგარიშების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და ინტერვიუების გაანალიზება; 2. ჩატარებული სამაგიდო კვლევის მონაცემების გაანალიზება თვისებრივი კვლევის შინაარსობრივი კონტენტ-ანალიზით; 3. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარება; 4. შეგროვებული ემპირიული ცნობების საფუძველზე პოლიტიკური ინტეგრაციის შემაფერხებელი მიზეზებისა და მათი ალტერნატივების განსაზღვრა.
მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევაა ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი. ვინაიდან, ეს მათთვის შეუძლებელს ხდის გამოხატონ და დაიცვან საკუთარი ინტერესები. შესაბამისად, ბუნებრივია ფერხდება მათი პოლიტიკური ინტეგრაცია. ამ საკითხის მოსაგვარებლად კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის გატარება დაიწყოს სკოლის ასაკიდანვე. შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან რეფორმების გატარება.
პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებისას განხილული იქნა სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემის მოგვარების შესაძლო ალტერნატივები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შეფასდა.
პირველ ალტერნატივას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სკოლებისა და ბაღების რაოდენობის ზრდა. სკოლამდელი აღზრდის ჩართულობის ზოგადი მაჩვენებელი - 69.5%-ია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში 25%-ია (socialjustice.2022). ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სკოლების ნაწილი მხოლოდ 9 კლასს მოიცავს, ხოლო 12 კლასიანი სკოლები შორსაა და მოსწავლეების ტრანსპორტირება რთულია (EMC, 2020). ამას ადასტურებს სოციალური სამართლიანობის ცენტრთან საუბრისას მინაიამ მამედვას სიტყვები, რომ: „ ჩემმა შვილმა 9 კლასი დაამთავრა და ვერ აგრძელებს სწავლას, სკოლა არ არის“ (socialjustice.2022). აღნიშნული ალტერნატივის გაანალიზებისთვის გამოყენებულ იქნა გადაწყვეტილების მიღებისა და ზეგავლენის მიდგომა. კერძოდ, ამ შემთხვევაში გავლენის (Impact) ჯგუფში გაერთიანდებოდნენ უშუალოდ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი, რომლსაც წვდომა ექნებოდა სკოლებსა და ბაღებთან. ეს ხელს შეუწყობდა არასრულწლოვანებში ადრეულ ეტაპზე ქართული ენის შესწავლის დაწყებას. ეს კი გაზრდიდა მათ იდენტიფიცირებას საქართველოსთან. შევიდოდნენ: მშობლები, რომელთა შვილების სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ზრდა მათთვის გაზრდიდა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის წვდომას. მაგალითად ისინი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებით გაიუმჯობესებდნენ ქართულის ცოდნის დონეს, ან შვილებისგან მიიღებდნენ ცნობებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ეს კი შესაძლოა სტიმული ყოფილიყო მათთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის კუთხით. ასევე, ამ ჯგუფში შედიან მასწავლებლები და პერსონალი, რომელიც ახალ სკოლებსა და ბაღებში დასაქმდებოდნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახებოდა. რაც შეეხება განათლების სხვა პროგრამებს, შესაძლოა აღნიშნული ალტერნატივა წამახალისებელი ყოფილიყო ისეთი პროგრამებისთვის, როგორებიცაა სკოლის პერსონალის გადამზადება, ან პირიქით, ნეგატიურად ასახულიყო დაფინანსების საჭიროების გამო უკვე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
შედეგის (ე.წ. Outcome) თვალსაზრისით ამ ალტერნატივის საშუალებით გაიზრდებოდა ქვეყანაში განათლების დონე, შეწყდებოდა სოფლების დაცარიელება და ეს ყველაფერი ქვეყანას ეკონომიკური სარგებელსაც მოუტანდა.
პოლიტიკის II ალტერნატივას წარმოადგენს ზოგადი სასწავლო პროგრამის შემუშავება მთლიანად აზერბაიჯანული და სომხური თემისთვის. იგი განხილულია ეთიკური ანალიზის მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული ალტერნატივის ფარგლებში შემუშავდება სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები სამიზნე ეთნიკური ჯგუფების ნებისმიერი ასაკის მოსახელობისთვის. ინტერვიუში ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ადგილზე სათემო პროგრამების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზრდასრული ასაკის ადამიანებში ქართული ენის შესწავლას შეუწყობენ ხელს. პრობლემა არის ის, რომ მშობლები ვერ ეხმარებიან შვილებს ქართული ენის სწავლებისას, რადგან მათ ენა არ იციან” (ავტორის ინტერვიუ, 14.07.2024).მისი თქმით, დისტანციურმა სწავლებამ გვასწავლა, რომ მოსახლეობის ჩართვა ამ პროგრამებში შესაძლოა სხვადასხვა მეთოდითაც. შედეგად, გაიზრდებოდა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკური ჯგუფების სრულწლოვან სეგმენტშიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენის რეალურ პოტენციალს იძენენ. ეთიკური ანალიზის მიხედვით, ამ დროს საგანმანათლებლო პროგრამებიდან სარგებელს იღებს ერთდროულად სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოსახლეობა. ხოლო სარგებლის მიღმა რჩებიან სხვა ეთნიკური ჯგუფები და სამიზნე ეთნიკური ჯგუფების ის ნაწილი, რომელსაც მათი საქმიანობის გამო ქართული ენის შესასწავლად დამატებითი დრო არ აქვთ. ხოლო, აღნიშნული პროგრამისთვის ფინანსები გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც შესაძლოა ნეგატიურად ასახულიყო სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსების შემცირების კუთხით.
პოლიტიკის III ალტერნატივას წარმოადგენს სომხური და აზერბაიჯანული თემისთვის სახელმძღვანელოების შემუშავება და პერსონალის გადამზადება. იგი გაანალიზდა გადაწყვეტილების მიღებისა და ზეგავლენის (Impact) მეთოდით. EMC-ისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე გამოიყო რამდენიმე საკითხი: 1) სახელმძღვანელოების თარგმნის ხარისხი არის ძალიან დაბალი, 2) ქართული ენის გრამატიკა არ შეესაბამება მოსწავლეების ენის ცოდნის დონეს და სახელმძღვანელოში გრამატიკული ნაწილი ზედმეტად რთულადაა ახსნილი (იხ. დანართები #3,4,5); 3) ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ სასწავლო წიგნებში (ისტორიის, გეოგრაფიის სამოქალაქო და სხვა საგნის სახელმძღვანელოები) საკუთარ თავს ვერ ხედავენ, რაც აფერხებს საქართველოს მოქალაქეებად მათი იდენტობის ჩამოყალიბებას. ამის გამო ისინი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას დროისხარჯვად მიიჩნევენ, რადგან თავს უცხოებად, სხვა სახელმწიფოს წარმომდგენლებად განიხილავენ. უფრო მეტიც, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამოქალაქო აქტივისტი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მასში ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევდა, როდესაც ისტორიის წიგნში მუსლიმანებსა და მის რელიგიას ურჯულოებად მოიხსენიებდნენ (ავტორის ინტერვიუ, 09.07.2024). ეს გარემოება ბუნებრივია მოსახლეობის ამ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ, მათ არ სურთ დახარჯონ მათი შესაძლებლობები პოლიტიკურ ინტეგრაციაზე. 4) პრობლემაა ბილინგვური სახელმძღვანელოებიც. მართალია კარგად ჟღერს ნახევარი მასალის აზერბაიჯანულ-სომხურ და ნახევარი მასალის ქართულ ენაზე არსებობა, თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ამ პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული არ იყო ადგილობრივი მასწავლებლების ქართული ენის ცოდნის დონე. სამწუხაროდ, მათ არ იციან ქართული ენა იმ დონეზე, რომ მასალის ქართულ ენაზე მოცემული ნაწილი მოსწავლეებს აუხსნან. ამიტომ, გაკვეთილების ამ ნაწილს შეგნებულად ტოვებენ. ეს კი, ნეგატიურად აისახება მოსწავლეების განათლების დონეზე. მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლების საჭიროებას ადასტურებს ისიც, რომ 2019 წლის კვლევის თანახმად, არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეთა მხოლოდ 18%-ს ასწავლის ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა (Socialjustice.2022). ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შემუშავება და მასწავლებლების კომპეტენციის ზრდის პროგრამა ერთდროულად განხორციელდეს. ვინაიდან, ახალი სახელმძღვანელოების წარამატებით დანერგვა დამოკიდებულია მასწავლებლების კომპეტენციაზე. გადაწყვეტილების მიღებისა და ზეგავლენის მეთოდის „Impact“ მიხედვით, ამ ალტერნატივის ზეგავლენა (Impact) იქნება ის, რომ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ არასრულწლოვნებს შეეძლებათ ქართული ენის შესწავლა. ეს კი ხელს შეუწყობს მათში საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად საკუთარი თავის აღქმას და მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში ინტეგრაციის საკითხით დაინტერესებას; ასევე, გაიზრდება მასწავლებლის კომპეტენცია, რასაც მდგრადი და მრავალჯერადი შედეგი ექნება, როგორც მოსწავლეებში ქართული ენის შესწავლის, ისე განათლების ზოგადი დონის ზრდის თვალსაზრისით. გარე აქტორების კუთხით, კი ეს პოზიტიურად აისახება მშობლებში ქართული ენის ცოდნის საკითხზე და მათთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე (როგორც პირველი ალტერნატივის შემთხვევაში); ასევე, ამ ალტერნატივამ შეიძლება გვიჩვენოს, რომ საჭიროა სხვა დამატებითი პროგრამების შემუშავება. მაგალითად: არსებული მასწავლებლების კონტიგენტი (მათი ასაკისა და კომპეტენციის ასამაღლებელი პროგრამების ათვისების მიხედვით) ჩანაცვლდეს ახლი მასწავლებლებით. შესაძლოა, იგი ნეგატიურად აისახოს, ისეთი პროგრამების დაფინანსებაზე, როგორიცაა უცხოეთში განათლების მისაღებად სტიპენდიები. ვინაიდან, სახელმწიფოს ამ ალტერნატივისთვის საჭირო ფინანსებისთვის დასჭირდება დამატებითი სახსრების მოძიება. შედეგის (Outcome) თვალსაზრისით, გაიზრდება ქვეყნაში განათლების დონე, შემცირდება ტვინების გადინებისა და სოფლების დაცარიელების ტენდენცია, გაუმჯობესდება ამ რეგიონების მდგომარეობა, ქვეყნის დემოკრატიის დონე და მოქალაქეებში სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისთვის დამატებითი სკოლებისა და ბაღების გახსნა ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ ამ სასწავლო დაწესებულებებში ადეკვატური სასწავლო სახელმძღვანელოები და კომპეტენტური მასწავლებლები არ ეყოლებათ. ხოლო, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის ზოგადი პროგრამის შესწავლაში ჩართულობის მაჩვენებელი შესაძლოა ძალიან დაბალი აღმოჩნდეს. ვინაიდან, მაგალითად ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობის საქმიანობით არიან დაკავებულნი მათთვის ძალიან რთული იქნება დამატებითი დროის გამონახვა ენის სასწავლო პროგრამისთვის. მეტიც, შესაძლოა მოსწავლეებმა არც ისურვონ სკოლის გარდა დამატებით სხვა სასწავლო კურსებზე დასწრება. ამიტომაც, ეს ალტერნატივაც შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. შესაბამისად, პრობლემის გადასაჭრელად უმჯობეს ალტერნატივად განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმძღვანელოების შემუშავება და მასწავლებლების კომპეტენციის გაზრდა. ამ ორი საკითხის განხორცილება პროგრამის წარმატებისთვის არსებითია, ვინაიდან თუ მასწავლებელს მისი კომპეტენციის გამო, არ შეეძლება ახალ სახელმძღვანელოებში არსებული ცოდნის მოსწავლეებისთვის მიწოდება, მაშინ სახელმძღვანელოების შექმნაზე დახარჯული დრო და ფინანსები ფუჭი იქნება. ეს დასტურდება ბილინგვური სახელმძღვანელოების პროგრამის წარუმატებლობითაც. ხოლო, თუ უკვე გადამზადებულ მასწავლებლებს არ ექნებათ ადეკვატური სახელმძღვანელოები, რომლითაც მოსწავლეებს ასწავლიან, მაშინ მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებისთვის დახარჯული დრო და რესურსიც არამიზნობრივი იქნება.
შერჩეული ალტერნატივა (სახელმძღვანელოების შემუშავება და პერსონალის გადამზადება) გაანალიზებულ იქნა ღირებულების დაზუსტების (value clarification) მიდგომით. კერძოდ, ამ ალტერნატივას საფუძვლად უდევს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი. ვინაიდან, ყველა ადამიანს აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და სახელმწიფომ ამისთვის საჭირო პირობები უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ: სომხური და აზერბაიჯანული თემი, სახელმწიფო, განათლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმართველობები. სომხური და აზერბაიჯანული თემის ინტერესია, რომ ინტეგრირდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაიცვან და განახორციელონ მათი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები. სახელმწიფოს ინტერესია, რომ ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი განსხვავებისა, უზრუნველყოს თანაბარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მონაწილეობა და ჩართულობა. ეს კი პოზიტიურად აისახება ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების დონეზეც. განათლების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ხარისხიანი განათლების მიღების პირობები. ადგილობრივი თვითმართველობების ინტერესს წარმოადგენს პოტენციური ელექტორატისგან პოზიტიური შეფასების მიღება. ეს უკანასკნელი შეიძლება გავაერთიანოთ პერსონალურ ინტერესში, ხოლო ყველა სხვა ზემოთ განხილული ღირებულება უნივერსალურად მივიჩნიოთ. პროგრამის ამოცანას კი წარმოადგენს ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება და პერსონალის გადამზადება.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ სენსიტიური საკითხია საქართველოსთვის. ამიტომ დამატებით გამოყენებულ იქნა შერჩეული კურსის განხილვისთვის წინააღმდეგობების ანალიზის (mapping) მიდგომა. შერჩეული პოლიტიკური კურსის განხორციელებისას შესაძლოა წარმოიშვას ფიზიკური შეზღუდვა. კერძოდ, მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებასთან ერთად საჭირო გახდეს მათი ახალი კადრებით ჩანაცვლებაც. ასევე, გარკვეულწილად ვაწყდებით სამართლებრივ წინააღმდეგობასაც. ვინაიდან პროგრამა გათვლილია მხოლოდ ორ ეთნიკურ ჯგუფზე და სხვა ეთნიკური უმცირესობები ყურადღების მიღმა რჩება. ეს არღვევს თანასწორობის უფლებას, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია აღიარებული. გარდა ამისა, შესაძლოა შეიქმნას ორგანიზაციული გამოწვევაც. კერძოდ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სწავლის პროცესი უწყვეტად, როდესაც მასწავლებლებს კომპეტენციის ასამაღლებელ პროგრამებში მოუწევთ მონაწილეობა. ასევე, სახელმძღვანელოების მომზადება შრომატევადი საქმიანობაა და მოითხოვს სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კოორდინირებულ მუშაობას, რათა თავიდან ავირიდოთ, ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა მუსლიმანების „ურჯულოებად“ მოხსენიება (ეს შეურაცხმყოფელია საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის) და ა.შ. დამატებით შესაძლოა წარმოიშვას პოლიტიკური ნების საკითხიც. მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტები ერთგვარი ბუფერული ზონაა მმართველი ძალისთვის არჩევნებში წარმატების მისაღწევად. ასევე იქმნება მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გულისხმობს ამ მასშტაბური პროექტისთვის ფინანსების მოძიებას. ამან კი, შესაძლოა დააზარალოს უკვე არსებული სხვა პროექტები.
⮚ შერჩეული პოლიტიკური ალტერნატივა და მისი მონიტორინგი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს დაკვირვება თუ, როგორ აისახა სომხურ და აზერბაიჯანულ თემში სახელმწიფო ენის დონის ზრდა მაგალითად, ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობაზე, არჩევნებსა და მსგავს პროგრამებში ჩართულობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით 2024 წლის არჩევნებში მსგავს ტენდენციებზე დაკვირვება. მონიტორინგის ეს მეთოდი, ცვლილებებზე დაკვირვებითა და პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე ოპერატიული ნაბიჯები გადადგმით, სახელმწიფოს პროგრამის ეტაპობრივად გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
⮚ განათლებისა და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის საფუძველზე უნდა შეიქმნას საპილოტე სახელმძღვანელოები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. პარალელურად, ეტაპობრივად სოციალური აუდიტის მონიტორინგის მიდგომით, შესწავლილ უნდა იქნას მასწავლებლების გადამზადებისა და ახალი სახელმძღვანელოების დანერგვის, პარალელურად, თუ როგორ შეიცვალა მოსწავლეებში დამოკიდებულებები, მათ შორის მათი საქართველოს მოქალაქეებად იდენტიფიკაციისადმი დამოკიდებულება. რადგანაც ეთნიკურ უმცირესობებში საკუთარი თავის საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ აღქმა პოლიტიკური მონაწილეობის წინაპირობაა, აღნიშნული დამოკიდებულებების ზრდა აჩენს სახელმწიფოსთან ბმას და იწვევს ქვეყანაში გატარებული კურსისადმი ინტერესს.
⮚ მასწავლებლების გადამზადება უნდა განხორციელდეს ჯგუფებად (საექსპერიმენტო და საკონტროლო ჯგუფები). ეს განათლების სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას იყოს მეტად მობილური და პოლიტიკის განხორცილების პროცესში შექმნილ გამოწვევებს ოპერატიულად უპასუხოს. პროგრამა უნდა ეტაპობრივად განვითარდეს, რადგან თითოეული ეტაპი გვიჩვენებს რა არის გამოსასწორებელი და როგორ უნდა გადაიხედოს შემუშავებული კურსი. მაგალითად, შესაძლოა მასწავლებლების გადამზადების ნაცვლად (მათი ასაკის, სუბიექტური და ობიექტური მახასიათებლების გამო (მაგ. მასალის ათვისება და ა.შ) საჭირო გახდეს მათი ახალი კონტიგენტით ჩანაცვლება.
⮚ რესურსების გადანაწილებისა და შედეგების მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფებისა და ბენეფიციარები შეფასებების გაგება. ამისათვის მნიშვნელოვანია, სოციალური ინდიკატორების შემუშავება განათლებისა (სახელმწიფო ენის ცოდნის თვალსაზრისით) და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. ასევე, სოციალური აუდიტის მიდგომით უნდა დავაკვირდეთ სამიზნე აუდიტორიის შეფასებებს. კერძოდ, სახელმძღვანელოების დანერგვისა და პერსონალის გადამზადების პარალელურად როგორ აფასებენ მათ როლს ქვეყნისა და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით. ასევე, შემუშავებულმა პოლიტიკამ რამდენად გამოიწვია სამიზნე ჯგუფებში სახელმწიფო ენის ცოდნის ზრდა და რა არის ამ თვალსაზრისით შესაცვლელი, დასახვეწი. ეს ხელს შეუწყობს პრობლემის არსის გაგებასა და ახალი მექანიზმების დანერგვას.
განხილული მასალებისა და ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობების პოლიტიკური უფლებების განხორციელებასა და მათ პოლიტიკურ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს. მსგავსი მოცემულობის გამო, შერჩეული პოლიტიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია: მიზნებისა და ღირებულებების მუდმივი დაზუსტება, კრიტიკა და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის ხელახალი გადააზრება. არსებითია, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყოს სკოლის ადრეული ასაკიდან, რადგან ადამიანის სოციალიზაცია, მისი იდენტობის ჩამოყალიბება ამ ეტაპზე იწყება. ხოლო ენა პიროვნების იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი აქტორია. ამისთვის კი, საჭიროა ისეთი სახელმძღვანელოების შემუშავება, რომელიც დაეხმარებათ მათ ქართული ენის შესწავლაში. თუმცა, ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლების ცოდნის დონეც. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი გადამზადების, კომპეტენციის ამაღლების საკითხი. ხოლო, როდესაც დღის წესრიგში დგას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი, არსებითია შეფასება განხორცილდეს ინდივიდუალური ღირებულებების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ჰოლისტური მიდგომა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი უწყებები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნელები. სწორედ ასეთი მიდგომა გაზრდის ქვეყნაში პოლიტიკურ ინტეგრაციასა და უზრუნველყოფს გატარებული პოლიტიკის წარმატებას.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.
/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/Tabatadze-PolicyPaper.pdf