საქართველოს შედეგები მთავრობის AI მზაობის ინდექსში - 2023 წელი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი | სტატია 12 იანვარი 2024

 

2023 წლის დეკემბერში Oxford Insights-მა - ბრიტანეთში დაფუძნებულმა საკონსულტაციო კომპანიამ - გამოაქვეყნა მთავრობის AI მზაობის ინდექსი (The Government AI Readiness Index). კვლევა 2019 წლიდან ტარდება და ის ზომავს, თუ რამდენად მზადაა მთავრობა, საჯარო სერვისში დანერგოს ხელოვნური ინტელექტი. წელს ინდექსმა 193 ქვეყანა შეაფასა, მათ შორის, საქართველოც, რომელმაც რეიტინგში 99-ე ადგილი დაიკავა და შედეგებით ჩამორჩება ყველა მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. 

 

მეთოდოლოგიის მონახაზი

 

The Government AI Readiness Index მთავრობებს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს, რომელიც მოიცავს 10 კომპონენტსა და 39 ინდიკატორს. 

 

  • მთავრობა

მეთოდოლოგიის მიხედვით, აღნიშნული მიმართულება აფასებს თუ რამდენად აქვს მთავრობას ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან/გამოყენებასთან დაკავშირებით სტრატეგიული ხედვა. ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ქვეყნის სტრატეგია/პოლიტიკა რამდენად არის გამყარებული შესაბამისი რეგულაციებითა და ეთიკის სტანდარტებით/ჩარჩოთი (მართვა და ეთიკა). ეს მიმართულება ასევე აფასებს მთავრობების ციფრულ კომპეტენციებს, ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე თუ რამდენად მარტივად შეძლებენ  ცვლილებებთან ადაპტირებას.

 

  • ტექნოლოგიების სექტორი

მეორე მიმართულება აფასებს ტექნოლოგიური სექტორის მზაობას, რადგან ის დიდ როლს თამაშობს მთავრობისთვის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების მიწოდებაში. სხვა მახასიათებლებთან ერთად, ქვეყნები ფასდებიან შემდეგი მიმართულებით: საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სექტორის წილი ვაჭრობაში, მთავრობის ინვესტიციებისა და დახმარების მოცულობა ინოვაციებში, კვლევასა და ტექნოლოგიებში. ასევე, მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადამიანური კაპიტალი, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით. 

 

  • მონაცემები & ინფრასტრუქტურა

AI პროდუქტებს ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის მონაცემები (მონაცემთა ხელმისაწვდომობა). შესაბამისად, ინდექსი ყურადღებას აქცევს, თუ რამდენად არის განვითარებული საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა  და რამდენად არის ხელმისაწვდომი სწორი, განახლებული და რეპრეზენტატული მონაცემები.

 

 

 

საქართველოს შედეგების ანალიზი

 

2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საშუალო ქულა 41.27-ია, რითაც ის 193 ქვეყანას შორის 99-ე ადგილს იკავებს. 2022 წელთან შედარებით, ქულა გაუმჯობესდა 0.48 ქულით. 2023 წელს შედარებით მაღალი ქულა აქვს აღებული მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებაში (51.5 ქულა), მაშინ როცა ყველაზე დაბალი შედეგები დაფიქსირდა ტექნოლოგიების სექტორის მიმართულებაში. 

 

 

 

თუ სამივე მიმართულების ცალკეულ ინდიკატორებს დავაკვირდებით, საქართველოს 0 ქულა აქვს აღებული AI-ის მიმართულების სტრატეგიული ხედვის არსებობის კუთხით. ასევე, ყველაზე დაბალი შედეგები დაფიქსირდა სატელეკომუნიკაციო სექტორის მზაობისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტებში. 

 

 

*ამ კომპონენტებში შემავალი ინდიკატორებიდან ერთ-ერთი 2023 წელს შეიცვალა, რაც სხვადასხვა წლის მონაცემებს შორის შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ

 

2022 წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 4 კომპონენტში გაუმჯობესდა. მათ შორისაა, მართვა და ეთიკა, რომელიც აფასებს ქვეყნის იმ რეგულაციებსა და ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საჭიროა AI-ის ლეგიტიმურობისა და მისდამი ნდობის გამყარებისთვის (მაგ.: კანონი მონაცემთა დაცვაზე და კონფიდენციალურობაზე, კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, ანგარიშვალდებულება და სხვა). აღსანიშნავია ასევე მცირე ზრდა ტექნოლოგიების სექტორის მზაობის კომპონენტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კერძო სექტორი, რომელიც ტრადიციულად მთავრობას საჭირო AI პროდუქტებს აწვდის, შედარებით გაძლიერდა. ზრდა დაფიქსირდა ინოვაციების შესაძლებლობის კომპონენტშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური სექტორისთვის გაუმჯობესდა ინოვაციების ხელშემწყობი პირობები. ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის ზრდის ფონზე გაიზარდა მონაცემთა ხელმისაწვდომობის მაჩვენებელიც. 

 

2022 წლის შედეგებთან შედარებით, საქართველოს აქვს კლება შემდეგ სამ განზომილებაში: ციფრული კომპეტენციები, რომელიც მოიცავს ონლაინ სერვისებს, მთავრობის მიერ მზარდ ტექნოლოგიებში ინვესტიციებს; ადამიანურ კაპიტალში - STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) კურსდამთავრებულების რაოდენობა, ICT (ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიები) უნარები, ქალი STEM კურსდამთავრებულები და სხვა; და ინფრასტრუქტურაში, რომელიც აფასებს ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის გამართულობას, 5G ინფრასტრუქტურას, მზარდი ტექნოლოგიების დანერგვას, სუპერკომპიუტერებს და სხვა. 

 

უცვლელია საქართველოს მაჩვენებლი სამ კომპონენტში. ქვეყანას ეროვნული AI სტრატეგიის არარსებობის ფონზე წლებია ნულოვანი შეფასება აქვს ხედვის კომპონენტში. საქართველოს მსგავსად ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციის ეროვნული ხედვა არ აქვს სომხეთს და მოლდოვას. აზერბაიჯანი ნაწილობრივ, ხოლო უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები სრულად პასუხობენ ამ კომპონენტის ინდიკატორს. უცვლელია საქართველოს შეფასება ინოვაციებთან ადაპტირებისა და მონაცემთა წარმომადგენლობითობის კომპონენტებშიც.

 

საქართველოს შედეგების შედარება სხვა ქვეყნებთან

 

2023 წელს, მართალია, საქართველომ ქულა მცირედით (+0.48 ქულა) გააუმჯობესა, მაგრამ გლობალურ რეიტინგში მისი პოზიცია გაუარესდა. 2022 წელს საქართველოს 88-ე პოზიცია ეკავა, 2023 წელს 99-ე. ამის ერთ-ერთი მიზეზია კვლევაში ჩართული ქვეყნების ზრდა 181-დან 193 ქვეყნამდე. თუმცა, ეს, შეიძლება, ასევე უკავშირდებოდეს საქართველოსთან შედარებით სხვა ქვეყნების მიერ უფრო ამბიციური და მასშტაბური რეფორმებისა და ინიციატივების განხორციელებას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. თანაც, ბოლო შედეგებით, საქართველო ჩამორჩება ყველა თავის მეზობელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყველა თემატურ მიმართულებაში. ერთადერთი მიმართულება, რომელშიც საქართველო მოლდოვას მცირედით უსწრებს, არის ტექნოლოგიების სექტორი.



 

იმისათვის, რომ საქართველოს ქულა მთავრობის AI მზაობის ინდექსში გაუმჯობესდეს, აუცილებელია ქვეყანამ, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვროს ხელოვნური ინტელექტის დეფინიცია და დაიწყოს მუშაობა AI-ის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე. ამ დროისთვის არ არსებობს არათუ ცალკე დოკუმენტი ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიაზე, მასზე არაფერია ნათქვამი საქართველოს განვითარების სტრატეგიაშიც “ხედვა 2030”. ხაზგასასმელია, რომ ქვეყანას ელექტრონული მმართველობის სტრატეგიაც არ აქვს. 

 

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანას სჭირდება ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარებაც. მართალია, ამ კომპონენტში შედეგის გაუარესება ნაწილობრივ ერთ-ერთი ინდიკატორის შეცვლით შეიძლება, აიხსნას (1), თუმცა არსებითი პროგრესი ამავე კომპონენტის არც სხვა უცვლელ ინდიკატორებში (STEM-ის კურსდამთავრებულთა რაოდენობა, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი) აქვს, რაც ხაზს უსვამს ქვეყანაში (სკოლებში, უნივერსიტეტებში) STEM მიმართულებების წახალისებისა და განვითარების აუცილებლობას.

 

მართალია, წინა წელთან შედარებით საქართველოს აქვს პროგრესი მზაობის კომპონენტში, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით მას დაბალი შეფასება აქვს. შესაბამისად აუცილებელია, ქვეყანამ AI-ის განვითარებისთვის კერძო სექტორსაც შეუწყოს ხელი და ზოგადად გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო.

 

----------------

 

(1) 2022 წელს შეფასების ინდიკატორად გამოყენებული იყო ციფრული უნარები, რომელიც შედარებით ფართო ტერმინია და უფრო მეტ კონცეფციას, უნარს მოიცავს, ვიდრე 2023 წელს გამოყენებული ინდიკატორი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) უნარებზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024