საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) საკითხებზე 5 წლის შემდეგ

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 25 ნოემბერი 2016

 

 

 

 

 

ავტორი: გიორგი ხატიაშვილი 

 

164 წევრი ქვეყნისგან შემდგარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მოწოდებულია გაამარტივოს და ჰარმონიზაცია გაუკეთოს სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიო მასშტაბით და იმოქმედოს, როგორც დავების მოგვარების ინსტიტუტმა. საქართველო 2000 წლის 14 ივლისიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. რუსეთის ფედერაციას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 18 წლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.

 

ორგანიზაციის წესდების თანახმად ახალი წევრის მისაღებად საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. საქართველო კი ერთ-ერთ ბოლო წინააღმდეგობას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.  საქართველო და რუსეთის ფედერაცია ვერ თანხმდებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული განთიადისა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების შესახებ. საქართველო ითხოვდა მათი სამართლებრივი სტატუსის დადგენას და მათზე მონიტორინგის განხორცილებას. საბოლოოდ, 2011 წლის ნოემბერში, ქ. ჟენევაში, შვეიცარიის მონაწილეობით, საქართველო და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ ამ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მოძრაობას ნეიტრალური კომპანია გააკონტროლებდა. ამ ნეიტრალურ კერძო კომპანიას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციის საფუძველზე, შეარჩევდა შვეიცარიის კონფედერაცია. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება არ ახსენებს არცერთ გეოგრაფიულ დასახელებას, ტექსტში მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატებია მითითებული. შეთანხმების თანახმად, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი - ზუგდიდი, სოფელი ნარი (ჩრდილოეთ ოსეთი) - გორი და ყაზბეგი - ზემო ლარსი. ამ დერეფნებში შემავალი და გამომავალი ტვირთის მონიტორინგი დაევალა ნეიტრალურ კერძო კომპანიას. მხარეები შეთანხმდნენ ამ სავაჭრო დერეფნებში  სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნაზე, რომლის ფუნქციებშიც შევიდოდა ინფორმაციის შეგროვება და გაზიარება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მონაცემთა ურთიერთგაცვლა, კრიმინალისა და კონტრაბანდის პრევენცია, საეჭვო ტვირთების განმეორებითი დათვალიერება. საქართველო და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ მექანიზმი მოიცავს როგორც ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემასა (EDES), ასევე საერთაშორისო ზედამხედველობის სისტემას (IMS).

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2016 წლის 13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის 2011-2016 წლებში საბაჟო ადმინისტრირებისა და  სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

საგარეო საქმეთა სამინიტროს პასუხის თანახმად, 2011 წლის 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. საქართველოს თანხმობის მოპოვების საფუძველზე, 2012 წელის 22 აგვისტოს, რუსეთის ფედერაცია გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და შეთანხმება ძალაში შევიდა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შვეიცარიის კონფედერაციამ ჩაატარა ტენდერი და გამოავლინა ნეიტრალური კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA, რომელსაც უნდა შეესრულებინა ზედამხედველობის ფუნქციები. საქართველოს და რუსეთის ფედერაციას მოუწევდათ ამ კომპანიასთან ცალ-ცალკე კონტრაქტის გაფორმება.  

 

2013-2014 წლებში, შვეიცარიის თანამონაწილეობით მიმდინარეობდა ხელშეკრულების შემუშავების პროცესი. SGS წარმომადგენლები არაერთხელ ჩამოვიდნენ საქართველოში და სამუშაო შეხვედრების შედეგად კონტრაქტის პირველადი ვარიანტი შემუშავდა. 2015 წელს შვეიცარიის  შუამავლობით გაიმართა სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიას შორის SGS-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, კონტრაქტების ტექსტების საბოლოო შეჯერების მიზნით.

 

შეხვედრაზე კონტრაქტების გარდა მოხდა კიდევ ორი დამატებითი დოკუმენტის განხილვა: ერთობლივი კომიტეტის რეგლამენტი (საქართველო - რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დავების და მიმდინარე საკითხების განხილვის ორგანო, ნეიტრალური მხარის მონაწილეობით) და სატრასტო ფონდის დოკუმენტი, რომელიც შვეიცარიაში ანგარიშის გახსნასა და SGS-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გადარიცხვის წესებს ადგენს.

 

2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართულმა მხარემ საბოლოოდ შეათანხმა ხელშეკრულების ტექსტი SGS-თან, რუსულ მხარეს კი კვლავ დარჩა დასაზუსტებელი საკითხები. მხარეები დღემდე განაგრძობენ კონსულტაციას, ხოლო საკითხების  დაზუსტების მოთხოვნით ბოლო ნოტა ქართულმა მხარემ 2016 წლის 20 სექტემბერს გააგზავნა.

 

ცალსახაა, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. ჟენევაში გაფორმებული ხელშეკრულებიდან 5 წლის შემდეგ მონიტორინგის მექანიზმი კვლავაც არაა ამოქმედებული, ხოლო მხარეები ჯერ კიდევ ტექნიკურ და იურიდულ დეტალებს ათანხმებენ. გასათვალისწინებელია, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური კომპანია ჯერ კიდევ 2012 წელს გამოავლინა, ხოლო ყოველ სამ წელიწადში ხელშეკრულება გადასინჯვას ექვემდებარება. 2018 წელს მას ან ავტომატურად უნდა გაუგრძელდეს მოქმედების ვადა, ან მხარეები ცვლილებებზე  უნდა შეთანხმდნენ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024