საქართველო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 12 აპრილი 2021

2021 წლის 30 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის 2020 წლის ანგარიში. ანგარიში მომზადდა აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას სხვდასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში.


ანგარიშში მოცემულია მრავალი საკითხი, რომლებიც IDFI-ის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენენ. კერძოდ ანგარიშის შესავალში ხაზგასმულია რომ 2020 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში მწვავედ იდგა ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან, პროკურატურისა და სამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვასთან. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია სიტყვისა და გამოხატვის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.


სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა


ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სასამართლო სისტემის მიმოხილვას, სადაც წარმოჩენილია ხელისუფლების მესამო შტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და ხაზს უსვამს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ. ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზეც, რაც განსაკუთრებით ახდენს უარყოფით გავლენას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.


ანგარიშში ვხვდებით კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” 2020 წლის 23 ივნისის განცხადების ციტირებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 30-ე წლისთავზე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს. დოკუმენტი ასევე ასახავს კოალიციის 2020 წლის 30 ოქტომბრის კრიტიკულ განცხადებას მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის, მათ შორის საბჭოს მდივნის, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს არჩევის შესახებ.


ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის კრიტიკულ შეფასებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს მიემართება. აღსანიშნავია, რომ IDFI როგორც ინდივიდუალურად, ისე კოალიციური საქმიანობის ფარგლებში, აქტიურად მიუთითებდა მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებათა ხარვეზებზე და აღნიშნავდა, რომ ამ ტიპის რეგულირება ვერ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს კოალიციის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 14 უვადოდ არჩეული მოსამართლე “კლანისადმი ლოიალურია”.


სახელმწიფო დეპარტამენტს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 2019 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომელიც სადაოდ ხდიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მარეგულირებელ ნორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-მ საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტების სათანადო გარანტიების არარსებობა ვერ უზრუნველყოფდა საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებას.


სახელმწიფო დეპარტამენტი სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესსა და საქმეთა განაწილების სისტემის ხარვეზებზეც საუბრობს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო სექტორის დასაბუთებული მოთხოვნის მიუხედავად, 2019 წელს საკანონდებლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უტოვებდა უფლებამოსილებას აერჩია სასამართლოს თავმჯდომარეები. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, დიდ სასამართლოებში საქმის შედეგზე გავლენის მოსახდენ ერთ-ერთ ბერკეტად თავმჯდომარეები იყენებდნენ მოსამართლეთა ვიწროდ სპეციალიზებულ კოლეგიებს, რომელთა შემადგენლობის მანიპულირების შედეგადაც ხდებოდა საქმეთა განაწილება. თავიანთი ერთპიროვნული დისკრეციით, წინასწარ განუსაზღვრელი წესებისა და კრიტერიუმების გარეშე, მათთვის სასურველი დროითა და რიგითობით, თავმჯდომარეები ანაწილებდნენ მოსამართლეებს ვიწრო სპეციალიზაციებში. მათ კანონი არ ავალდებულებდათ ამ ტიპის გადაწყვეტილების დასაბუთებას.


ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სასამართლო პროცესები შემცირებული რაოდენობით ტარდებოდა, რამაც წლების განმავლობაში არსებული სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია IDFI-სა და MDF-ს სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 7 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხს და რომლის აღსრულება, IDFI- ს არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, ჯერაც არ არის უზრუნველყოფილი.


დოკუმენტში ასევე საუბარია უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის არჩევის პროცესის გაუმჭვირვალობის შესახებ. საგულისხმოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა კოალიციის განცხადებებს, რომელიც ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოს პლენუმის სხდომის დანიშვნისას მოუწოდებდა პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეეკავებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისაგან, თუმცა მათ საზოგადოების ყურადღების ნაკლებობით ისარგებლეს და გაუმჭვირვალე პროცედურების ფონზე დანიშნეს სასურველი კანდიდატები.


პროკურატურის საქმიანობა


ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული პროკურატურის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის განხორციელებაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშვნით გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებულ ზოგიერთ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეში დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობის კუთხით მთავრობის მიერ კანონის აღსრულება ეფექტიანად არ ხორციელდება და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს სჭირდებათ გადამზადება ეფექტიანი საქმისწარმოებისა და მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, პროკურორები ზედმეტად მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს იყენებდნენ მოძალადის წინააღმდეგ ბრალის წარსადგენად.


პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებდა IDFI-ც. ნიშანდობლივია, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის თითქმის მესამედი აცხადებს, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენისგან ძირითადად ან საერთოდ არ არის თავისუფალი. IDFI აქტიურად საუბრობდა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით (სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ოჯახური დანაშაული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა) სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს სთავაზობდა ხელისუფლებას.


პროკურატურის სისტემაში წლების განმავლობაში არსებობდა გამოწვევები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში არაერთხელ განხილულა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის სისტემამ არაერთი ცვლილება განიცადა. 2018 წლის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ ხელისუფლებას და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, თუმცა, დამოუკიდებლობა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს პროკურატურისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი უწყება.


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა


ანგარიში ასევე დეტალურად მიმოიხილავს მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს და მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებებზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. სხვადასხვა წყაროზე მითითებით ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, გაეტარებინა ისეთი ეფექტიანი ანტიკორუფციული ზომები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა მაღალი დონის კორუფციულ საქმეთა ეფექტიან გამოძიებას.


IDFI წლებია საუბრობს იმაზე, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში ყველაზე პრობლემური მათი დამოუკიდებლობის საკითხია, რაც უმნიშვნელოვანესია კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფისთვის. აუცილებელია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე შედეგიან რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმატში ადვოკატირებს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. აღსანიშნავია, რომ IDFI აქტიურად ადვოკატირებდა იმისთვის, რომ 2019 წელს მიღებული ანტიკორუფციული გეგმით გაწერილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ვალდებულება, თუმცა სამწუხაროდ ხელისუფლებამ აღნიშული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა IDFI-ს რეკომენდაციას წარმოადგენს ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და 2021 - 2022 წლების სამოქმედო გეგმასთან მიმართებითაც.


შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება


ანგარიში აღწერს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილება და ამ მიზნით გადაადგილების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებათა შეზღუდვა. ამ საკითხთან მიმართებით ყურადღებაა გამახვილებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოთქმულ წუხილზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული ზომები კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენებოდა მოცემულ უფლებათა გადამეტებულ, დაუსაბუთებელ შეზღუდვაში.


2020 წლის განმავლობაში IDFI საუბრობდა პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვაზე და მიუთითებდა, რომ კანონპროექტით ერთის მხრივ ფართოვდებოდა „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება, მეორეს მხრივ კი ხდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრა. ამასთან, კომენდანტის საათთან მიმართებით IDFI აღნიშნავდა, რომ მისი მანიფესტაციებზე გავრცელება, ქმნიდა პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საშიშროებას. IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა.

 

პრესისა და მედიის თავისუფლება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შესულ 17 ივლისის ცვლილებებს უკავშირდებოდა. აღნიშნული ცვლილებებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) მიენიჭა ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება, რომლის მიზანსაც GNCC-ის გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მოცემული ცვლილებები პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო სექტორისა და მედია საშუალებებიდან მომდინარე მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რომლებიც აღნიშნავდნენ რომ ცვლილებათა მიზანს მედია საშუალებების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენდა. ანგარიშში საუბარია ასევე GNCC-ის ონლაინ პლატფორმა ‘მედიაკრიტიკაზე’, რომელიც 2019 წლის დეკემბერს შეიქმნა. ‘მედიაკრიტიკა’ წარმოადგენს კიდევ ერთ ბერკეტს GNCC-ის ხელში თავისუფალი მედიის შეზღუდვის მიმართულებით.


IDFI მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონებში ცვლილებათა ინიცირების მომენტიდან აქტიურად იყო ჩართულ პროცესში და მოუწოდებდა პარლამენტს არ მიეღო მედიის თავისუფლების შემზღუდველი ცვლილებები. IDFI-მ 24 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში მოუწოდა საქართველოს პარლამენტს დროულად დაეწყო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის გადახედვა და უზრუნველყო კანონმდებლობის სრულყოფის პროცესის გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესი. IDFI-მ ასევე მიმართა GNCC-ს უარი ეთქვა სპეციალური მმართველის ინსტიტუტის გამოყენებაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.


2020 წელს IDFI-მ ასევე შეისწავლა ‘მედიაკრიტიკის’ პლატფორმის საქმიანობა, რის შედეგადაც დაასკვნა რომ ‘მედიაკრიტიკის’ კონტენტის უმეტესი ნაწილი მიემართებოდა ისეთ მედიას, რომელსაც პლატფორმის ექსპერტები ხშირად „ოპოზიციურ” ან „პარტიულ” მედიას უწოდებენ. IDFI ასევე ყურადღებას ამახვილებდა ‘მედიაკრიტიკის’ საქმიანობის გაუმჭვირვალობაზე და მოუწოდებდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაინტერესებულიყო მის მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული ორგანიზაციის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობით და უზრუნველყო მისი საქმიანობის სრული გამჭვირვალობა.


პენიტენციური დაწესებულებები


ანგარიშში სიღრმისეულად არის განხილული პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდოგმარეობა. სხვა საკითხებს შორის ყურადღებაა გამახვილებული ჰიგიენური საშუალებების, წყალსა და სუფთა ჰაერთან წვდომის ნაკლებობაზე და მოყვანილია შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულებს უწევდათ დღეში 23 საათის განმავლობაში გამოკეტილ სივრცეში ყოფნა, სხვა მსჯავრდებულებთან ახლო კონტაქტის პირობებში.


მივიჩნევთ, რომ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა COVID-19-ის პანდემიის ფონზე. ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში IDFI მიუთითებდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეკომენდაციაზე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გზაზე შემცირებულიყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა პოპულაცია. აღნიშნულის ფონზე IDFI მოუწოდებდა ხელისუფლებას წინასწარ, ინფექციის რომელიმე პენიტენციურ დაწესებაში დაფიქსირებამდე, შეემუშავებინა ანტიკრიზისული გეგმა COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მისი ერთ-ერთი ნაწილი კი შესაძლოა სწორედ დაწესებულებათა პოპულაციის შემცირება ყოფილიყო. IDFI აღნიშნავდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების განტვირთა მოემსახურებოდა როგორც პატიმართა შორის ინფექციის გავრცელების პრევენციას, ისე ზოგადად საზოგადოების ისეთ ინტერესსაც, როგორიცაა საავადმყოფოთა გადატვირთვის თავიდან აცილება.


დასკვნა


IDFI მოხარულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დეტალურად ასახავს სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის განმავლობაში გამოთქმულ ობიექტურ, კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ამავე, დროს განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ მრავალი გატარებული რეფორმის მიუხედავად საქართველოში კვალავაც მწვავედ დგას ისეთი მძიმე პრობლემები, როგორიც არის სასამართლოს, პროკურატურისა და სამართალდამცავ ორგანოთა დამოუკიდებლობა, პრესისა და მედიის თავისუფლება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღების მიღმა არ დატოვებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოცემულ კრიტიკას, გაიაზრებს არსებულ პრობლემათა არსებობას და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიზნით.

 

____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023