საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში - 2022 წლის შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 8 დეკემბერი 2022

ინოვაციების გლობალური ინდექსის 2022 წლის შედეგებით, საქართველოს რეიტინგი 2021 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუარესდა, 63-ე ადგილიდან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი, 27.9 ქულა დააგროვა. აღნიშნული უკუსვლა ბევრად უფრო თვალსაჩინოა იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს საქართველო 37 ქულით 48-ე ადგილს იკავებდა.

 

მოკლედ ინოვაციების გლობალური ინდექსის შესახებ

 

ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 130-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) გათვალისწინებით. შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 7 თემატური კატეგორიის გარშემო.

 

შეფასების კატეგორიებია:

 

- ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);

 

- ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);

 

- ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);

 

- საბაზრო გარემო (საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);

 

- ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);

 

- ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);

 

- შემოქმედებითი პროდუქტები (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედება).

 

საქართველოს შედეგები ინდექსის სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით

 

ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. 2022 წლის გამოცემაში[1], საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან მხოლოდ 2 კატეგორიაში. კერძოდ, ინსტიტუტები და ადამიანური კაპიტალი შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. თუმცა, საქართველო დანარჩენ 5 კატეგორიაში - საბაზრო გარემო, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითი პროდუქტები - საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა. ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან ინოვაციური განვითარების დონით გამოირჩევა ჩინეთი, პერუ, იორდანია, ბრაზილია, ბულგარეთი, იამაიკა, მოლდოვა, სამხრეთ აფრიკა, და ტაილანდი. ამ ქვეყნების შემთხვევაში, შედეგები აღემატება მათი განვითარების დონისთვის არსებულ მოლოდინებს, ამ მხრივ კი პირველ ადგილს ჩინეთი ინარჩუნებს.

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს, საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ. რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს 11-ე ადგილს 19 ქვეყნიდან, რითაც ქვეყნის პოზიცია წინა გამოცემის შედეგებთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებულია. საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა მხოლოდ ინსტიტუტების კატეგორიაში, ხოლო რეგიონის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა დანარჩენ 6 კატეგორიაში.

 

საქართველოს შედეგები 2022 წელს

 

2022 წელს საქართველოს ქულა შემცირდა რამდენიმე კომპონენტში, მათ შორის ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი, საბაზრო გარემო, და შემოქმედებითი პროდუქტები. თუმცა ინსტიტუტების შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ შეფასების შემცირების მიუხედავად ქვეყანა 5 პოზიციით დაწინაურდა მსოფლიო რეიტინგში, რაც მიუთითებს ინდექსის მეთოდოლოგიურ ცვლილებაზე, რამაც გავლენა იქონია ყველა შეფასებულ ქვეყანაზე. ხოლო ცოდნა და ტექნოლოგიების კომპონენტში ქულის გაუმჯობესების მიუხედავად რეიტინგში ცვლილება არ შეინიშნება, რაც მეტყველებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით განვითარების დაბალ ტემპზე.

 

 

საქართველოს მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგად ინდექსმა დადებითი ტენდენცია გამოავლინა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და ინოვაციურობას შორის კავშირის თვალსაზრისით. ქვევით მოცემულ გრაფაზე ქვეყნები განლაგებულია მშპ-სა (ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობის მაჩვენებლის (GII ქულა) მიხედვით. ხოლო ტენდენციის ხაზი ასახავს საშუალო მოსალოდნელ ინოვაციურობის მაჩვენებელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ტენდენციის ხაზს ზემოთ მოქცეულმა ქვეყნებმა აჩვენეს მოსალოდნელზე მაღალი შედეგები, ხოლო ხაზს ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნები რომელთა ინოვაციურობის მაჩვენებელი ჩამოუვარდება მათ განვითარების დონეს. საქართველოს შედეგების მიხედვით ტენდენცია კვლავ დადებითია, თუმცა გაუარესებულია 2020 წლის შედეგებთან მიმართებით.

საქართველოს ბოლო წლების შედეგების მიმოხილვა

 

2021 წლის კვლევაში, საქართველო 32.4 ქულით, 63-ე ადგილს იკავებდა. თუმცა, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 11 ადგილით გაუარესდა და საქართველო 74-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. გაუარესების მიზეზად მკვლევრები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი მონაცემების ხელმისაწვდომობას და ცვლილებებს GII-ის მეთოდოლოგიაში, თუმცა ასევე აღნიშნავენ კონკრეტულ კატეგორიებში გაუარესებას, როგორც ინვესტიციების შემცირების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით. საქართველოს რეიტინგი ინდექსის 7 კატეგორიიდან 4-ში საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ საბაზრო განვითარების კატეგორიაში 34-ე ადგილიდან 72-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში 60-დან 70-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 61-დან 64-ე ადგილზე, ხოლო შემოქმედებითი პროდუქტების კატეგორიაში 74-დან 86-ე ადგილზე. მცირედით გაუმჯობესებულია ინსტიტუტების და ინფრასტრუქტურის რეიტინგი, ხოლო ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებელი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე.

 

 

 

რეგიონის სხვა ქვეყნებთან (მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების) შედარება

 

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ უსწრებს რეიტინგში მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. კერძოდ, 2022 წლის შედეგებით, მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის 11 ქვეყნიდან საქართველო მერვე ადგილზეა და შედეგებით უსწრებს მხოლოდ ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. აღსანიშნავია რომ 2019 წლის მონაცემებით, რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდნენ, თუმცა მას შემდეგ საქართველოსგან განსხვავებით მათი შედეგები მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა, რის გამოც ქვეყნებს შორის სხვაობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

 

საქართველოს შედეგები ცალკეული ინდიკატორების მიხედვით

 

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ინოვაციური განვითარების მხრივ. ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ადამიანური კაპიტალის მეხუთე ინდიკატორის თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობას ზომავს. Საბაზრო განვითარების კომპონენტში დადებითად შეფასდა ქვეყანაში არსებული სატარიფო პოლიტიკა. ამავე კომპონენტში მაღალი შედეგები დაფიქსირდა სესხის გაცემის სიმარტივის და დასაქმებულთა აყვანისა და გათავისულფების სიმარტივის ინდიკატორებში, ხოლო ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით დაფიქსირდა მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი.

 

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მოსწავლეებს უფიქსირდებათ დაბალი ქულები PISA-ს შკალაზე, კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე მწირია მაღალ რეიტინგიანი უნივერსიტეტების რაოდენობა, რაც დაბალი ხარისხის განათლების სისტემაზე მეტყველებს. ინფრასტრუქტურის კატეგორიაში, კერძოდ კი ლოჯისტიკური შესაძლებლობების ინდიკატორში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა, ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში 109-ე ადგილს იკავებს. ბიზნეს განვითარების დონის თვალსაზრისით შეინიშნება კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული კვლევა და განვითარებაზე (R&D) გაწეული ხარჯების სიმწირე. ხოლო ცოდნა და ტექნოლოგიების კატეგორიაში სისუსტედ გამოვლინდა მაღალ-ტექნოლოგიური წარმოების და ინტელექტუალური პროდუქტების სიმწირე.

 

ნაკლული მონაცემები

 

არარსებული მონაცემები

 

GII ინდექსი ცალკეული ინდიკატორების შეფასების მიზნით იყენებს სხვადასხვა წყაროებს, საერთაშორისო ინდექსებს და ანგარიშებს. ცხრილზე მოცემულია ის წყაროები, რომლებიც არ მოიცავენ საქართველოს შეფასებას და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ მხრივ ქვეყნის ჩართულობა და მსგავსი მონაცემების წარმოება. მოცემულ წყაროებთან თანამშრომლობა შეუძლიათ როგორც საჯარო უწყებებს, ასევე არასამთავრობო და აკადემიურ ინსტიტუტებს. მაგალითად, იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოებთან, სამინისტროებთან და სხვა სტატისტიკურ უწყებებთან. ხოლო მეწარმეობის გლობალური მონიტორი (GME) ძირითადად ეყრდნობა წამყვან აკადემიურ დაწესებულებებთან პარტნიორობებს.

განსაახლებელი მონაცემები

 

ასევე საყურადღებოა ის ინდიკატორები რომელთა შეფასებაც წარსულში განხორციელებულა, თუმცა საჭიროებს განახლებას:

 

დასკვნა

 

2020 წლის COVID-19 პანდემიის შემდეგ მთელს მსოფლიოში გამოიკვეთა ინოვაციური საშუალებების ინტენსიური განვითარება, რაც ერთი მხრივ, წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის მიერ მიღებული დარტყმის დაკომპენსირების მცდელობას და ბრძოლას გადარჩენისთვის უჩვეულო პირობებში. GII-ის 2021 და 2022 წლის შედეგების შედარებით თვალსაჩინოა, რომ შედეგები ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე პერიოდში არსებულ მაჩვენებლებს.

 

ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი და 2022 წლის GII კვლევის ფარგლებში თვალსაჩინოა პროგრესის შენელება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგად გაუარესებასთან ერთად სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შემთხვევაში უფრო მძაფრი უკუსვლა ფიქსირდება. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 4 კატეგორიაში გაუარესდა შედეგები, საბაზრო განვითარების, ადამიანური კაპიტალის, ბიზნესის განვითარების, და შემოქმედებითი პროდუქტების კატეგორიებში შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახა ქვეყნის საერთო რეიტინგზე.

 

ინოვაციების გლობალური ინდექსის 2022 წლის საქართველოს შედეგები აჩვენებს კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროები. ასევე მნიშვნელოვანია ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურის ჩამოყალიბება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ეგრედ წოდებული სარისკო კაპიტალის (venture capital) დაინტერესების და მოზიდვის მეშვეობით.

 

ასევე გასათვალისწინებელია ის კონკრეტული ინდიკატორები, რომელთა შესაფასებლად მონაცემები ვერ შეგროვდა. მნიშვნელოვანია ნახსენებ წყაროებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მოძველებული მონაცემების განახლება.

 

 

[1]ინოვაციების გლობალური ინდექსის 2022 წლის ანგარიში

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024