სამოქალაქო საზოგადოების პარალელური შეფასება საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნის 16.10.2 ინდიკატორის შესრულების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები 17 ნოემბერი 2017

2015 წლის 25 სექტემბერს,გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე და 2030 წლისთვის მიზნად დაისახა 17 ამოცანის შესრულება. მდგრადი განვითარების მიზნები ორიენტირებულია სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. სოციალური ინკლუზიის გაზრდისკენ მიმართულია მიზანი 16, რომლის თანახმადაც ქვეყნები შეთანხმდნენ, უზრუნველყონ ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე. ამ მიზნის შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორი კი სახელმწიფოების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა (ინდიკატორი 16.10.2)

 

„ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის“ (FOIAnet) წევრმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს გლობალურად შეეფასებინათ სახელმწიფოთა მიერ მდგრადი განვითარების მიზნების 16.10.2 ინდიკატორის შესრულება. შეფასება განხორციელდა ერთიანი მეთოდოლოგიით. საქართველოდან ინიციატივაში ჩაერთო ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც“ (IDFI).

 

IDFI-მ FOIAnet-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით შეაფასა 10 დაწესებულება. შესაფასებელი დაწესებულებების შერჩევისას IDFI-ის მიზანი იყო, მოეცვა, როგორც ცენტრალური უწყებები, ისე დამოუკიდებელი და მარეგულირებელი ორგანოები. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხრივ IDFI-მ შეაფასა შემდეგი უწყებები:

 

1. შინაგან საქმეთა სამინისტრო

2. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

3. მთავრობის ადმინისტრაცია

4. იუსტიციის სამინისტრო

5. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

6. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

8. პრეზიდენტის ადმინისტრაცია

9. საქართველოსენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელიეროვნულიკომისია(სემეკი)

10. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

 

 

შეფასება განხორციელდა სამ მაჩვენებელზე დაყრდნობით:

 

- საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

- ინსტიტუციური მექანიზმები

- საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებზე რეაგირება

 

 

მონიტორინგის შედეგები

 

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საერთო ჯამში დაწესებულებები ასრულებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ისინი პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებს, შექმნილი აქვთ საჯარო ინფორმაციის ვებგვერდები და ნერგავენ ისეთ ინსტიტუციურ მექანიზმებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთა დანიშვნა და საჯარო ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების გამოქვეყნება.

 

მიუხედავად ამისა, მონიტორინგმა მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა შემდეგი მიმართულებებით: საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებზე სრულყოფილი პასუხის მომზადება, ზოგიერთი ინსტიტუციური მექანიზმის იმპლემენტაცია და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.

 

საჯარო დაწესებულებებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულად გათვითცნობიერებული მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, უპასუხონ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ უპასუხოდ ტოვებენ, რითიც არღვევენ კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე პრობლემურია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხის კანონით დადგენილ ვადებში მომზადება და ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდება. ხშირ შემთხვევაში, დაწესებულებები განმცხადებლებს არ აცნობებენ ინფორმაციის მოსამზადებლად 10 დღიანი ვადის გამოყენების საჭიროების შესახებ.   

 

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ძალზედ იშვიათია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე საჯარო მოხელეთა ტრენინგების მაგალითები; მათ არ აქვთ რეგულარული სახე და უფრო მეტად გამონაკლისს წარმოადგენენ. ამასთან, შეფასებული დაწესებულებებიდან არცერთს აქვს შემუშავებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც აღწერდა განმცხადებელთა და საჯარო დაწესებულებათა უფლება-ვალდებულებებს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში საჯარო დაწესებულებები არ უთითებენ განცხადებაზე პასუხის მოსამზადებლად გამოყენებული დროის შესახებ და არ აღწერენ განცხადებათა შინაარს. მოქმედი კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებებს არ აკისრებს ამ ვალდებულებას, თუმცა ეს კრიტერიუმი FOIAnet-ის მონიტორინგის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, უკავშირდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, უწყებები არ აქვეყნებენ ისეთ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც მათ მოქმედი სამართლებრივი აქტებით აქვთ დაკისრებული. ეს განსაკუთრებით ეხება ინფორმაციას დაგეგმილი და ფაქტიური ბიუჯეტის შესახებ. ამასთან, ძალზედ იშვიათია საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება დაგეგმილი საჯარო დისკუსიებისა და განხილვების შესახებ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ აკისრებს საჯარო დაწესებულებებს მონაცემთა ბაზების გამოქვეყნების ვალდებულებას, IDFI მიიჩნევს, რომ სამწუხაროა, როდესაც საჯარო დაწესებულებები არ იჩენენ ინიციატივას ელექტრონულად გამოაქვეყნონ ის მონაცემთა ბაზები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმში. მაგალითისთვის, ყველა საჯარო დაწესებულებაში შექმნილია საჯარო ინფორმაციის რეესტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის, მისი  მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის და იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია. შესაბამისად, მათი პროაქტიული გამოქვეყნება (პერსონალური მონაცემების დაცვით) არ არის დაკავშირებული მნიშნველოვან ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსთან.

 

 

ძირითადი მიგნებები

 

საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებზე რეაგირება

 

- შეფასებული უწყებებიდან სამმა უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის განცხადებები. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

- კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის გამოყენების აუცილებლობის შესახებ IDFI-ის მხოლოდ სამმა უწყებამ შეატყობინა. ესენია: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სემეკი.  

 

- სემეკი ერთადერთი დაწესებულება იყო, რომელმაც სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა კანონით დადგენილ ვადაში. მან შეგვატყობინა 10 დღიანი ვადის გამოყენების შესახებ და პასუხი მოცემულ ვადის ფარგლებში მოგვაწოდა.  

 

- განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა დაწესებულებათა მიერ იმ კანონპროექტების გასაჯაროება, რომლებიც  არ არის ინიცირებული პარლამენტში და რომლებზეც უწყება აქტიურად მუშაობს. უწყებათა განმარტებით, კანონპროექტები წარმოადგენენ შიდა მოხმარების დოკუმენტებს და დაუშვებელი იყო მათი გასაჯაროება.  

 

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

 

- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყო ერთადერთი შეფასებული უწყება, რომელიც საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას დაგეგმილი სჯარო განხილვებისა და დისკუსიების შესახებ. 

 

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოირჩა საკუთარ ვებგვერდზე ინტეგრირებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოდულით. სამინისტროს ვებგვერდის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია სამინისტროდან პირდაპირ ვებგვერდის გამოყენებით. 

 

 

ინსტიტუციური მექანიზმები

 

- სემეკი ერთადერთ უწყება იყო, რომელმაც საკუთარი თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე.

 

- სემეკი ასევე იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელმაც 2016 წლის ანგარიშში აღწერა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ თითოეული განცხადების შინაარსი.

 

- ყველა შეფასებული უწყება, გარდა წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიისა, ყოველწლიურად აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.

 

- საჯარო ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ არცერთი ანგარიში არ მოიცავს მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხის მომზადების ვადების შესახებ.

 

- შეფასებული უწყებებიდან არცერთს შეუმუშავებია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი.

 

- გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმი. დაწესებულებაში არ არსებობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის პოზიცია (დაწესებულების განმარტებით, ამ ფუნქციას ასრულებს კომპანიის იურიდიული სამსახური), არ მზადდება  საჯარო ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშები და არ არის მიღებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რაიმე სახელმძღვანელო დოკუმენტი.

  

 

 

რეკომენდაციები

 

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე დაყრდნობით, IDFI მიმართავს საჯარო დაწესებულებებს შემდეგი რეკომენდაციებით:

 

- ყველა დაწესებულებამ უნდა შეასრულოს მასზე კანონმდებლებით დაკისრებული ვალდებულებები და დადგენილ ვადებში გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებების უპასუხოდ დატოვების პრაქტიკა მიუღებელია და ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის პრინციპებს.

- 10 დღიანი ვადის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, დაწესებულებებმა ამის შესახებ უნდა შეატყობინონ განმცხადებლებს.

 

- მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ შემუშავების ეტაპზე არსებული კანონპროექტები იქამდე, სანამ მოხდება მათი ინიცირება საქართველოს პარალმენტში.

 

- ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში (ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშები) საჯარო დაწესებულებებმა, გარდა მიღებული განცხადებებისა და გაგზავნილი პასუხების შესახებ სტატისტიკური მონაცემებისა, ასევე უნდა მიუთითონ თითოეული მოთხოვნის შინაარსი, ხოლო მოთხოვნაზე სრული ან ნაწილობრივი უარის შემთხვევაში - შესაბამისი დასაბუთება. ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ განცხადებაზე პასუხის მომზადებისთვის გაწეული დროის შესახებ.

 

- დაწესებულებებმა ელექტრონულად უნდა გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებათა რეესტრები.

 

- ინფორმაციის მოთხოვნის პროცესის გამარტივების მიზნით, დაწესებულებებმა თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე უნდა დანერგონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გვერდები.

- საჯარო დაწესებულებებმასაკუთარ თანამშრომლებსუნდა ჩაუტარონ ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემატიკაზე.

 

- საჯარო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას ასევე საზოგადოების ინფორმირებულობას.

 

 

 

თითოეული დაწესებულების შეფასება და კვლევის მეთოდოლოგია შეგიძლიათ იხილოთ სრულ ანგარიშში.

 

 

 

/public/upload/01Nino/Report-on-Georgia-SDG-RTI-geo-16.11.2017.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023