საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 3 ოქტომბერი 2024

საქართველომ გაეროს 2024 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა, თუმცა ორივე ინდექსში ქვეყნის რეიტინგი გაუარესდა.

 

ელ-მმართველობის ინდექსის რეიტინგში ქვეყნის პოზიცია ცხრა ადგილით დაქვეითდა,  ელ-ჩართულობის მხრივ კი — ხუთი პოზიციით. გლობალური ტენდენციებისა და რეგიონის ქვეყნების შედარებით ჩანს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ნელი ტემპით ვითარდება, განსაკუთრებით ონლაინ სერვისების მიწოდების კუთხით.

 

ძირითადი მიგნებები

- ელ-მმართველობის ინდექსით საქართველო მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის 11 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა, მაგრამ ონლაინ სერვისების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა სხვა ქვეყნისას ჩამორჩება;

 

- ელ-ჩართულობის კუთხით გლობალურ რეიტინგში პოზიციურ უკუსვლასთან ერთად საქართველომ დაბალი შედეგი რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც აჩვენა და ამ მიმართულებით რეგიონში მხოლოდ ბელარუსსა და აზერბაიჯანს უსწრებს;

 

- 2016 წლიდან პირველად ადამიანური კაპიტალის კომპონენტის ზრდა შეჩერდა და ქვეყნის შეფასება ამ მიმართულებით 0.03 ქულით გაუარესდა;

 

- ადგილობრივი ონლაინ სერვისების შეფასებაში თბილისის როგორც ქულა, ისე საერთაშორისო რეიტინგი გაუარესდა და, 2024 წლის მონაცემებით, რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ ბაქოს, კიშინიოვსა და მინსკს უსწრებს;

 

- კვლევამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ავტომატიზირებული საშუალებების პოლიტიკის დოკუმენტების მიღების აუცილებლობას, რათა მარტივად მოხერხდეს საჯარო სექტორში მათი დანერგვა. საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი პროგრესი არ აქვს.

 

საქართველოს შედეგები რეიტინგში

 

2024 წლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელია 0.78, რითიც საქართველოს 193 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი უკავია. ორი წლის წინ, 0.75 ქულით, საქართველო მე-60 პოზიციას იკავებდა. შესაბამისად, 2024 წლისთვის საქართველომ საკუთარი ქულა 0.03 ერთეულით გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგის პოზიციით 9 ადგილით დაქვეითდა. აღნიშნული სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით საქართველოსთან შედარებით უფრო სწრაფი განვითარების ტემპით შეიძლება აიხსნას.

ელ-ჩართულობის მხრივ ქვეყანამ შეფასება 0.03 ერთეულით გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგში პოზიცია 5 ადგილით გაუარესდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს 0.53 ქულა და 72-ე ადგილი ჰქონდა. წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი 0.56-მდეა გაზრდილი, ხოლო გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 72-დან 77 ადგილამდე დაიწია.

 

საგულისხმოა, რეიტინგის პირველი ათი ქვეყანა და მათი შედეგები. ელ-მმართველობის მხრივ ლიდერობენ: დანია (0.98 ქულა 1-დან), ესტონეთი (0.97), სინგაპური (0.969), სამხრეთ კორეა (0.967), ისლანდია (0.967), საუდის არაბეთი (0.96), გაერთიანებული სამეფო (0.957), ავსტრალია (0.957), ფინეთი (0.957) და ნიდერლანდები (0.953). საინტერესოა, რომ წინა, 2022 წლის შეფასებით, საუდის არაბეთს 31-ე ადგილი ეკავა. ანგარიშის მიხედვით, საუდის არაბეთმა ამ ორ წელიწადში საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ელ-მმართველობა და ქვეყნის პოზიცია რეიტინგში 25 ადგილით გააუმჯობესა.

 

ელ-ჩართულობის ინდექსის პირველი პოზიციები კი შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინა (1 ქულა 1-დან), იაპონია (0.98), დანია (0.98), სამხრეთ კორეა (0.97), გერმანია (0.97), გაერთიანებული სამეფო (0.97), ესტონეთი (0.96), ისლანდია (0.96), საუდის არაბეთი (0.96) და სინგაპური (0.96). ამ ინდექსში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უკრაინის შედეგი — ქვეყანამ წელს ინდექსის მაქსიმალური ქულა აიღო და წინა შეფასებასთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 56 ადგილით გააუმჯობესა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში უკრაინის ციფრულ ტრანსფორმაციაში საჯარო-კერძო პარტნიორობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მსხვილ ციფრულ კომპანიებთან — Microsoft, Amazon Web Services, SpaceX და Palantir Technologies — თანამშრომლობა უკრაინას დაეხმარა, დაენერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა. მთავრობამ ომის პირობებში ციფრული უსაფრთხოებისა და მედეგობის გასაზრდელად ყველა საჯარო მონაცემი და მომსახურება უცხოეთში, Cloud პლატფორმებზე გადაიტანა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის უწყვეტი მიწოდებისთვის სატელიტები გამოიყენა.

 

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში 0.84-ს, ხოლო ელ-ჩართულობის ინდექსისთვის 0.72-ს უდრის.

 

მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის, ჯამში, 11 ქვეყანას შორის, ელ-მმართველობის მხრივ საქართველოს მე-8, ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ მე-9 ადგილები უკავია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველოს ელ-მმართველობის რეიტინგში, იმავე ქვეყნებს შორის მე-7 ადგილი ეკავა, ხოლო ელ-ჩართულობაში ისევ მე-9 ადგილზე იყო.  ამ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს შედეგები დეტალურად განხილულია ქვემოთ.

 

წლევანდელი შედეგებით, ელ-მმართველობის კომპონენტში საქართველო მხოლოდ მოლდოვას, აზერბაიჯანს და ბელარუსს უსწრებს, ხოლო ელ-ჩართულობის ქულებით, მხოლოდ ბელარუსისა და აზერბაიჯანის შედეგებს აღემატება.

 

2024 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. მართალია, საქართველოს ქულები ორივე ინდექსში მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის პოზიციური უკუსვლა გლობალურ რეიტინგში ამ მიმართულებით განვითარების მნიშვნელოვან შენელებაზე მეტყველებს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს უფრო ამბიციური დღის წესრიგი და გაითვალისწინოს ელ-მმართველობის უახლესი საერთაშორისო ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები. ქვეყნის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის მეტი უზრუნველყოფა, ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2018 წლის შემდეგ არ აქვს ციფრული მმართველობის სტრატეგია. 2024 წელს საჯარო კონსულტაცია გამოცხადდა 2024-2029 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, თუმცა სტრატეგია ჯერაც არ დამტკიცებულა.

 

ზოგადი ინფორმაცია ელექტრონული მმართველობის გლობალური კვლევის შესახებ

ელექტრონული მმართველობის კვლევა მზადდება ორ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის, საჯარო დაწესებულებებისა და ციფრული მთავრობის განყოფილების (Public Institutions and Digital Government - (DPIDG)) მიერ (გაერო - UN). ეს არის ერთადერთი კვლევა მსოფლიოში რომელიც გაეროს წევრ 193 ქვეყანაში აფასებს ორ რეიტინგს: ელ-მართველობის განვითარების ინდექსსა და  ელ-ჩართულობის ინდექსს.

 

გაეროს კვლევის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

 

ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი

 

ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევრები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:

 

1. ონლაინ სერვისები - ფასდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამთავრობო ვებგვერდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული პორტალების, ელ-სერვისებისა და ჩართულობის ელ-პლატფორმების არსებობას. საგულისხმოა, რომ საქართველოს სწორედ ამ კომპონენტში აქვს ქულის მნიშნველოვანი კლება - -0.1 და წლევანდელი შედეგი (0.57 ქულა) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი ქვეყანას ამ კომპონენტში ჰქონია. 0.57 ქულით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ევროპის (0.78), ისე აზიისა (0.64)  და მსოფლიოს (0.58) საშუალო მაჩვენებლებს.

 

ელ-მმართველობის ინდექსი ეროვნულ დონეზე შეფასებასთან ერთად, 2022 წლიდან ყველა ქვეყნის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქების ონლაინ სერვისებსაც აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ინდექსმა თბილისი შეაფასა. დედაქალაქმა 2022 წლის ქულასთან შედარებით (0.65), 2024 წელს დაბალი ქულა (0.59) ქულა მიიღო. 12 პოზიციით გაუარესდა ქალაქის მსოფლიო რეიტინგიც და 193 ქვეყნის ქალაქებიდან 62-ე ადგილს იკავებს.

 

2. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს კომპონენტი, თავის მხრივ, შემდეგ ქვე-კომპონენტების მოიცავს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობას, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვს, მობილური ინტერნეტის ფასს და სხვა. მართალია, წინა შეფასებისგან განსხვავებით, 0.2-ითაა გაზრდილი საქართველოს ქულა, თუმცა ამ კომპონენტშიც ქვეყნის შეფასება ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (საქართველო - 0.91 ქულა; ევროპა - 0.92 ქულა). აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტში ყველაზე ცუდი შეფასება საქართველომ მობილური ინტერნეტის ფასში მიიღო, რომელიც როგორც აზიისა და ევროპის საშუალო მაჩვენებელს, ისე მსოფლიოს საშუალო ქულასაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება (საქართველო - 1, მსოფლიო - 5). რეგიონულ და გლობალურ საშუალო მაჩვენებელს საქართველო ასევე ჩამორჩება ფიქსირებული ინტერნეტის ფასის მაჩვენებელშიც.

 

3. ადამიანური კაპიტალი – რა პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები. 2016 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეს მაჩვენებელი მუდმივად მზარდი იყო, თუმცა, წლევანდელი ანგარიშით, წინა წელთან შედარებით ამ კომპონენტის შეფასება 0.03 ქულით არის გაუარესებული.

 

ელექტრონული ჩართულობის ინდექსი

 

ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:


1. ელ-ინფორმაცია: რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;

 

2. ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

 

3. ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.

 

ამ სამი კომპონენტიდან საქართველოს ქულა ელ-ინფორმაციისა და ელ-კონსულტაციის კომპონენტებში საგრძნობლად შემცირდა. შედარებისთვის, 2022 წლის მონაცემებით, ელ-ინფორმაციაში საქართველოს ქულა იყო 0.71, ხოლო ელ-კონსულტაციაში — 0.43, წლევანდელი ანგარიშით კი, პირველ კომპონენტში ქვეყანამ 0.44 ქულა მიიღო, ხოლო მეორეში — 0.21. ელ-გადაწყვეტილების მიღებაში კი ქვეყნის შეფასება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და წინა შეფასების 0.1 ქულიდან 0.68-მდე არის გაზრდილი.

 

 

მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნები და საქართველო

 

საქართველოს მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნებს შორის (ჯამში, 11 ქვეყანა) ყველაზე კარგი შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით ესტონეთს, აქვთ, ასევე — თურქეთსა და უკრაინას. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუმჯობესების ხარისხის მხრივ, ელ-მმართველობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა სომხეთმა (0.1-ით), თურქეთმა (0.09) და უკრაინამ (0.08) აჩვენეს.

 

საქართველოსთან მიმართებაში ამ ქვეყნების პროგრესის შეფასებისთვის აუცილებელია ელ-მმართველობის თითოეულ კომპონენტში მათი მიღწევების შესწავლა. მართალია, ელ-მმართველობის ინდექსით საქართველო ხსენებულ 11 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა, მაგრამ ონლაინ სერვისების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი (0.57) ყველა სხვა ქვეყნისას ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ სერვისების დანერგვისა და გამოყენების კუთხით საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო, არამდე რეგიონულ ტენდეციებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

 

რეგიონში შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს საქართველოს ადამიანური კაპიტალის კომპონენტში. ამ მხრივ საქართველოს 11 ქვეყნიდან მე-5 ადგილი უკავია. ყველაზე კარგი შედეგები ამ კომპონენტში ესტონეთს, თურქეთს, ლიეტუვასა და ლატვიას აქვთ. 

 

შედარებით კარგი შედეგი რეგიონში საქართველომ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის კომპონენტშიც აჩვენა და რეგიონის 11 ქვეყნიდან მე-6 ადგილზე გავიდა. ამ კომპონენტში შედარებით უკეთესი მაჩვენებლების მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დაბალია ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული წილი საქართველოში. კერძოდ, ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 78% იყენებს ინტერნეტს მაშინ, როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 89.49%-ია. საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვას უსწრებს. ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული წილით კი ლატვია, ესტონეთი და რუსეთი ლიდერობენ. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

 

ელ-ჩართულობის კუთხით გლობალურ რეიტინგში პოზიციურ უკუსვლასთან ერთად საქართველომ დაბალი შედეგი რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც აჩვენა და ამ მიმართულებით 0.56 ქულით მხოლოდ ბელარუსსა და აზერბაიჯანს უსწრებს. ამ ინდექსში ყველაზე დიდი ზრდა რეგიონში უკრაინამ (+0.4 ქულა, პირველი ადგილი გლობალურ რეიტინგში), ლიეტუვამ (+0.3, 21-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში) და სომხეთმა (+0.3, 48-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში) აჩვენეს.

 

 

გლობალური ტენდენციები და საქართველო

 

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ელ-მმართველობის გლობალური ინდექსის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნების აქტიური გაციფრულების პოლიტიკით და, მეორე მხრივ, საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის და სხვა ავტომატიზირებული საშუალებების დანერგვით შეიძლება, აიხსნას. შესაბამისად  როგორც ელ-მმართველობაში, ისე ელ-ჩართულობაში საქართველოს ქულების გაუმჯობესების მიუხედავად ქვეყნის პოზიცია მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა. გლობალური ტენდენციების ფონზე ანგარიში საქართველოს ძალიანი მაღალი ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის ინდექსის ქვეყნების რიგს მიაკუთვნებს; ელ-მმართველობის ინდექსის ჯამური ქულითაც საქართველო მაღალი ინდექსის ქვეყნებში შედის, თუმცა განვითარების ტენდენციების გათვალისწინებისთვის, საქართველოს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება:

 

 - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (მათ შორის დაბალი ფასების კუთხით) და საჯარო სერვისების სრული გაციფრულება;

 

 - ციფრული განვითარებისთვის, განსაკუთრებით, მოწინავე ტექნოლოგიების მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება;

 

 - ელ-გადაწყვეტილების პროცესის გაძლიერება და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა;

 

 - რეგიონებს შორის ციფრული უთანასწორობის გამოსწორება;

 

 - კიბერუსაფრთხოების გაძლიერება;

 

 - ციფრული სტრატეგიების ჩამოყალიბება და მათი ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;

 

 - ახალი ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი, გამოყენება განსაკუთრებით, ჭკვიანი ქალაქების კონცეფციის განვითარებისას.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ავტომატიზირებული საშუალებების საჯარო სექტორში დანერგვას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების, პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობა აფერხებს. საქართველოც ქვეყნების იმ რიგს განეკუთვნება, რომელსაც არ აქვს არც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზოგადი ხედვა, სტრატეგია და არც რაიმე პოლიტიკის დოკუმენტი მსგავსი ტექნოლოგიების საჯარო სექტორში დანერგვისთვის. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა, რათა ქვეყანა მსოფლიოს ამ ახალ ტენდეციას არ ჩამორჩეს.

 

 

დასკვნა

 

2024 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. მართალია, საქართველომ ელ-მმართველობისა და ელ-ჩართულობის ინდექსების ქულები გაიუმჯობესა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში ორივე მიმართულებით რეგრესი განიცადა. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის მეტი უზრუნველყოფა, ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება. ასევე საჭიროა, ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე და ამ მიმართულებით სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაზე. ანგარიშის მიხედვით, არაერთ ქვეყანაში საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ავტომატიზირებული საშუალებების დანერგვამ ხელი შეუწყო ციფრული მმართველობის განვითარებას. ამის მისაღწევად აუცილებელია  შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს, ერთიანი ხედვისა და პოლიტიკური ნების არსებობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024