ძირითადი მიგნებები
საქართველოში ეკონომიკურ თავისუფლებას heritage Foundation-ი 1996 წლიდან აფასებს. 30 წლის განმავლობაში ქვეყანა იყო როგორც “რეპრესირებული“, ასევე „უმეტესად არათავისუფალი“, „ზომიერად თავისუფალი“ და „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში, თუმცა სრულად „თავისუფალი“ ეკონომიკის სტატუსი ქვეყანას არ ჰქონია. 2022 წლის შემდგომ, ქვეყნის ქულა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ქვეყანამ „ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში გადაინაცვალა, თუმცა აღსანიშნია ისიც, რომ კოვიდ პანდემიის შემდგომ, რეიტინგში სტაგნაცია არაერთმა ქვეყანამ განიცადა. 2025 წლის ინდექსში საქართველოს ქულა მცირედით - 0.6-ით გაუმჯობესდა და 69 შეადგინა - შედეგად ქვეყანა კვლავ “ზომიერად თავისუფალი” სტატუსისს ქვეყნების სიაშია. 2021 წელთან შედარებით, როდესაც საქართველო “უმეტესად თავისუფალი” ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს იკავებდა, სარეიტინგო ქულა 8.2-ით არის შემცირებული.
საქართველოს ინდექსში “თავისუფალი” სტატუსი მხოლოდ ორ ქვეკომპონენტში - “საგადასახადო ტვირთი”, “სავაჭრო თავისუფლება” - აქვს. “უმეტესად თავისუფალი” სტატუსი ქვეყანას სამ ქვეკრიტერიუმში აქვს - “ბიზნესის თავსუფლება”, “მთავრობის ხარჯები” და “ფისკალური სიჯანსაღე”. ხუთ ქვეკრიტერიუმში საქართველოს “ზომიერად თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი აქვს - “საკუთრების უფლება”, “მონეტარული თავისუფლება”, “შრომის თავისუფლება”, “ინვესტიციების თავისუფლება”, “ფინანსური თავისუფლება”. ორი ქვეკრიტერიუმის შემთხვევაში კი “უმეტესად არათავისუფალის” - კერძოდ “მთავრობის სანდოობისა” და “სასამართლო ეფექტურობის” მიმართულებით.
ბოლო წლებია მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას განიცდის - თუკი 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა 34 ადგილზეა, 2021 წელს 12-ე ადგილზე იყო. 2025 წელს საქართველო ეკონომიკური თავისუფლებით 2012 წლის მაჩვენებელზე დაბრუნდა.
წინა წელთან შედარებით, უცვლელია საქართველოს პოზიცია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის და ის მე-19 ადგილს იკავებს, თუმცა მაგალითად 2020-2021 წლებში ქვეყანა მე-7 ადგილზე იყო, 2017 წელს კი მე-5-ე ადგილზე. ევროპის რეგიონს მასშტაბით 2010 წელსაც საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა ვიდრე 2025 წელს.
2025 წელს ყველაზე დიდი ვარდნა საქართველოს ინვესტიციების თავისუფლების კრიტერიუმში ქონდა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს 2008-2013 წლებში უმეტესად თავისუფალის, ხოლო 2014 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მუდმივად “თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი ჰქონდა, თუმცა 2025 წლის რეიტინგში ქვეყნის ქულა მკვეთრად გაუარესდა (-20 ქულა) და ქვეყანამ “ზომიერად თავისუფალი” ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
საქართველოს 2025 წლის ინდექსში ყველაზე ცუდი შედეგი “მთავრობის სანდოობისა” და “სასამართლოს ეფექტურობის” ქვეკომპონენტში აქვს, საშუალო ქულაზე ყველაზე დადებით გავლენას კი ისეთი რაოდენობრივი მონაცემები ახდენს როგორიცაა მაგალითად - “საგადასახადო ტვირთი” და “თავისუფალი ვაჭრობა”, ასევე “ფისკალური სიჯანსაღე”. აღსანიშნავია რომ “მთავობის სანდოობის” და “სასამართლოს ეფექტურობის” კრიტერიუმებში საქართველოს არასდროს ჰქონია “უმეტესად თავისუფალი” ან “თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი, რაც მიუთითებს რომ მიუხედავად ეკონომიკური პარამეტრების ლოგიკურ ზღვრებზე შენარჩუნებისა, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტად განვითარებულია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ 2025 წლის რეიტინგი 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ეყრდობა, რის შემდგომაც ქვეყანამ დემოკრატიის გზაზე არაერთი მიმართულებით ვარდნა განიცადა - საერთაშორისო თანამეგობრობამ დაასანქცირა მთავრობის წარომომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და მოსამართლეები; ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი - აღნიშნულ ფაქტორებს კი მომდევნო წლის ინდექსში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არარაოდენობრივი მონაცემების ფორმირებაზე. ასევე - ინდექსი არაერთი კრიტერიუმის ფორმირებაში უმაღლეს ქულას ანიჭებს ეკონომიკებს სადაც გარკვეული ტიპის საკითხები სრულად რეგულირების გარეშეა - ასე მაგალითად, “შრომის თავისუფლების” ქვეკომპონენტში ქვეყნის ქულა შრომის კანონმდებლობის მოწესრიგების პარალელურად გაუარესდა, მიუხედავად იმისა რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებების განსაზღვრა და რეგულირება ქვეყანაში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მოიაზრებოდა. სწორედ ამიტომ თავად ორგანიზაციაც მიუთითებს რომ არის შემთხვევები როდესაც ქვეყნის ქულა “ხელოვნურად” იზრდება ან მცირდება. საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკების ზრდისთვის კი ფისკალურ სიჯანსაღესთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რამაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას უნდა შეუწყოს ხელი. თუკი გავითვალისწინებთ საქართველოში FDI-ის არასახარბიელო მოცულობას, რთული სათქმელი იქნება რომ დღეს ინვესტორებს აქვთ განცდა რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში საკუთარი ინვესტიციის დაცვა და სასამართლოში “სიმართლის პოვნა” შესაძლებელია.
/public/upload/0000_LIZA/sagareo vachroba/heritage (1).pdf
ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან
07.03.2025