საქართველო კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები | სტატია 27 ოქტომბერი 2016

 

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

ოქტომბრის შუა რიცხვებში „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) მიერ გამოქვეყნდა 2016 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი (Rule of Law Index). რეიტინგი მოიცავს 113 ქვეყანას მათ შორის საქართველოს. რეიტინგის თანახმად 2016 წელს საქართველოში კანონის უზენაესობის ინდექსი 0,65 ქულით არის შეფასებული. მოცემული შედეგით ქვეყანა 34-ე ადგილზეა შეფასებულ 113 სახელმწიფოს შორის. 0.65 ქულა მიიღო საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 2015 წელსაც, 2014 წელს - 0,53, ხოლო 2012 – 0,48 ქულა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსით შეფასებულ იქნა 102 ქვეყენა, რომელთა შორისაც საქართველოს 29-ე პოზიცია ეკავა, 2014 წელს კი შეფასებულ 99 ქვეყანას შორის საქართველომ 31-ე ადგილი დაიკავა.  კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში ლიდერობენ სკანდინავიის ქვეყნები: დანია, ნორვეგია და ფინეთი 0,89, 0,88 და 0,87 ქულებით.

 

 

„მსოფლიო სამართლის პროექტი“ წარმოადგენს, ვაშინგტონში დაფუძნებულ დამოუკიდებელ მულტიდისციპლინარულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მსოფლიო მასშტაბით კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნებისთვის. ორგანიზაცია 2010 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსს (გამონაკლისს 2013 წელი წარმოადგენდა, როდესაც კანონის უზენაესობის ინდექსი არ გამოქვეყნებულა). საქართველო „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ პირველად 2012 წელს შეფასდა. კანონის უზენაესობის ინდექსი ემყარება მოსახლეობისა და დამოუკიდებელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგებს თითოეული ქვეყნის მსხვილ დასახლებებში (იხილეთ საქართველოში გამოკითხულ ექსპერტთა სია). საქართველოს შემთხვევაში მკვლევარებმა ინტერვიუები ჩაატარეს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.


„მსოფლიო სამართლის პროექტის“ ინდექსი ეფუძნება შეფასებას რვა კომპონენტის მიხედვით, რომლებიც კანონის უზენაესობის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. ესენია: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებების დაცვა, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. მოცემულ რვა კრიტერიუმს შორის 2016 წელს საქართველომ ყველაზე მაღალი - 0,78 შეფასება დაიმსახურა წესრიგისა და უსაფრთხოების კომპონენტში, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამოუვარდება 2015 წლის მონაცემებს, როდესაც საქართველოში წესრიგი და უსაფრთხოება 0,83 ქულით იყო შეფასებული. ყველაზე დაბალი შეფასება ქვეყანას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხრივ აქვს - 0,56 ქულა. თუცა ამ შემთხვევაში შეიმჩნევა გაუმჯობესება წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველო მოცემულ კომპონენტში 0,54 ქულით იყო შეფასებული. 2016 წელს გაუმჯობესება შეიმჩნევა ასევე ისეთ კრიტერიუმებში როგორიც არის ღია მმართველობა - მაჩვენებელი გაიზარდა 0,61-დან 0,63 ქულამდე და ფუნდამენტური უფლებების დაცვა - მაჩვენებელი გაიზარდა 0,64-დან 0,68 ქულამდე. ამასთან 2015 წელთან შედარებით 0,63-დან 0,61 ქულამდე დაეცა სამოქალაქო მართლმსაჯულების მაჩვენებელი.

 

 

აღსანიშნავია, რომ კანონის უზენაესობის ინდექსი იძლევა ქვეყნის რეიტინგის ხილვის საშუალებას რეგიონული მასშტაბითაც. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს გარდა გაერთანებულია კიდევ 12 სახელმწიფო (რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი). კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად საქართველო უპირობო ლიდერია საკუთარ რეგიონში - 0,65 ქულით და მას საგრძნობლად ჩამოუვარდება რეგიონში რეიტინგით მეორე ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა - 0,56 ქულა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგით შეფასებულ მეზობელ ქვეყნებს რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ - 0,45 და 0,43 ქულა.

 

 

მოცემულ სტატიაში მოკლედ იქნება მიმოხილული კანონის უზენაესობის ინდექსის რვა კრიტერიუმის არსი და განხილული იქნება საქართველოს შეფასება თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან 2016 წლის მაჩვენებლები შედარებულ იქნება 2015, 2014 და 2012 წლების მაჩვენებლებთან.

 

1. მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა


მოცემული ინდიკატორი აფასებს თუ რამდენად არიან ქვეყნის მმართველი პირები ანგარიშვალდებულნი კანონის წინაშე, არის თუ არა სახელმწიფო შტოებს შორის უფლებამოსილება გადანაწილებული იმგვარად, რომ არცერთი სახელმწიფო ორგანო არ ახორციელებდეს საკუთარ საქმიანობას შესაბამისი კონტროლის არსებობის გარეშე, დგება თუ არა პოლიტიკური თანამდებობის პირთა პასუხიმგებლობა მსგავსი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების ცვლილების პროცესი, რამდენად ხორციელდება სახელმწიფოს კონტროლი არასამთავრობო სექტორისა და მედიის მიერ.


მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კრიტერიუმი საქართველოში 2012 წლიდან დღემდე სტაბილურად იზრდებოდა. მოცემულ ინდიკატორში საქართველომ 2012 წელს 0,48 ხოლო 2016 წელს კი საგრძნობლად მაღალი 0,62 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა გაუმჯობესება არ შეიმჩნევა წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა აგრეთვე 0,62 ქულით შეფასდა. მოცემული კრიტერიუმით საქართველო პირველია რეგიონში.

 

 

2. კორუფციის არარსებობა


კორუფციის არარსებობის ინდექსი აფასებს ქვეყანაში, როგორც მექრთამეობის ისე ელიტური კორუფციის დონეს. მოცემული მიზნისთვის ანალიტიკოსები იკვლევენ მოსახლეობისა და ექსპერტების მოსაზრებებს სამი ძირითადი მიმართულებით: მექრთამეობა, კერძო თუ საჯარო სექტორიდან მომდინარე არასათანადო ზეგავლენა და საჯარო ფინანსების უკანონო გაფლანგვა/მითვისება. აღნიშნულ კომპონენტში კორუფციის ხარისხი ფასდება სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო და საპოლიციო სექტორებს.


სამწუხაროდ კორუფციის არარსებობის კრიტერიუმში უარყოფითია ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოში. თუ 2012 წელს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა 0,77 ქულით შეფასდა, მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა 2014 წელს (0,71 ქულა). მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 2015 -2016 წლებში, როდესაც კორუფციის არარსებობა ქვეყანაში 0,73 ქულით შეფასდა. მიუხედავად ამისა საქართველო დღეის მონაცმებით კვლავაც საგრძნობლად ჩამოუვარდება 2012 წელს დაფიქსირებულ 0,77 ქულიან ინდექსს. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოში კორუფციის არარსებობა ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული ჩვენს რეგიონში.

 

 

3. ღია მმართველობა


ღია მმართველობის ინდიკატორში მაღალი ქულით ფასდებიან ის სახელმწიფოები სადაც საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სახელმწიფოს საქმიანობის შესახებ და სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სახელმწიფო მმართველობის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში. კერძოდ, ფასდება ქვეყანაში საკანონმდებლო აქტების გამოქვეყნების, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებების დაკმაყოფილების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისა და პეტიციის უფლების განხორციელების პრაქტიკა.


უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კრიტერიუმისგან, ღია მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით დაფიქსირებულია დადებითი დინამიკა . მოცემული მაჩვენებელი წლების განმავლობაში სტაბილურად მატულობდა და 2016 წელს საქართველოში ღია მმართველობა, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი 0,63 ქულით შეფასდა. გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ მიმდინარე წლის მონაცემებს შევადარებთ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში ღია მმართველობის ინდექსი მხოლოდ 0,47 ქულას შეადგენდა. ამავე დროს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ღია მმართველობის კრიტერიუმში კვალავაც საქართველო ლიდერობს. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ წარმატებულია საქართველოს მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივაში (OGP). საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას შეუერთდა 2011 წლის სექტემბერში და მას შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა OGP-ს მიზნების მიღწევის გზაზე. 2014 წელს საქართველო პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ქვეყანამ უკვე მესამე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და შესასრულებლად 26 ახალი ვალდებულება აიღო.

 

 

4. ფუნდამენტური უფლებების დაცვა


იქიდან გამომდინარე, რომ კანონის უზენაესობის ინდექსის ყველა სხვა კრიტერიუმი მჭიდრო კავშირშია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მოცემული ინდიკატორი კონკრეტულად ფოკუსირდება ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციით განმტკიცებულ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, როგორიც არის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება, დასაქმებულთა უფლებები, იძულებითი და ბავშვთა შრომის აკრძალვა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ბრალდებულის უფლებები.

 

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ შეფასების თანახმად საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის ხარისხმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2014 წელს მიაღწია და ის 0,58 ქულას გაუტოლდა. ამის შემდეგ მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებდა 2015, 2016 წლებში და ბოლო შეფასებით მან 0,68 ქულა შეადგინა. საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ წამყვანი პოზიცია უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

 

5. წესრიგი და უსაფრთხოება


წესრიგისა და უსაფრთხოების კრიტერიუმით ფასდება საზოგადოების შესაძლებლობა უზრუნველყოს ინდივიდებისა და კერძო საკუთრების უსაფრთხოება. სახელმწიფოში წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა. აღნიშნული ინდიკატორი აფასებს თუ რამდენად ეფექტურად ებრძვის სახელმწიფო საზოგადოების წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს: ტერორიზმს, ჯგუფურ ძალადობას, რეკეტულ დაჯგუფებებს და სხვა. ყურადღება ექცევა იმას თუ პირადი ხასიათის პრობლემების გადაჭრის მიზნით რამდენად მიმართავს საზოგადოება ძალადობას.


მიუხედავად იმისა, რომ წესრიგისა და უსაფრთხოების კომპონენტში საქართველომ 2016 წელს, სხვა ინდიკატორებს შორის, ყელაზე მაღალი 0,78 ქულიანი შეფასება მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული წინა წლებთან შედარებით. 2015 წელს ქვეყანაში წესრიგი და უსაფრთხოება 0,83 ქულით იყო შეფასებული, ხოლო 2014 წელს კიდევ უფრო მაღალი 0,85 ქულით. საქართველოს წესრიგისა და უსაფრთხოების კრიტერიუმში სხვა ინდიკატორებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს რეგიონული მასშტაბით, და თუ ის თითქმის ყველა სხვა კრიტერიუმით რეგიონის ლიდერია, წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორით მხოლოდ მესამე პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 

6. სარეგულაციო აღსრულება

 

კანონის უზენაესობის შემადგენელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სამართლებრივი რეგულაციების პრაქტიკაში იმპლემენტაცია და აღსრულება წარმოადგენს. შესაბამისად აღსრულების ინდიკატორი აფასებს თუ, რამდენად აღასრულებს სახელმწიფო სამართლებრივ რეგულაციებს, არის თუ არა პროცესი თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან, რამდენად ეფექტურად და დროულად ხორციელდება იმპლემენტაციის მექანიზმები, როგორ მიმდინარეობს კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია და ეძლევათ თუ არა მესაკუთრეებს სამართლიანი კომპენსაცია.

 

სარეგულაციო აღსრულების ინდიკატორში საქართველოს ყველაზე დაბალი 0,57 ქულიანი შეფასება 2014 წელს ქონდა. 2015, 2016 წლებში მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და 0,62 ქულა შეადგინა. მიუხედავად ამისა, არსებული მდგომარეობა ჩამოუვარდება 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც აღსრულების მექანიზმები საქათველოში სხვა წლებთან შედარებით ყველა მაღალი 0,63 ქულით შეფასდა. საქართველოში სარეგულაციო აღსრულების მექანიზმი რეგიონში ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული.

 

7. სამოქალაქო მართლმსაჯულება


მოცემული ინდიკატორი აფასებს სამოქალაქო მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტურობას სახელმწიფოში. თავის მხრივ ეფექტური სამოქალაქო მართლმსაჯულების ელემენტებს შეადგენენ ისეთი ფაქტორები როგორიც არის: ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა, დისკრიმინაციისა და კორუფციის არ არსებობა, დროულობა და ეფექტური აღსრულება.


2016 წლის მონაცმებით საქართველოში სამოქალაქო მართლმსაჯულება 0,61 ქულით არის შეფასებული. აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია 2015 წელთან შედარებით, როდესაც სამოქალაქო მართლმსაჯულება საქართველოში 0,63 ქულით იყო შეფასებული. 2012-2016 წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი შეფასება მოცემულ ინდიკატორში საქართველომ 2014 წელს მიიღო - 0,59 ქულა. აღსანიშნავია, რომ მოცემული კრიტერიუმით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ადგილია უკავია ბელარუსის შემდეგ (0,65 ქულა).

8. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

 

მოცემული ინდიკატორი აფასებს სახელმწიფოში ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არსებობას. ის ეფუძნება ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის ეფექტური საგამოძიებო სისტემისა და ორგანოების არსებობა, ეფექტური და დროული სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან, ბრალდებულთა და მოწმეთა უფლებების დაცვა. ინდიკატორი ყურადღებას ამახვილებს სისტემის მონაწილე ყველა სუბიექტზე - პოლიცია, ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლები.


სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხრივ საქართველოს ყველაზე მაღალი 0,66 ქულიანი შეფასება 2012 წელს ქონდა. ამის შემდეგ მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა და 2014 წელს 0,51 შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინდიკატორი საქართველოში ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და 2015 წელს 0,54, ხოლო 2016 წელს კი 0,56 ქულიანი შეფასება მიიღო. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება რეგიონში უმაღლესი ქულით სწორედ საქართველოს შემთხვევაშია შეფასებული.

 

 

დასკვნა

 

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ ყოველწლიური ინდექსის თანახმად საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2012 წლიდან დღემდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კანონის უზენაესობის მხრივ. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ 2016 წელს საქართველომ იგივე შედეგი აჩვენა რაც წინა - 2015 წელს, შესაბამისად საერთო ჯამში არ შეიმჩნევა გაუმჯობესება ბოლო წლის განმავლობაში. კანონის უზენაესობის ინდექსის რვა კომპონენტს შორის ქვეყანაში მნიშვნელოვანი გაუარესება შეიმჩნევა წესრიგისა და უსაფრთხოების მხრივ. 2015 წელთან შედარებით დაბალი შეფასება აქვს საქართველოს ასევე სამოქალაქო მართლმსაჯულების კომპონენტში. მიუხედავად ამისა, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში მცირედით გაუმჯობესდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანას ღია მმართველობის განვითარების კუთხით აქვს, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივაში ამ კომპონენტში წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა ქვეყნის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ეტაპებზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს პროგრესისკენ სწრაფვას და მოცემულ პროცესში უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის სხვა კომპონენტების დინამიურ განვითარებას და უკეთეს მაჩვენებლებს 2017 წლის კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში. 

%MCEPASTEBIN%

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023