ავტორი: თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველომ 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ კი 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რჩება მრავალი გამოწვევა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია საქართველოს ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც ძირითადად ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანისა და დე ფაქტო მმართველის გავლენით არის გამოწვეული. საკვანძო ინსტიტუტებზე მისი კონტროლი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ქვეყნის წინსვლისათვის ევროკავშირის მოთხოვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ ცენტრალურ და გადაუდებელ პირობად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ პირობების ჩამონათვალში ცალსახად არ არის აღწერილი, თუ როგორ უნდა მიუდგეს საქართველო დეოლიგარქიზაციის რთულ ამოცანას - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვს - პირობები (თავდაპირველად თორმეტი და ამჟამად ცხრა) იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მკაფიო მითითებებია მოლოდინების შესახებ. დამატებით, ვენეციის კომისიის მოსაზრებები იძლევა ევროკავშირის მოლოდინების უფრო კონკრეტულ გაგებას, ხაზს უსვამს ოლიგარქიული გავლენის ჩახშობისათვის სისტემური მიდგომის მნიშვნელობას.
ვენეციის კომისიის მოსაზრება და რეკომენდაციები განსაკუთებით საყურადღებოა. კომისია მოუწოდებს საქართველოს სისტემური და არა ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ. სამწუხაროდ, დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტში ინდივიდუალური მიდგომა იყო გამოყენებული, რამაც შეიძლება ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე პიროვნებების სტიგმატიზაცია გამოიწვიოს. ასეთი მიდგომა იწვევს ადამიანის უფლებების შელახვის და კანონის არათანმიმდევრული გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს. საფრთხე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება იმის გათვალისწინებით, რომ კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა ქვეყნის დეოლიგარქიზაციისათვის, არამედ ოპოზიციური ფიგურების ან თავისუფალი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამგვარი ბოროტად გამოყენება არა მხოლოდ ვერ გადაჭრის უფრო ღრმა სტრუქტურულ საკითხებს, არამედ ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს.
სისტემური მიდგომა, რომლისკენაც ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, მოიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე მიმართულ რეფორმებს, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ფართო ინტერესის მქონე საქმეებში. საქართველოს სასამართლოები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში მიკერძოებულობის აღქმის გამო, განსაკუთრებით მმართველი ელიტისთვის მნიშვნელოვან საქმეებში.სასამართლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხელშეწყობა დეოლიგარქიზაციის მხრივ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.
დამატებითი პრიორიტეტია კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება ოლიგარქიული ძალებისგან ქვეყნის დასაცავად. ამ მხრივ საჭიროა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მანდატის გაძლიერება, რათა სააგენტომ ბაზარზე ოლიგარქიული გავლენით გამოწვეული პრობლემები გადაჭრას. ასევე სისტემური მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია საგადასახადო რეფორმები. ევროკავშირის მოლოდინია, რომ საქართველო გააუქმებს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს და შეღავათებს, რომლებითაც სარგებლობენ ოლიგარქიული სტრუქტურები.
მედიის გამჭვირვალობა კიდევ ერთი სფეროა, სადაც რეფორმები სასწრაფოდ არის საჭირო.მედიასაშუალებები ხშირად ექცევიან ოლიგარქების კონტროლის ქვეშ, რომლებიც ამას იყენებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და დემოკრატიული პროცესების შესუსტებისათვის.მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მედიის ოლიგარქიული გავლენისგან გათავისუფლება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
სისტემური მიდგომა ასევე მოითხოვს წინასაარჩევნო დაფინანსების რეფორმებს, რადგან შემოწირულობები ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო კამპანიებზე ოლიგარქიული კონტროლის შესანარჩუნებლად.დამატებით, სისტემური მიდგომა ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის აუცილებლობას და მოითხოვს უფრო დიდ ძალისხმევას სამთავრობო უწყებების მმართველი ელიტისგან გამიჯვნის მიზნით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მოწოდებული ცხრა დათქმა ფაქტობრივად ასახავს დეოლიგარქიზაციის მიმართ სისტემურ მიდგომას. კონკრეტულად, ცხრა წინაპირობა მიუთითებს, რომ საქართველომ უნდა გაატაროს სასამართლო რეფორმები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.ქვეყანას ასევე მოეთხოვება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, განსაკუთრებით უშიშროების სამსახურებთან მიმართებაში, რათა შეიზღუდოს ოლიგარქიული გავლენები.
დამატებით, ცხრა დათქმა მოითხოვს მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოლიგარქების გავლენის შესაზღუდად.რაც მთავარია, პირობების ჩამონათვალი უპირველეს ყოვლისა იწყება დეზინფორმაციასთან და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევებთან ბრძოლის მოთხოვნით, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ამგვარად, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოწოდებული ცხრა დათქმა უნდა განიხილებოდეს როგორც ევროკავშირის მითითება, რომ სისტემატურად აღმოიფხვრას ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენები.სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ ცხრა დათქმის შესრულება ასევე გამოიწვევს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ არის გასაკვირი, რომ მმართველი პარტიას, რომელიც საქართველოს ყველაზე გავლენიანი ოლიგარქის მითითებებით მოქმედებს, ევროკავშირის მიერ დაყენებული ცხრა დათქმა დამაკმაყოფილებელ დონეზე არ შეუსრულებია. საგადასახადო კანონმდებლობაში „შავი ხვრელის" აღმოფხვრის ნაცვლად, მთავრობამ ცოტა ხნის წინ შეიტანა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლითაც ე.წ. საგადასახადო სამოთხეებიდან (ოფშორული ქვეყნებიდან) გადასახადებისგან გათავისუფლებული გადარიცხვები დაუშვა- რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოლოდინებს. ასევე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რადგან ბიუროს არ გააჩნია საკანონმდებლო მანდატი, რომელიც მას არა მხოლოდ დაბალი დონის კორუფციასთან, არამედ ღრმად ფესვგადგმულ სტრუქტურებთან ბრძოლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული სტრუქტურები იძლევიან ოლიგარქიული კონტროლის შენარჩუნების საშუალებას. ამავდროულად, ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილებაპრემიერის ხელში რჩება. საბოლოოდ, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ძირს უთხრის დემოკრატიის იმ საყრდენებს, რომელთა დაცვასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს.
არსებითი კანონმდებლობის მიღების ნაცვლად, რომელიც ასახავდა დეოლიგარქიზაციის მიმართ სისტემურ მიდგომას, მმართველმა პარტიამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც უფრო დროის მოგების მცდელობას ჰგავს, ვიდრე რეალური ცვლილების განხორციელებისათვის შემოღებულ ზომას.ოლიგარქიული გავლენის აღმოსაფხვრელად პოლიტიკური ნების არარსებობა ხელს უშლის აუცილებელ რეფორმებს, რაც მიუთითებს, რომ მთავრობას არ სურს დაუპირისპირდეს ოლიგარქიული ელიტის ინტერესებს, რომელიც მმართველ გუნდს უჭერენ მხარს.
ამ თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნაა - ის ფუნდამენტურია საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. საბოლოო ჯამში, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ არა მხოლოდ ტექნიკური პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ან დემოკრატიის სასარგებლოდ, ან ოლიგარქიისა და ავტოკრატიის. არჩევანია გასაკეთებელი ევროპულ მომავალსა და საბჭოთა სტილის ტერორის და კორუფციას შორის. შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გაწერილი ცხრა დათქმის შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეფორმები განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ.
------------