საქართველო 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 6 მაისი 2016

2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 178 ქვეყანას შორის საქართველო 23-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების უმეტესობას.


მიუხედავად ზოგადი დადებითი მაჩვენებლისა, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება ფინანსური სექტორის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კონკრეტულად კი საკუთრების უფლების დაუცველობა, სასამართლო დამოუკიდებლობა და კორუფციის მაღალი დონე.

 

ინდექსის შესახებ


ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი შეიქმნა 1995 წელს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის - The Heritage Foundation-ის მიერ.

 

ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 178 ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 10 რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრის მიხედვით, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული:

 

კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, კორუფციისგან თავისუფლება);
• მთავრობის ზომა (ფისკალური თავისუფლება, საბიუჯეტო დანახარჯები);
რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

 

თითოეული პარამეტრი ფასდება 0-დან 100-მდე შკალით, რაც შედეგების პროცენტული სახით გამოხატვის საშუალებას იძლევა (მაგ., 70%-ით თავისუფალი). ქვეყნის საერთო ქულის მისაღებად ათივე პარამეტრს ენიჭება თანაბარი წონა და გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული.


შედეგების შეფასების მიზნით, 100 ქულიანი შკალა დაყოფილია ეკონომიკური თავისუფლების 5 დონედ: თავისუფალი (80-100); უმეტესად თავისუფალი (70-79.9); ზომიერად თავისუფალი (60-69.9); უმეტესად არათავისუფალი (50-59.9); არათავისუფალი (0-49.9). 2016 წლის ინდექსით საქართველოს მიენიჭა „უმეტესად თავისუფალი“ ეკონომიკის სტატუსი.


2016 წლის ინდექსი მოიცავს 2014 წლის მეორე ნახევრისა და 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს.

 

ზოგადი შედეგები


ინდექსის მიხედვით, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკა 72.6%-ითაა თავისუფალი, რითიც 178 ქვეყანას შორის 23-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის 45 ქვეყანას შორის - მე-12 ადგილს. ამ მაჩვენებლით საქართველო ხვდება „უმეტესად თავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში, სადაც ასევე იმყოფებიან ბალტიის ქვეყნები, აშშ და განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი.


საქართველო თითქმის ყველა პარამეტრით უსწრებს მის ოთხივე მეზობელ ქვეყანას და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობას, ხოლო საერთო შედეგით - აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას.

 

 

 

 

უარყოფითი შედეგები


ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან საქართველოს შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს 3 კომპონენტში:


საკუთრების უფლება - 40%


საკუთრების უფლების კომპონენტი თვისობრივი შეფასებაა იმისა, თუ რამდენად არის ქვეყანაში დაცული კერძო საკუთრების უფლება. კომპონენტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის, ექსპროპრიაციის ალბათობასა და სასამართლო დამოუკიდებლობის დონეს.


საქართველოს 40 ქულას ინდექსი შემდეგნაირად ახასიათებს: „სასამართლო სისტემა უაღრესად არაეფექტურია. სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო დაბალია სასამართლოსთვის მიმართვიანობის დონე. არსებობს კორუფცია და სასამართლოზე გავლენას ახდენენ ხელისუფლების სხვა შტოები. ექსპროპრიაცია შესაძლებელია.“

 

კორუფციისგან თავისუფლება - 52%


კონომიკის კორუფციისგან თავისუფლების დონის დასადგენად გამოყენებული არის საქართველოს შედეგი (52 ქულა 100-დან) საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსიდან.


მიუხედავად იმისა, რომ 52% ეკონომიკური თავისუფლების დანარჩენ კომპონენტებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს არ არის ცუდი შედეგი.


კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 100-დან 52 ქულით საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის, რითიც წინ უსწრებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 7 სახელმწიფოს.

 

ფინანსური თავისუფლება - 60%


ფინანსური თავისუფლების კომპონენტი ზომავს საბანკო სექტორის ეფექტიანობას და სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსურ სექტორში ხელისუფლების ჩარევის დონეს.


საქართველოს 60 ქულას ინდექსი შემდეგნაირად ახასიათებს: „სახელმწიფოს ზომიერი ჩარევა. საბანკო და საფინანსო რეგულაციები გარკვეულწილად მძიმეა. მთავრობა ფლობს და აკონტროლებს ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს. გარკვეული შეზღუდვები არსებობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსური მომსახურების გაწევაზე.“

 

დადებითი შედეგები


უმაღლესი ქულა საქართველომ ოთხ კატეგორიაში მოიპოვა. ესენია:


1. ბიზნესის თავისუფლება - 86.5% - რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული შეზღუდვების სიმცირე ბიზნესის დაწყების, კეთებისა და შეწყვეტის დროს.
2. მონეტარული თავისუფლება - 80.5% - ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე და ფასების შეზღუდული კონტროლი სახელმწიფოს მიერ.
3. ვაჭრობის თავისუფლება - 88.6% - იმპორტზე დაწესებული დაბალი ტარიფები და არასატარიფო ბარიერების სიმცირე.
4. ინვესტირების თავისუფლება - 80% - შეზღუდვების ნაკლებობა ინვესტიციების შემოდინება/გადინებაზე.

 

კონტექსტური შედეგები


დანარჩენ სამ კომპონენტში საქართველოს მაჩვენებლები უსწრებს ევროპის ქვეყნების უმეტესობის შედეგებს. ამ შედეგის სწორად აღქმა რეიტინგის კონტექსტის განხილვას საჭიროებს.


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ავტორი ორგანიზაციის - The Heritage Foundation - განცხადებული მისიაა კონსერვატიული საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდექსი სწორად მიიჩნევს დაბალ გადასახადებს, მცირე სახელმწიფო დანახარჯებსა და შრომითი რეგულაციების ნაკლებ სიმკაცრეს, რასაც ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ იზიარებს. საქართველოში არსებული ვითარება კი უფრო ახლოსაა ინდექსის ავტორების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მსოფლმხედველობასთან.

 

ფისკალური თავისუფლება - 87.6%


ფისკალური თავისუფლება გულისხმობს დაბალ გადასახადებს მთავრობის ყველა დონეზე. ამ კომპონენტში დიდი განსხვავებაა საქართველოსა და დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის.


შრომის თავისუფლება - 75.7%


კომპონენტი ზომავს, თუ რამდენად მკაცრია შრომის ბაზრის რეგულაციები, კერძოდ, მინიმალური ხელფასის, დროებითი გათავისუფლების, იძულებითი განაცდურის კომპენსაციის და სამუშაო საათების რეგულაციები.


ამ კომპონენტში საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესობას უსწრებს, რადგან მისი რეგულაციები ნაკლებად მკაცრია.


საბიუჯეტო დანახარჯები - 75.3%


ქვეყნების შესადარებლად ინდექსმა გამოითვალა, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს შეადგენს მათი სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა. საქართველოს სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა მშპ-ს 28%-ია მაშინ, როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი 43%-ს სცილდება.


ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯი ეკონომიკისთვის არასასურველ ტვირთს წარმოადენს. რის გამოც, ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც მშპ-ს ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ, მეტი ქულა ენიჭებათ.


ინდექსის ავტორები აღიარებენ, რომ არჩეული მიდგომის გამო ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც მწირი ფინანსური რესურსები გააჩნიათ, შესაძლოა ხელოვნურად მაღალი ქულები მიიღონ.

 

 

 

 

დასკვნა


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგების გათვალისწინება რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:


1. ხშირ შემთხვევაში, ინვესტორები სწორედ ასეთი ტიპის ინდექსების შედეგების საფუძველზე იღებენ ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდების გადაწყვეტილებას.

2. ინდექსის 22 წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები, როგორც წესი, არიან უფრო დემოკრატიულები, ხოლო მათი მოსახლეობა - უფრო მდიდარი, ჯანმრთელი და განათლებული.

3. ინდექსის გაცხადებული მიზანია გამოავლინოს სისუსტეები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო რესურსების ყველაზე საჭირო მიმართულებებით მიმართვა.


მიუხედავად ზოგადი დადებითი მაჩვენებლისა, საქართველოსთვის კვლავ რჩება გამოწვევად ფინანსური სექტორის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაბალი დონე, კონკრეტულად კი საკუთრების უფლების დაუცველობა, კორუფციის დონე და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობა.


შესაბამისად, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით რეფორმების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024